Bloomberg: რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ ტრამპს მარკო რუბიომ უბიძგა
რუსეთის უმსხვილესი სანავთობო კომპანიებისთვის სანქციების დაწესებისკენ დონალდ ტრამპს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ურჩია - მისი აზრით, კრემლი არ არის მზად დათმობებისთვის და ომის გაჭიანურებას ცდილობს.
ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ ტრამპის გუნდში თავის წყაროებზე დაყრდნობით Bloomberg ავრცელებს - ეს დონალდ ტრამპის მიერ მეორე საპრეზიდენტო ვადაში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული პირველი სანქციებია.
- წყაროების ცნობით, სერგეი ლავროვთან - პრეზიდენტების სამიტის მოსამზადებელი შეხვედრა - რუბიომ მასთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ გააუქმა.
- საუბრის შედეგად სახელმწიფო მდივანს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ კრემლის პოზიცია უცვლელია და რუსეთი არ განიხილავს დაუყოვნებლივ ზავს.
- "რუბიოს როლი რუსეთისადმი ადმინისტრაციის მიდგომის შეცვლაში, დიპლომატის მზარდ შიდა გავლენაზე მეტყველებს"- ნათქვამია Bloomberg-ის მასალაში.
ჩაშლილად: კრემლში Bloomberg-ის წყაროს ცნობით, ტრამპთან გამართული ბოლო სატელეფონო საუბრის შემდეგ ვლადიმირ პუტინს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ტრამპი მხარს დაუჭერდა მის მოთხოვნას დონეცკის ოლქიდან უკრაინული ჯარების გაყვანის შესახებ.
- სამიტის მოსამზადებელი კომუნიკაციის ფარგლებში სწორედ ამ შინაარსის დოკუმენტი გაგზავნა კრემლმა თეთრ სახლში.
- წყაროების შეფასებით, კრემლისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, როდესაც მომდევნო დღეს ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპმა კონფლიქტის არსებულ პოზიციებზე გაყინვა მოითხოვა.
დიდი სურათი: წყაროების ცნობით, რუბიოს ხისტი მიდგომა კონტრასტშია პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის მიდგომასთან, რომელმაც წელს პუტინთან 4 ხანგრძლივი შეხვედრა გამართა.
- წყაროების ცნობით, უიტკოფი კვლავ ინარჩუნებს გავლენას რუსეთთან დაკავშირებული შიდა დისკუსიებში - 17 ოქტომბერს დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრაზე, უიტკოფი უკრაინელ ლიდერს ტერიტორიების, კერძოდ კი დონეცკის ოლქის დათმობას სთხოვდა.
- ამასთანვე უიტკოფის როგორც ეფექტური მედიატორის რეპუტაცია ეჭვქვეშ დადგა ალასკის სამიტის შემდეგ - სამიტის მოსამზადებელ ეტაპზე უიტკოფთან კომუნიკაციის შედეგად ადმინისტრაციის არაერთ მაღალჩინოსანს დარჩა შთაბეჭდილება, რომ რუსეთის პრეზიდენტი მზად იყო კომპრომისისთვის.
- დათმობების ნაცვლად დასავლური მედიის ცნობით, ტრამპს პუტინს ისტორიული ლექციის მოსმენა მოუხდა, რამაც ამერიკელი პრეზიდენტი გააღიზიანა და შეხვედრის უცერემონიოდ დასრულებისკენ უბიძგა.
კონტექსტი: ამჯერად ტრამპისა და პუტინის შესაძლო შეხვედრა ამერიკის მხრიდან მარკო რუბიოს უნდა მოემზადებინა - დასავლური მედია წერდა, ეს შვებისმომგვრელი იყო ვაშინგტონის ევროპელი პარტნიორებისთვის და განსაკუთრებით უკრაინისთვის.
- ჰენრი კისინჯერის შემდეგ მარკო რუბიო პირველი ადამიანი, რომელიც სახელმწიფო მდივნის პოსტის პარალელურად ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის უფროსი მრჩევლის მოვალეობას ასრულებს.