ირანის ომმა რუსეთის ნავთობიდან მიღებული შემოსავალი აპრილში გააორმაგა - Reuters

აშშ-ისრაელისა და ირანის ომით გამოწვეული ნავთობისა და გაზის კრიზისის ფონზე, რუსეთის შემოსავალი ნავთობის ექსპორტიდან აპრილში გაორმაგდება და 9 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

ინფორმაციას Reuters-ი ხუთშაბათს გამოქვეყნებულ გათვლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვითარების არსი: მასალის თანახმად, ეს გათვლები პირველი კონკრეტული მტკიცებულებაა იმისა, თუ რა სარგებელი ნახა რუსეთმა - მსოფლიოში ნავთობის მეორე უმსხვილესმა ექსპორტიორმა - ირანის ომისგან, რომელმაც უახლეს ისტორიაში ყველაზე მწვავე ენერგეტიკული კრიზისი გამოიწვია.

  • თებერვლის ბოლოს, აშშ-ისა და ისრაელის ავიაიერიშების შემდეგ, ირანმა ფაქტობრივად ჩაკეტა ჰორმუზის სრუტე - მარშრუტი, რომელზეც ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის გლობალური ნაკადების დაახლოებით ერთი მეხუთედი მოდის.
  • ამან Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 100 დოლარს ბევრად გადააცილა.

დეტალები: Reuters-ის გათვლებით, რომლებიც მოპოვების წინასწარ მონაცემებსა და ფასებს ეყრდნობა, რუსეთის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების გადასახადი აპრილში დაახლოებით 700 მილიარდ რუბლამდე (9 მილიარდი დოლარი) გაიზრდება.

  • შედარებისთვის, მარტში ეს მაჩვენებელი 327 მილიარდი რუბლი იყო. შემოსავალი გასული წლის აპრილთან შედარებით დაახლოებით 10%-ით არის გაზრდილი.
  • მთლიანი 2026 წლისთვის რუსეთის ბიუჯეტში ამ გადასახადიდან 7,9 ტრილიონი რუბლის მიღებაა დაგეგმილი.

სხვა მონაცემები: 7 აპრილს სააგენტო Bloomberg-ი იუწყებოდა, რომ რუსეთიდან ექსპორტირებული Urals-ის მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 116,05 დოლარს მიაღწია.

  • ეს ბოლო 13 წლის განმავლობაში მაქსიმალური მაჩვენებელია - მსგავსი ფასი ბაზარზე ბოლოს 2013 წელს დაფიქსირდა.
  • სააგენტოს მონაცემებით, რუსული ნავთობის ღირებულება თითქმის ორჯერ აღემატება ბარელზე 59 დოლარს - იმ საშუალო ნიშნულს, რომელიც რუსეთის მიმდინარე წლის ბიუჯეტში იყო გათვალისწინებული.
  • აღსანიშნავია, რომ ერთი თვის წინ ჩატარებული გათვლებით, უკრაინული დრონების თავდასხმების, მილსადენებზე იერიშებისა და ტანკერების დაკავების შედეგად, რუსეთის ნავთობის საექსპორტო შესაძლებლობების მინიმუმ 40% პარალიზებული იყო.

მსგავსი სიახლეები