ტრამპი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიაზე: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ამან იმუშაოს

დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ამასთან, ტრამპმა არ გამორიცხა ამერიკული დანაყოფების გაგზავნაც.

State of Play: ამის შესახებ ამერიკელმა პრეზიდენტმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს განაცხადა.

  • ჟურნალისტის კითხვაზე - მზად არის თუ არა დონალდ ტრამპი უკრაინაში ამერიკული ჯარების გასაგზავნად - ამერიკელმა პრეზიდენტმა თავი აარიდა პირდაპირ პასუხს.
  • „ჩვენ ვიმუშავებთ უკრაინასთან, სხვა მხარეებთან და ვიზრუნებთ იმაზე, რომ თუ დამყარდება მშვიდობა, ის იყოს გრძელვადიანი. ეს ძალიან გრძელვადიანი საქმეა - ჩვენ არ ვსაუბრობთ ორწლიან მშვიდობაზე, რომლის შემდეგაც ისევ ასეთ ქაოსში აღმოვჩნდებით. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ყველაფერი კარგად იყოს. ჩვენ ვიმუშავებთ უკრაინასთან, რუსეთთან. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ამან იმუშაოს" - აღნიშნა ტრამპმა.
  • დამაზუსტებელ კითხვაზე - კონკრეტულად როგორი შეიძლება იყოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები - ამერიკელმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამაზე პასუხს მოგვიანებით გასცემს.
  • „როგორც იცით, დღეს შვიდი დიდი ქვეყნის ძლიერ ლიდერს შევხვდებით და ამაზე ვისაუბრებთ. ყველა მათგანი ჩართული იქნება, იქნება ბევრი დახმარება. რაც შეეხება უსაფრთხოებას - ჩვენი დახმარება მნიშვნელოვანი იქნება“ -  განაცხადა ტრამპმა.
  • ამერიკელმა პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ უკრაინის დაცვის „პირველ ხაზში ევროპელები იქნებიან, მაგრამ ამ ძალისხმევაში ჩვენც ჩავერთვებით და მონაწილეობას მივიღებთ.“

Context: რამდენიმე წუთის წინ თეთრ სახლში დონალდ ტრამპის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელი ლიდერების მრავალმხრივი შეხვედრა დაიწყო. დონალდ ტრამპი მისასალმებელი სიტყვით გამოდის.

  • იტალიის პრემიერ-მინისტრის თქმით, დონალდ ტრამპი დათანხმდა უკრაინისთვის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მეხუთე მუხლის (კოლექტიური თავდაცვის ჩანაწერის) მსგავსი უსაფრთხოების გარანტიებს.

მსგავსი სიახლეები