უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პირველად 9 მაისის აღლუმი მოსკოვში ტექნიკის გარეშე ჩაივლის
უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ პირველად მიმდინარე წლის 9 მაისის სამხედრო აღლუმი წითელ მოედანზე სამხედრო ტექნიკის დემონსტრაციის გარეშე ჩატარდება.
ვითარების არსი: ამის შესახებ საუბარია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
- შეტყობინებაში ნათქვამია, რომ წლევანდელ აღლუმში მონაწილეობას არ მიიღებენ საკადეტო სასწავლებლის სტუდენტები და სამხედრო ტექნიკის კოლონა და რომ გადაწყვეტილება "შექმნილ ოპერატიულ ვითარებას" უკავშირდება.
- წლევანდელ აღლუმში მონაწილეობას მხოლოდ ქვეითი კოლონები და საავიაციო დანაყოფები მიიღებენ.
წინარეისტორია: რუსეთში 9 მაისზე ყოველწლიური სამხედრო აღლუმების ტრადიცია 1995 წელს აღადგინეს, თუმცა სამხედრო ტექნიკის დემონსტრაციის ტრადიცია 2008 წლიდან აღდგა და ამ დრომდე ყოველწლიურად აღლუმის ცენტრალურ მონაკვეთად მიიჩნეოდა.
- "ეს არ არის იარაღის ჟღარუნი. ჩვენ უბრალოდ წარმოვადგენთ ჩვენს მიღწევებს სამხედრო სფეროში"- ამბობდა ვლადიმირ პუტინი სამხედრო კოლონების მონაწილეობის აღდგენის გადაწყვეტილების დაანონსებისას 2008 წელს.
კონტექსტი: აპრილის დასაწყისში Z-ბლოგერი FlighterBomber, რომელსაც რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სათადარიგო მფრინავი, ილია ტუმანოვი მართავს წერდა, რომ "აღლუმის სახეცვლილება" სამინისტრომ უკრაინის მიერ შექმნილი შორეული რადიუსის რაკეტების გამო გადაწყვიტა.
- წელს დაგვიანებით ჩატარდა აღლუმის პირველი რეპეტიციაც, რომელიც როგორც წესი აპრილის ბოლო კვირას იმართება ხოლმე.