დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

12:41 | 16 ნოემბერი, 2026 — საქართველო

საქართველოსთან თანამშრომლობა გვსურს, თუმცა მისი წარმომადგენლები შეხვედრებზე არ ჩამოდიან - კოსი

გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებით, ევროკავშირს საქართველოსთან თანამშრომლობა სურს, თუმცა საქართველოს წარმომადგენლები მიწვევის მიუხედავად ღონისძიებებზე არ ჩადიან.

კოსი კონკრეტულ მაგალითად კიშინიოვში გამართულ ციფრული დაკავშირებადობის კონფერენციას ასახელებს და ამბობს, რომ არ სურს, საქართველო ევროპისა და ცენტრალური აზიის დამაკავშირებელი პროექტების მიღმა დარჩეს.

რა მოხდა: კოსის თქმით, საქართველოს წარმომადგენლები დაკავშირებადობის საკითხებზე გამართულ ღონისძიებებზე უკვე რამდენიმეჯერ მიიწვიეს, თუმცა ისინი არ ჩასულან.

  • "ვცდილობთ თანამშრომლობას, ვიწვევთ მათ. მათ ჩამოსვლა არ სურთ", - აცხადებს ევროკომისარი.
  • ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება იყო კიშინიოვში გამართული ციფრული დაკავშირებადობის კონფერენცია, რომელსაც, კოსის თქმით, განცხადებამდე ერთი კვირით ადრე თავადაც ესწრებოდა.
  • "საქართველოს წარმომადგენლებიც მოვიწვიეთ. მათ ჩამოსვლა არ ისურვეს", - ამბობს ის.

რატომ არის მნიშვნელოვანი: დაკავშირებადობა ქვეყნებსა და რეგიონებს შორის სატრანსპორტო, ენერგეტიკული, სავაჭრო და ციფრული კავშირების განვითარებას გულისხმობს.

  • ამ შემთხვევაში საუბარია ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის კავშირების გაძლიერებაზე.
  • კოსის თქმით, ეს ევროკომისიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა კი მას ამ პროცესის მონაწილედ აქცევს.
  • "...როგორ შეგვიძლია ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის უკეთესი კავშირების დამყარება? საქართველო კი, რა თქმა უნდა, ამ გზაზე მდებარეობს", - ამბობს ევროკომისარი.
  • მისი გზავნილია, რომ ევროკავშირს ამ მიმართულებით საქართველოსთან თანამშრომლობა სურს.
  • "არ გვინდა, საქართველო იმ ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობის მიღმა დარჩეს, რომელსაც ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრულ სფეროებში ვახორციელებთ", - აცხადებს კოსი.

თუმცა თანამშრომლობას პირობებიც აქვს: ევროკომისარი ხაზს უსვამს, რომ დაკავშირებადობის მიმართულებით თანამშრომლობაც პირობებს უკავშირდება. ის აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა ანგარიშში ჩამოაყალიბა, რას ელის საქართველოს მთავრობისგან.

  • ამასთან, განმარტავს, რომ საქართველოს წარმომადგენლებს უმაღლეს დონეზე არ იწვევენ. შესაბამისად, მის მიერ აღწერილი მიწვევები თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებს ეხება.

ევროინტეგრაციის კონტექსტი: კოსის თქმით, საქართველოს კვლავ აქვს კანდიდატის სტატუსი, თუმცა ის ამ სტატუსს "მხოლოდ ქაღალდზე" არსებულად ახასიათებს.

  • ევროკომისარი ამბობს, რომ წინსვლა ვერ გაგრძელდება, სანამ საქართველო პროგრესს არ მიაღწევს იმ სფეროში, რომელსაც ევროკავშირში "ფუნდამენტურ საკითხებს" უწოდებენ.
  • "სანამ ქვეყანა წინ არ წაიწევს იმ სფეროში, რომელსაც ფუნდამენტურ საკითხებს ვუწოდებთ, ჩვენ წინსვლას ვერ გავაგრძელებთ", - აცხადებს ის.

ვიზალიბერალიზაციაზე დიალოგიც ვერ შედგა: კოსის განცხადებით, ევროკავშირს ამ საკითხზე საქართველოსთან საუბარი სურდა, თუმცა ეს ვერ მოხერხდა.

  • "როგორც იცით, ვიზალიბერალიზაციაზე დიალოგი გვინდოდა. ეს შეუძლებელი აღმოჩნდა", - ამბობს ევროკომისარი.

სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა გაგრძელდება: ხელისუფლებასთან ურთიერთობაზე საუბრის ბოლოს კოსი ცალკე გამოყოფს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას.

"რაც დანამდვილებით ვიცი, ისაა, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას აუცილებლად გავაგრძელებთ", - აცხადებს ევროკომისარი.


ასევე ნახე