23 სექტემბერს, პირად სოციალურ ქსელში (Truth) გამოქვეყნებული პოსტით, დონალდ ტრამპი თავისივე საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დოგმატს დაუპირისპირდა.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის 3.5 წლის განმავლობაში ამერიკელი პრეზიდენტი თანმიმდევრულად ირწმუნებოდა, რომ რუსეთის გამარჯვება, მისი ზომიდან და რესურსებიდან გამომდინარე, გარდაუვალი იყო.
მეტიც — „შენ არ უნდა დაიწყო ომი შენზე 20-ჯერ დიდ ქვეყანასთან“ — ამ და სხვა რეპლიკებით ტრამპმა ომზე პასუხისმგებლობა უკრაინელ პრეზიდენტსაც არაერთხელ გადაუნაწილა. 28 თებერვლის სკანდალურ შეხვედრაზე ამერიკელი პრეზიდენტი გვერდით მჯდომ მოკავშირე ქვეყნის ლიდერს ეუბნებოდა, რომ „მას არ ჰქონდა კარტები“ და მესამე მსოფლიო ომის პროვოცირებაშიც ადანაშაულებდა.
23 სექტემბერს გამოქვეყნებული სკანდალური Truth-ით კი შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ დონალდ ტრამპმა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით 180-გრადუსიანი ბრუნი განახორციელა — თავის პოსტში ამერიკელი პრეზიდენტი წერდა, რომ ევროპის მხარდაჭერით უკრაინას არა მხოლოდ შეუძლია აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა, არამედ უფრო „შორსაც წავიდეს“.
ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის 8 თვის განმავლობაში მისგან მსგავსი შინაარსის განცხადება პირველად გაჟღერდა.
ტრამპის განცხადებებს შესამჩნევი ბრაზით გამოეხმაურნენ მოსკოვში და სიხარულით — ბრიუსელსა და უკრაინაში. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამერიკელი პრეზიდენტი აღარ ემხრობა ტერიტორიების გაცვლის იდეას: „ეს ნამდვილად დიდი ცვლილებაა,“ — ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.
განსხვავებული შინაარსის მიუხედავად, უშუალოდ რიტორიკის მკვეთრ და მოულოდნელ ცვლილებას ტრამპისგან პირველად არ ვხედავთ. ეს არც არის გასაკვირი პრეზიდენტისგან, რომელიც საერთაშორისო არენაზე თავის მთავარ უპირატესობად მის არაპროგნოზირებადობას მიიჩნევს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რთულია თქმა, თუ როგორ უნდა გავიგოთ ტრამპის განცხადება: როგორც ამერიკული ადმინისტრაციის სტრატეგიის ძირეული ცვლილება, თუ მედიაციის პროცესიდან საბოლოოდ გასვლის მომზადება. ამოცანას კიდევ უფრო ართულებს დონალდ ტრამპის ხასიათი, რომელიც მასთან დაახლოებული წყაროების ცნობით, მიდრეკილია აზრის შეცვლისკენ იმის მიხედვით, თუ ვის შეხვდა ბოლოს.
განმარტებითი ბარათის დღევანდელ, პირველ ეპიზოდში შევეცდებით გავერკვეთ ტრამპის რიტორიკის ცვლილების მიზეზებსა და შესაძლო შედეგებში.
"არავის უყვარს, როცა ამცირებენ"
დონალდ ტრამპის რიტორიკული ბრუნის ყველაზე მარტივი ახსნა ის იქნებოდა, რომ დამცირება არავის უყვარს. მოლაპარაკებების გაჭიანურებით, უკომპრომისო პოზიციით და არასერიოზული მოთხოვნებით, გასული 8 თვის განმავლობაში ვლადიმირ პუტინმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ტრამპს თავი დამცირებულად ეგრძნო.
1-საათიან სიტყვაში ტრამპმა არ დამალა, რომ პუტინთან „განსაკუთრებული პერსონალური ურთიერთობების“ გამო ეგონა, რომ ომს იოლად დაასრულებდა, თუმცა მისი თქმით, „სხვა მრავალ კონფლიქტს შორის, რომელიც პერსონალურად დაასრულა, რუსეთ-უკრაინის დაპირისპირება ყველაზე რთული აღმოჩნდა.“
შესაძლოა, ამერიკელი პრეზიდენტი ცდილობს დააწესოს ლიმიტი კრემლის მხრიდან ატანადი დამცირებისა და მისი კეთილგანწყობის ბოროტად გამოყენების მოცულობაზე. შესაძლოა — თუმცა ნაკლებად სავარაუდო. ტრამპის მეორე ვადის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ამ თვალსაზრისით მისი მოთმინების ფიალას საკმაოდ ღრმა ფსკერი აქვს.
ამ შეხედულებას ამყარებს ტრამპის მიერ გასულ თვეებში კრემლისთვის წარდგენილი რამდენიმე ულტიმატუმი, რომლის ღია და ხშირად ცინიკურ დარღვევასაც ამერიკელი პრეზიდენტის რეაქცია არ მოჰყოლია. ცეცხლის შეწყვეტაზე უარის შემთხვევაში ტრამპი რამდენიმეჯერ დაემუქრა რუსეთს ე.წ. მეორადი საბაჟო ტარიფების დაწესებითა და საბანკო სექტორის წინააღმდეგ არსებული სანქციების გამკაცრებით, რომლებიც დღემდე არ ამოქმედებულა.
მეტიც, ამ განცხადებებიდან მალევე დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტს ალასკაზე უმასპინძლა — სამიტის ერთადერთი ხელშესახები შედეგი ის იყო, რომ ტრამპმა უარი თქვა ზავის მოთხოვნაზე და სანაცვლოდ კრემლის პოზიციასთან ახლოს მყოფი „ყოვლისმომცველი სამშვიდობო მოლაპარაკებების“ აუცილებლობაზე ალაპარაკდა.
შემდეგ იყო საუბარი პუტინისა და ზელენსკის პირად შეხვედრაზე, რომლის განხილვაზეც კრემლმა საერთოდაც უარი თქვა — ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მზად არის ზელენსკის მოსკოვში შეხვდეს.
კლასიკური ტრამპი თუ ძირეული ცვლილება?
სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ გასული თვეების განმავლობაში შეიცვალა ტრამპის პოზიცია უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკითხზე და ბოლო ცნობებით ვაშინგტონი მზად არის ევროპული სამხედრო მისია საჰაერო, სადაზვერვო და ლოჯისტიკური მხარდაჭერით უზრუნველყოს, თუმცა ეს მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში.
პოსტში ტრამპი წერს, რომ რუსეთ-უკრაინასთან დაკავშირებული ვითარების სრულად გაცნობისა და გაგების შემდეგ მივიდა დასკვნამდე, რომ უკრაინას გამარჯვება შეუძლია. მართლაც, ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრის დამსწრე უკრაინელი მაღალჩინოსნების თქმით, ამერიკელმა პრეზიდენტმა ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დეტალური ცოდნა გამოავლინა.
New York Times-თან საუბარში ევროპელი დიპლომატები ამბობენ, რომ ტრამპის პოსტში კონფლიქტისგან დისტანცირების მცდელობას ხედავენ. ტრამპის ლექსიკა თითქოს უკრაინის მხარდამჭერია, მაგრამ ამავდროულად არაფერს ამბობს ამ პროცესში ამერიკის ჩართულობაზე. ერთადერთი, რის მზაობასაც ტრამპი გამოხატავს, ევროპელებისთვის იარაღის მიყიდვის გაგრძელებაა, რომელსაც მისი თქმით, „NATO-ს შეუძლია ის უყოს, რაც უნდა.“
პროცესიდან დისტანცირების სურვილზე მიუთითებს პოსტის ბოლო ფრაზა: „ნებისმიერ შემთხვევაში, ორივე ქვეყანას მხოლოდ კარგს ვუსურვებ.“ რამდენიმე საათში პრეზიდენტისგან განსხვავებული პოზიცია გააჟღერა მისმა სახელმწიფო მდივანმა — მარკო რუბიოს თქმით, „მიმდინარე ომს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს და ის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება.“
მართლაც, რთული წარმოსადგენია, თუ როგორ შეძლებს უკრაინა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას დღეს, როდესაც 2023 წელს ფართოდ დააანონსებული კონტრიერიშის ფარგლებში ომამდელ საზღვრებზე გასვლაც ვერ შეძლო. მით უფრო — იმის გათვალისწინებით, რომ მაშინ ამერიკული სამხედრო დახმარება პიკურ მაჩვენებლებზე იყო, ხოლო მას შემდეგ ცოცხალი ძალის ნაკლებობასთან დაკავშირებული პრობლემები მხოლოდ გამწვავდა.
„მაღალი ალბათობით, ეს ტრამპის მხრიდან ემოციებისა და დაგროვილი გაღიზიანების მორიგი ამოფრქვევაა, რომლის ფარგლებშიც ის კიდევ ერთხელ იმუქრება მედიაციის შეწყვეტით და თამაშიდან გასვლით,“ — ნათქვამია The Atlantic-ის მიერ მომზადებულ მასალაში.
ჯერჯერობით, ვერ ვხედავთ ვერანაირ ნიშნებს, რომ ვაშინგტონი მოსკოვზე წნეხის გასაძლიერებლად ემზადება, მათ შორის ვერც გადაწყვეტილებას ახალ სანქციებთან დაკავშირებით.
რესპუბლიკურ პარტიასთან დაახლოებული ტაბლოიდი New York Post ადმინისტრაციაში წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გამკაცრებული რიტორიკით ტრამპი რუსეთის მოლაპარაკებების მაგიდასთან მიყვანას ცდილობს და რომ ეს არ წარმოადგენს პოლიტიკის ძირეულ ცვლილებას.
განგრძობადი ჩიხი
შესაძლოა, თვეები დაგვჭირდეს იმის გასარკვევად, იცვლება თუ არა ამერიკული ადმინისტრაციის სტრატეგია, და თუ იცვლება — რომელი მხარისთვის იქნება ეს მეტად სასარგებლო, თუ ეს განცხადებაც კარგად ნაცნობი, მერყევი ხასიათის ცარიელ გამოვლინებად დარჩება.
თუმცა არის მეორე შესაძლებლობაც — შესაძლოა, ტრამპის გარდასახვა ბრძოლის ველზე შექმნილ ვითარებას ირეკლავდეს. გასული თვეების განმავლობაში რუსეთის მზარდი უპირატესობისა და უკრაინის მხარდაჭერის კლების ფონზე დასავლეთში და მათ შორის თეთრ სახლში არსებობდა განცდა, რომ უკრაინა ვერ გაუძლებდა გაზრდილ წნეხს. რუსეთის იერიშის განვითარების პარალელურად, ტრამპი არაორაზროვნად მიანიშნებდა, რომ ომში რუსეთი იმარჯვებდა.
გავიდა რამდენიმე თვე და მთავარი სიახლე ის არის, რომ რუსეთმა ვერ შეძლო ტაქტიკური სამხედრო უპირატესობის გარდაქმნა სტრატეგიულად ახალ, მისთვის სასურველ მოცემულობაში. ომის გაჭიანურებასთან ერთად სულ უფრო მკაფიო ხდება, რომ რუსეთი ვერ მიუახლოვდა სტრატეგიულ მიზნებს: კიევში მორჩილი მთავრობის დამყარებას, დემილიტარიზაციას და ა.შ. კი, რუსეთმა გასულ თვეებში მეტი ტერიტორია დაიკავა, მაგრამ ომი ვლადიმირ პუტინს დამატებითი მიწების გამო არ დაუწყია.
ამ ფონზე რუსეთის ეკონომიკაში პრობლემები გროვდება, პერსპექტივები არასახარბიელოა. მიუხედავად ამისა, ცხადია, რომ პუტინი გააგრძელებს ომს და რესურსების შემცირება ვერ აიძულებს პოზიციის შეცვლას, მაგრამ ერთი რამ ნათელია — დღევანდელი მოცემულობა რუსეთის დიდ გამარჯვებას არ მოასწავებს.
ამ კონტექსტში ტრამპის შეცვლილი რიტორიკა რუსეთზე წნეხის გაზრდას და სერიოზული მოლაპარაკებების დაწყების იძულებას ისახავდეს მიზნად, თუმცა როგორც გასული გამოცდილება გვაჩვენებს, მწვავე, მაგრამ ცარიელი განცხადებები ამისთვის საკმარისი არ არის. ამ თვალსაზრისით, ტრამპის ადმინისტრაციას კრემლზე წნეხის გაზრდის არც ისე ბევრი ბერკეტი აქვს და უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაზრდა და მკაფიო, არაორაზროვანი პოზიცია, რომ შეერთებული შტატები არ მიატოვებს მოკავშირეს, მათ შორის ყველაზე ქმედითი და ეფექტურია.
როგორც გასული 8 თვის გამოცდილება გვაჩვენებს, უკრაინის დახმარების საკითხში ორაზროვნება, განცხადებები, რომ შტატები შეწყვეტენ მედიაციას და პროცესიდან სრულად გავლენ, არწმუნებს ვლადიმირ პუტინს, რომ ომის გაგრძელება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა. მისთვის საჭიროა მოცდა — დასავლეთი უკრაინას მიატოვებს და კიევი მის მკლავებში აღმოჩნდება.