დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

14:28 | 16 ნოემბერი, 2026 — რუსეთი

ნემცოვის მკვლელობისთვის მსჯავრდებულები წასვლის პირობით გაათავისუფლეს, თუმცა ისინი ჩეჩნეთში ცხოვრობენ - Проект"

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული სამი პირი, სავარაუდოდ, ვადაზე ადრე გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან უკრაინის ომში მონაწილეობის კონტრაქტები გააფორმეს.

ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა "Проект" ავრცელებს.

ვითარების არსი: გამოცემის გამოძიების თანახმად, ზაურ დადაევი და ძმები ანზორ და შადიდ გუბაშევები ფრონტზე არ გამგზავრებულან და ამჟამად ჩეჩნეთში ცხოვრობენ.

  • გამოცემის წყაროს ინფორმაციით, გათავისუფლებისას მათ ერთი პირობა წაუყენეს: "არავინ უნდა გაიგოს, რომ თავისუფლებაზე ხართ, წინააღმდეგ შემთხვევაში კოლონიებში დაბრუნდებით".

დეტალებში: გამოძიების თანახმად, სამივე მსჯავრდებულის გათავისუფლებაზე მიუთითებს რუსეთის სახელმწიფო უწყებებიდან გაჟონილი მონაცემებიც. თუმცა ოფიციალური დადასტურება არ არსებობს.

  • ზაურ დადაევს, რომელიც სასამართლომ ნემცოვის მკვლელობის უშუალო შემსრულებლად ცნო, 20-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. "Проект"-ის ინფორმაციით, მან ირკუტსკის კოლონია, სავარაუდოდ, 2024 წლის ოქტომბერში დატოვა.

  • მოგვიანებით ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს მონაცემები, რომელთა თანახმადაც დადაევი საცხოვრებლად გროზნოდან დაახლოებით 80 კილომეტრში მდებარე ხუტორ იუკარჩოიში დარეგისტრირდა.

  • გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ პატიმრობისას დადაევმა რამზან კადიროვის ადმინისტრაციის თანამშრომელ ირსანა მუკაევაზე იქორწინა. 2024 წლის 24 ოქტომბერს მათ ქალიშვილი შეეძინათ. გამოცემის თანახმად, დადაევმა კოლონია, სავარაუდოდ, სწორედ ამ დღეს დატოვა.

ძმები გუბაშევები: ანზორ გუბაშევს ნემცოვის მკვლელობაში მონაწილეობისთვის 19-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, მის ძმას, შადიდს კი - 16-წლიანი.

  • სასამართლოს დასკვნით, შადიდი ნემცოვს უთვალთვალებდა, მკვლელობის შემდეგ კი დანაშაულის შემსრულებლებს მიმალვაში დაეხმარა.

  • "Проект"-ის მონაცემებით, შადიდი, სავარაუდოდ, 2022 წელს გაათავისუფლეს, ხოლო ანზორი - 2024 წელს.

  • გათავისუფლების შემდეგ ორივე ძმა ჩეჩნეთში დასახლდა. შადიდმა 2024 წლის ოქტომბერში იქორწინა, ანზორმა კი, გამოცემის წყაროს ცნობით, ცოლი შეირთო და გროზნოს მახლობლად მიწის ნაკვეთიც შეიძინა.

კონტექსტი: ნემცოვის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული კიდევ ერთი პირის, თემირლან ესკერხანოვის ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია 2024 წელს გავრცელდა.

  • ესკერხანოვმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი გააფორმა, თუმცა ფრონტზე არ წასულა. "Новая газета Европа"-ს ცნობით, ის რუსეთის მიერ ოკუპირებულ მარიუპოლში საწარმოების დაცვით იყო დაკავებული.

  • საქმეზე მეხუთე მსჯავრდებული, ხამზატ ბახოევი, 2026 წლის გაზაფხულზე გათავისუფლდა, მას შემდეგ, რაც მისჯილი 11-წლიანი პატიმრობა სრულად მოიხადა.

  • ამგვარად, "Проект"-ის გამოძიების მიხედვით, ნემცოვის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული ხუთივე პირი უკვე თავისუფლებაზეა.

  • მათგან ოთხმა პატიმრობა ვადაზე ადრე დაასრულა, სამმა კი, სავარაუდოდ, უკრაინის ომში მონაწილეობისთვის გაფორმებული კონტრაქტებით გათავისუფლების მიუხედავად, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიიღო.

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე