პუტინს უკრაინაში საგარეო მმართველობას სურს, აშშ ამბობს რომ ქვეყანას ხალხი მართავს
.jpg)
ვლადიმირ პუტინმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება არალეგიტიმურია და ამჯერად ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩასატარებლად საგარეო მმართველობის დაწესება მოითხოვა. პასუხად ტრამპის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ იმის შესახებ, თუ ვინ უნდა მართოს ქვეყანა გადაწყვეტილებას მხოლოდ უკრაინელი ხალხი იღებს.
State Of Play: რუსეთის პრეზიდენტმა ამის შესახებ ატომური წყალქვეშა ფლოტის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
- ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პუტინი უკრაინის ხელისუფლების არალეგიტიმურობაზე საუბრობს, თუმცა "საგარეო მმართველობის" დაწესების შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა პირველად ისაუბრა.
- "გაუგებარია ვისთან უნდა მოვაწეროთ ხელი სამშვიდობო შეთანხმებას, მოვაწერთ ხელს, ხოლო შემდეგ უკრაინის ხელისუფლებაში სხვები მოვლენ და ყველაფერს გააუქმებენ"- ამბობს პუტინი.
- პუტინის თქმით, საგარეო მმართველობა უკრაინაში გაერთიანებული ერების მანდატით უნდა დაწესდეს - "გაეროს სამშვიდობო საქმიანობის ისტორიაში მსგავსი გამოცდილება არსებობს, საუბარია საგარეო მმართველობაზე, დროებით ადმინისტრაციაზე."
- რუსეთის პრეზიდენტის თქმით, საგარეო მმართველობის შემოღება აუცილებელია დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად, რომლის შედეგადაც ქვეყნის ხელისუფლებაში "ქმედუნარიანი" მთავრობა მოვა და მხოლოდ ამ მთავრობასთან იქნება შესაძლებელი სამშვიდობო შეთანხების ხელმოწერა.
Big Picture: პუტინის განცხადებები უკრაინის ხელისუფლების არალეგიტიმურობის შესახებ პირდაპირ ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას, რომელიც კრძალავს ახალი არჩევნების ჩატარებას საომარი მდგომარეობის პირობებში. პუტინის განცხადებებს მალევე გამოეხმაურა თეთრი სახლი.
- "უკრაინის მმართველობის სისტემა განისაზღვრება ქვეყნის კონსტიტუციით და ხალხის მიერ"- განაცხადა Reuters-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აშშ-ს უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა.
- ჯერჯერობით რთული სათქმელია არის თუ არა ეს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პოზიცია.
Context: წყალქვეშა ფლოტის წარმოადგენლებთან შეხვედრისას პუტინმა განაცხადა, რომ მას სჯერა დონალდ ტრამპის "გულწრფელი" ძალისხმევის დაასრულოს უკრაინაში მიმდინარე ომი სამშვიდობო მოლაპარაკებებით.
- "ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი მშვიდობიანი გადაწყვეტის, მაგრამ ეს ვერ მოხდება ჩვენს ხარჯზე"- განაცხადა პუტინმა.