-

ნატალია არნო ორგანიზაცია Free Russia Foundation-ის პრეზიდენტია — ორგანიზაციის, რომელიც ქვეყნის გარედან ეწინააღმდეგება პუტინის რეჟიმს. 2012 წელს მას იძულებით მოუწია რუსეთის დატოვება და მას შემდეგ ემიგრაციაში ცხოვრობს, სადაც არაერთ სირთულესა და საფრთხეს შეხვდა — მათ შორის, 2023 წელს ლონდონში რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მოწამვლის მცდელობას.

ინტერვიუ ჩაწერილია სტრასბურგში, „რეალპოლიტიკას“ რედაქტორის, ზაზა აბაშიძის მიერ.

____________________________________________________________________

ჩემი პირველი შეკითხვაა: რა ტიპის ქვეყანად ხედავს ვლადიმერ პუტინი რუსეთს საკუთარ წარმოსახვაში? ყოველდღიურ ცხოვრებაში, მისი პოლიტიკური რწმენის შედეგია სიღარიბე და კორუფცია, რეპრესიები, იზოლაცია, აღარაფერს ვამბობ ომს უკრაინაში, რასაც უამრავი ადამიანი ეწირება. მარტივად ვიკითხავ - რა სურს მას? 

მე ვფიქრობ, რომ პუტინის წარმოდგენაში არსებული რუსეთი დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა. როცა ის პირველად რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე დანიშნეს, ალბათ ერთი, შედარებით მარტივი წარმოდგენა ჰქონდა ქვეყნის შესახებ. მაგრამ რაც უფრო მეტ ძალაუფლებას იძენდა, მით უფრო კომპლექსური ხდებოდა მისი ხედვა რუსეთის მოდელზე და სწორედ ამ გზით დაიწყო სვლა. 

არსებობს ცნობილი გამოთქმა - „ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის” - და მე ვფიქრობ, რომ ქვეყნის სრულად ხელში ჩაგდების შემდეგ, გლობალური გავლენის ზრდასთან ერთად, პუტინის ამბიციებიც გაიზარდა.

რა თქმა უნდა, ყველამ ვიცით იმ „რუსული სამყაროს“ შესახებ, რომელიც მან შექმნა. ამ „რუსულ სამყაროში“ საზღვრები აღარ არსებობს - ქვეყნები, როგორიცაა უკრაინა, მოლდოვა, ბელარუსი და სხვები, თითქოს საერთოდ არ არსებობენ. ეს ქვეყნები, მისი იმპერიული მისწრაფების ნაწილია.

ასევე ცნობილია, რომ პუტინი საბჭოთა კავშირის დაშლას „უდიდეს გეოპოლიტიკურ კატასტროფად“ მიიჩნევს, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რასაც ვამბობ. რა ადგილს დაიკავებს ისტორიაში, მისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. მას ნამდვილად სურს, რომ ისტორიის წიგნებში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მმართველად მოიხსენიონ. იგი უფრო მეტად ახდენს რუსეთის წარსულის განდიდებას, ვიდრე ფიქრობს ქვეყნის მომავალზე.

პუტინი რუსეთის ისტორიიდან იღებს ყველაზე მჩაგვრელ და იმპერიულ ელემენტებს, კოლონიურ და იმპერიულ ხედვას, და ცდილობს, დღევანდელობაში განახორციელოს.

რასაც ის ქმნის, წარსულისა და მომავლის დამახინჯებული, პერვერსიული ხედვაა, სადაც პუტინი საკუთარ თავს მესიის მსგავს ფიგურად აღიქვამს - ადამიანად, რომელიც რუსეთს ძველ დიდებას დაუბრუნებს. სწორედ ეს არის მისი მთავარი იდეა.

რა ნიშნავს ცხოვრება თანამედროვე რუსეთში კრემლისადმი ლოიალობის გარეშე? როგორია ყოველდღიურობა მათთვის, ვინც უარყოფს მის პროპაგანდას და მაინც ცდილობს სიმართლის დაცვას?

მე მომიწია რუსეთის დატოვება 2012 წელს. ეს დიდი ხნის წინ იყო. იმ „ვეგეტარიანულ დროში“, როგორც ჩვენ ვამბობთ, ბევრი რამ სხვანაირად იყო: მე ვსაუბრობ რუსეთზე ყირიმის ანექსიამდე, ბორის ნემცოვის მკვლელობამდე, კონსტიტუციური გადატრიალებამდე და, რა თქმა უნდა, სრულმასშტაბიან ომამდე. მაგრამ მაშინაც კი, ყოველდღიური ცხოვრება უკვე ძალიან რთული იყო.

თვალთვალი, სატელეფონო მოსმენები და ხელისუფლების სხვა უკანონო ქმედებები ფართოდ იყო გავრცელებული. ჩემნაირი აქტივისტებისთვის, ეს ყველაფერი ნორმას წარმოადგენდა. კარგად მახსოვს, რომ 24 საათის განმავლობაში მითვალთვალებდნენ, კვირის ყოველ დღეს. ზოგჯერ ჩემს საცხოვრებელ კორპუსშიც კი მოდიოდნენ FSB-ის ოფიცრები და ცდილობდნენ შევეშინებინე ან შევევიწროვებინე. მათ შეეძლოთ ეთქვათ რა ფერის საცვალი მეცვა, რათა ენიშნებინათ, რომ ბინაშიც კი, მათ შორის აბაზანაში, დამონტაჟებული ჰქონდათ კამერები და მოსასმენი მოწყობილობები.

მაგრამ რაც ყველაზე მეტად გამაოცა, ის იყო, რომ 2012 წელს რუსეთის დატოვების შემდეგაც, როცა გადავედი ევროპულ ქვეყნებში, ევროკავშირის და ნატოს წევრ სახელმწიფოებში, როგორებიცაა ლიეტუვა და პოლონეთი, შემდეგ კი შეერთებულ შტატებში, თვალთვალი არ შეწყვეტილა. კრემლის აგენტებისთვის სრულიად ნორმალურად ითვლებოდა ჩვენი თვალთვალი ვილნიუსში, ვარშავასა თუ ბრიუსელში.

კრემლის ტრანსნაციონალური რეპრესიები ყოველდღიური რეალობაა. ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით. ეს მათი ძლიერი იარაღია. მათი გზავნილი ერთმნიშვნელოვანია: ჩვენი ხელები ყველგან აღწევს. რუსეთის დატოვება არ ნიშნავს უსაფრთხოებას. თუ მტრად ჩაგთვლიან, მოგწვდებიან - იქნება ეს ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ, ამას მნიშვნელობა არ აქვს.

ასე რომ, წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს ცხოვრება პუტინის დამახინჯებულ და მანიაკალურ რეჟიმში. თქვენს კითხვაზე პირდაპირ პასუხად შეიძლება ითქვას - ეს ნიშნავს სიკვდილის რისკის ქვეშ ცხოვრებას. ადამიანი ყოველდღე აწყდება კრემლის სისასტიკესა და მისი არანორმალური, რეპრესიული მექანიზმების მუდმივ საფრთხეს. 

ჩემი შემდეგი კითხვა ეხება ცხოვრებას მუდმივი პროპაგანდის პირობებში. როგორ აყალიბებს ეს დაუნდობელი, უწყვეტი მესიჯები იმ ჩვეულებრივი რუსების ცნობიერებას, ვინც კრემლს არ ეწინააღმდეგება? რა ძირითად ღირებულებებს ინარჩუნებენ ისინი და როგორ აღიქვამენ მათ ირგვლივ არსებულ რეალობას? და მართლა ბევრია ისეთი, ვინც ფიქრობს, რომ თქვენნაირი ადამიანები დასავლეთის აგენტები ხართ, რომლებიც ცდილობენ რუსეთის განადგურებას?

რა თქმა უნდა, პროპაგანდის გავლენა უზარმაზარია. კრემლი მასზე კოლოსალურ თანხებს ხარჯავს, სამხედრო ბიუჯეტთან ერთად, და ეს ხარჯები ყოველწლიურად იზრდება. ეს სრულიად უპრეცედენტო მასშტაბია.

მაგრამ ამავდროულად, პროპაგანდა იმდენად გადაჭარბებული გახდა, რომ ბევრს აღარ სჯერა. როცა პუტინი ფრინველებთან ერთად მიფრინავს ან წყალში ჩადის „ორ ათასწლიანი ამფორის“ აღმოსაჩენად, ხალხი უკმაყოფილებას გამოხატავს. ეს უკვე ზედმეტია.

ბევრი რუსისთვის დღეს პროპაგანდა უბრალო ფონურ ხმად იქცა - უწყვეტ, მაგრამ უშინაარსო ბზუილად.

მაინც მჯერა, რომ რუსეთის შიგნით კვლავ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჩვენს ღირებულებებს იზიარებენ და მათი რაოდენობაც კი იზრდება. დამოუკიდებელი მედია და უფლებადამცველი ორგანიზაციები, რომლებიც ემიგრაციაში მუშაობენ, მაგრამ ისევ რუსეთის აშუქებენ, სტაბილურ და ზოგჯერ მზარდ აუდიტორიას ინარჩუნებენ.

ვიტყოდი, რომ პუტინის რეჟიმის გულწრფელი მხარდამჭერები დღეს ბევრად ნაკლებია: ზოგი მათგანი შინაგანი რწმენით უჭერს მხარს, ზოგი, კარიერული ინტერესებით. მაგრამ სწორედ ამ ადამიანებს აძლევენ ტრიბუნას, მათ აჩენენ ეკრანებზე და იცავენ. ისინი ხმაურიანები არიან, ყველგან ჩანან, რადგან მათთვის უსაფრთხოა კრემლის მხარდაჭერის გამოხატვა.

ხოლო მოსახლეობის უმეტესობა პასიურია - უბრალოდ არაფრით ინტერესდება. ისინი არ უსმენენ პროპაგანდას, არ ეკარებიან პოლიტიკას. სიმართლე რომ ითქვას, ეს მთელ მსოფლიოშია ასე - იქნება ეს შეერთებული შტატები თუ საქართველო. ხალხს უბრალოდ სურს მშვიდად იცხოვროს და ამბობს: „ჩვენ არ გვინდა პოლიტიკაში ჩარევა, არ გვესმის ეს ყველაფერი.“ თუმცა, რა თქმა უნდა, ამ აზრს მეორე მხარეც აქვს - როცა შენ პოლიტიკით არ ინტერესდები, პოლიტიკოსები მაინც ინტერესდებიან შენით, და სწორედ მაშინ იწყება საფრთხე.

ნატალია არნო, Free Russia Foundation-ის პრეზიდენტი

ერთ წამს შეგაწყვეტინებთ, რადგან საქართველოშიც ხელისუფლება ცდილობს ნიჰილიზმის დანერგვას, რის შედეგადაც საზოგადოების ნაწილი პოლიტიკას აშკარად შორდება. ამიტომ ეს ჩემთვის ძალიან ნაცნობად ჟღერს.

დიახ, ნიჰილიზმი ხელისუფლების ერთ-ერთი იარაღია, და არ მიკვირს, რომ ეს მსგავსად ხდება საქართველოშიც. მაგრამ მეორე მხრივ, მინდა დავამატო: რუსეთი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე დიდ VPN-ების მომხმარებელ ქვეყანადრჩება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ თავისუფალი და ობიექტური ინფორმაციის მოთხოვნა მაინც არსებობს, ცენზურის გაძლიერების მიუხედავად. 

აუცილებელია რეალობის სწორად გააზრება: რუსეთში რეპრესიები მუდმივად იზრდება. მათი მასშტაბი და სირთულე დღითიდღე ფართოვდება. ადრე პოლიტპატიმრებისთვის სასჯელი ორი ან სამი წელი იყო, ახლა კი - 14, 15, ზოგჯერ 20 წელიც კი, და ეს უკვე, სამწუხაროდ, ნორმად იქცა. ასეთი სასჯელები მრავლად მიუსაჯეს არა მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენლებს, არამედ სრულიად ჩვეულებრივ მოქალაქეებსაც. რეჟიმი აშკარად ცდილობს შიშის ატმოსფეროს შექმნას, ყოველდღიურად აპატიმრებს რიგით ადამიანებს, მათ შორის სტუდენტებსა და მათ, ვინც უბრალოდ ქუჩაში გადიოდა, როცა პროტესტი მიმდინარეობდა.

წარმოიდგინეთ, ზოგი მათგანი მხოლოდ იმის გამო აღმოჩნდა ციხეში, რომ გამოკითხვაზე გულწრფელად უპასუხა. ამიტომ ადვილი გასაგებია, რატომ ეძლევა საზოგადოების ნაწილი ნიჰილიზმს, ეს ერთგვარი თვითგადარჩენის ინსტინქტად იქცა. მაგრამ მეორე მხრივ, სწორედ ის ფაქტი, რომ ამ პირობებში ადამიანები მაინც არ წყვეტენ სიმართლის ძიებას, გვაძლევს იმედს.

მიუხედავად იმისა, რომ კრემლი სრულად აკონტროლებს ქვეყანას, ის მაინც შიშობს, რომ ნებისმიერი სახის წინააღმდეგობა შეიძლება გაიზარდოს. სწორედ ამიტომ ცდილობს სრულად ჩაახშოს ყოველგვარი პროტესტის ნიშანი, თუნდაც ყველაზე პატარა, სიმბოლური აქტი? ეს ნათლად გამოჩნდა მაშინ, როცა ადამიანები ნავალნის დაკრძალვისას ცდილობდნენ, საზოგადოებრივ სივრცეებში ყვავილები დაედოთ და პატივი ამით მიეგოთ. 

ისინი ამას მუდმივად აკეთებენ, რადგან ნებისმიერ წინააღმდეგობის ეშინიათ. ჩემი ორგანიზაცია აქტივისტებსა და ჟურნალისტებს ეხმარება ქვეყნიდან ევაკუაციაში, მათ გადარჩენასა და გადმოსვლაში. თბილისი, გარკვეული თვალსაზრისით, რუსი ემიგრანტების დედაქალაქად იქცა, ეს დრო ძალიან კარგად მახსოვს. თბილისი და ვილნიუსი იყო ორი მთავარი ცენტრი რუსებისთვის, რომლებიც იძულებით ემიგრაციაში აღმოჩნდნენ.

ყველაზე დატვირთული წელი იყო 2021, ომის დაწყებამდე. მაშინ რეჟიმი უკვე ემზადებოდა სრულმასშტაბიანი აგრესიისთვის - ის ანადგურებდა პოლიტიკურ ოპოზიციას და ცდილობდა, არ დაეშვა საზოგადოების წინააღმდეგობა მოახლოებული ომის მიმართ. მაგრამ ყველას დაპატიმრება შეუძლებელია.

რაც უფრო იზრდება რეპრესიები, მით მეტი ადამიანი რჩება უკმაყოფილო. ცხადია, რომ რეალურად უმცირესობაა ისინი, ვინც გულწრფელად უჭერს მხარს რეჟიმს.

გამწვევ პუნქტებთან გრძელი რიგები აღარ დგას. ხელისუფლება ან იძულებულია ძალით გაწვიოს ადამიანები სამხედრო სამსახურში, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც რეალური მობილიზაცია არასდროს შეწყვეტილა, განსაკუთრებით ეთნიკურ რესპუბლიკებში, ან ზრდის ჯარისკაცების ხელფასებს, რათა ფულით მოიზიდოს ისინი ფრონტზე. მათ უკვე არაერთხელ გაზარდეს ანაზღაურება, მაგრამ ეს მეთოდიც აღარ მუშაობს ისე, როგორც რეჟიმს სურდა.

ჩემი შემდეგი კითხვა შეეხება საქართველოს. დღეისთვის, როცა აქ სტრასბურგში ვსაუბრობთ, უკვე 13 წელი გასული მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, და ბევრს ეშინია, რომ ოლიგარქია შესაძლოა არასდროს დასრულდეს. თქვენი გამოცდილებით, ისეთი რეჟიმების გათვალისწინებით, როგორებიცაა რუსეთი, და თქვენი ორგანიზაციის მუშაობის მეშვეობით საქართველოს კარგად ცოდნით, როგორ აღწერდით დღევანდელ ვითარებარს? 

