ტრამპი: საუკეთესო გამოსავალი სამშვიდობო შეთანხმებაა და არა დროებითი ზავი

ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპმა უარი თქვა მანამდე გაჟღერებულ საკვანძო მოთხოვნაზე, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველჰყოფას გულისხმობდა - ამერიკელი პრეზიდენტის თქმით, საუკეთესო გამოსავალი დიდ სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობაა.
State Of Play: ამის შესახებ ამერიკელი პრეზიდენტი საკუთარ სოციალურ ქსელში, ევროპელ ლიდერებთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ წერს - გასულ დღეებში ტრამპი ამბობდა, რომ პუტინთან შეხვედრისას მთავარი მიზანი ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველჰყოფა იქნებოდა.
- დონალდ ტრამპის თქმით, ალასკაში გამართული "ძალიან წარმატებული" შეხვედრის მსგავსად, "ძალიან კარგი" საუბარი შედგა ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან, მათ შორის ნატოს გენერალურ მდივანთან.
- "ყველა მხარე შეთანხმდა, რომ მიმდინარე საშინელი ომის დასასრულებლად საუკეთესო გზა პირდაპირ სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობის დაწყებაა, რომელიც ბოლოს მოუღებს ომს და არა დროებითი ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც ხშირად ირღვევა"- წერს დონალდ ტრამპი.
- ამავე პოსტში ამერიკელი პრეზიდენტი 18 აგვისტოს ოვალურ კაბინეტში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას აანონსებს - "თუ კი ყველაფერი კარგად წავა შემდეგ ჩაინიშნება სამმხრივი შეხვედრა პრეზიდენტ პუტინთან."
Big Picture: 13 აგვისტოს ევროპელ ლიდერებთან გამართული მრავალმხრივი ონლაინ კონფერენციის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში ტრამპი ამბობდა, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე უარის შემთხვევაში პუტინს მძიმე შედეგებთან მოუწევდა გამკლავება.
- სწორედ ცეცხლის შეწყვეტა იყო არამხოლოდ თეთრი სახლის, არამედ ევროპელებისა და უკრაინელების საკვანძო მოთხოვნა.
- საყურადღებოა, რომ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივა თავდაპირველად სწორედ ტრამპის ადმინისტრაციისგან წამოვიდა, რასაც უკრაინა ერ-რიადში გამართულ შეხვედრაზე დათანხმდა.
- ვლადიმირ პუტინი ყოველ ჯერზე უარს ამბობდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე და სანაცვლოდ დასავლეთის მიერ უკრაინის შეიარაღების შეჩერებას და ქვეყანაში სამხედრო მობილიზაციის შეჩერებას ითხოვდა.
- რუსეთის პრეზიდენტი გასულ თვეებში იმეორებდა, რომ საჭიროა კონფლიქტის "გამომწვევი, პირველადი მიზეზების მოგვარება" და მხოლოდ შემდეგ არის შესაძლებელი საუბარი ცეცხლის შეწყვეტაზე.
Break It Down: პუტინთან შეხვედრის შემდეგ Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ტრამპმა მიანიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების პარამეტრები განიხილა, მათ შორის ტერიტორიების შესაძლო გაცვლა და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები.
- "ვფიქრობ ეს არის პუნქტები, რომელზეც მოვილაპარაკეთ და ჯამურად შევთანხმდით"- ამბობს ტრამპი.
- ამერიკელი პრეზიდენტის თქმით, სამშვიდობო შეთანხმებასთან "ახლოს არიან" - ამავე გამოსვლაში ტრამპმა უკრაინელ პრეზიდენტს გარიგებაზე დათანხმება ურჩია - "მისმინეთ, რუსეთი ძალიან დიდი სახელმწიფოა, ხოლო უკრაინა არა. ისინი კარგი ჯარისკაცები არიან."
- ამავე ინტერვიუში დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინთან განხილულ თემებზეც ისაუბრა - მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების თემა წამოჭრა - "პუტინმა საინტერესო რამე თქვა, მან თქვა, რომ ჩვენი არჩევნები 2020 წელს გააყალბეს, რადგანაც ფოსტით ხმის მიცემის სისტემა გვაქვს, მან თქვა, რომ მე არჩევნებში დიდი უპირატესობით გავიმარჯვე.
Context: გასულ თვეებში განვითარებული მოვლენების ფონზე, თეთრი სახლის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნაცვლად გრძელვადიან მშვიდობაზე ფოკუსირება კრემლთან პოზიციების დაახლოებად მოსჩანს.
- ამაზე მეტყველებს რუსეთის მიერ უკრაინისთვის წარდგენილი ე.წ. სამშვიდობო მემორანდუმის პროექტიც, რომლის მიხედვითაც ყოვლისმომცველ სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობა ცეცხლის შეწყვეტის გარეშე უნდა გაგრძელდეს.