მართლაც სამწუხაროა ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, რადგან ჩვენ ყოველთვის ვამაყობდით ამ ქვეყანით - მისი არჩევანით, მისწრაფებებითა და მიღწევებით. საქართველო ხანგრძლივი დროის განმავლობაში წარმატების მაგალითი იყო - ქვეყანა, რომელმაც მოახერხა რეფორმების გატარება, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და დასავლური მიმართულების შენარჩუნება.

ეს იყო შთამაგონებელი მაგალითი, რომელსაც სხვებსაც ვაჩვენებდით და ვუჭერდით მხარს. სწორედ ამიტომაა ასე მტკივნეული იმის ყურება, რაც ახლა ხდება. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამ პროცესების დიდი ნაწილი კრემლის მუდმივი ზეგავლენის შედეგია - დიქტატორები ხომ ყოველთვის ერთი და იმავე მეთოდებს იმეორებენ და ერთმანეთის რეპრესიულ კანონებს იპარავენ.

ყველა მათგანი ერთსა და იმავე სახელმძღვანელოს მიჰყვება. 2016 წელს ჩვენ გამოვაქვეყნეთ ანგარიში სახელწოდებით „რუსეთის ცუდი მაგალითი“, სადაც ვაჩვენეთ, როგორ ვრცელდებოდა რუსული „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონმდებლობა მთელ მსოფლიოში - არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ აფრიკაშიც, ლათინურ ამერიკაშიც და სხვა რეგიონებშიც. დიქტატორები სწავლობენ ერთმანეთისგან, ისინი უბრალოდ აკოპირებენ და ხელახლა იყენებენ ყველა რეპრესიულ პრაქტიკას. სამწუხაროდ, ახლა იგივე სურათს ვხედავთ საქართველოშიც.

განსაკუთრებით გულდასაწყვეტია, რომ იზრდება პოლიტპატიმრების რაოდენობა, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. ემიგრირებულ რუსთა საზოგადოებისთვის საქართველო ერთ დროს თავშესაფარი იყო. ჩვენ გულწრფელად მადლიერები ვიყავით საქართველოსი, რომ მიგვიღო - ის იყო ახლო, უსაფრთხო და ეფექტური ადგილი ჩვენი საქმიანობის გასაგრძელებლად: მაუწყებლობისთვის, უკრაინის მხარდაჭერისთვის, კონტაქტების შესანარჩუნებლად. მაგრამ ახლა ბევრი აქტივისტი, ვინც აქ თავშესაფარს პოულობდა, იძულებული გახდა საქართველო დატოვოს და ეს ნამდვილად ტრაგედიაა.

ტენდენცია სრულიად აშკარაა საქართველოში - სწორედ ამიტომ ვადარებთ მას პირდაპირ კრემლის მოდელს: სამოქალაქო სივრცის შემცირება, ოპოზიციის მარგინალიზაცია, დამოუკიდებელი მედიის ჩახშობა, უცხოელი ჟურნალისტების გაძევება და სხვა მსგავსი ნაბიჯები. ეს კრემლის სცენარია?

სამწუხაროდ, ზუსტად ასეა. დიახ. ჩვენი გამოცდილებიდან შემიძლია მაგალითიც მოვიყვანო: წლების წინ მსგავსი პროცესები ბელარუსშიც ვიხილეთ, და მაშინ ჩვენ ვამბობდით, რომ რუსეთიც იმავე გზით მიდიოდა -აკოპირებდა კანონებს, ზღუდავდა ინტერნეტს, აკონტროლებდა IP-მისამართებს. რამდენიმე წლის წინ რუსეთი ჯერ კიდევ არ იყო ასეთი, მაგრამ თანდათან და შეუჩერებლად მიიწევდა სწორედ იმ მიმართულებით, რასაც მაშინ "ბელარუსულს" ვეძახდით. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო იმავე გზას არ დაადგება.  ჯერ კიდევ არის დრო შეჩერებისა და შემობრუნების. ეს რთულია, რა თქმა უნდა, მაგრამ თქვენი საზოგადოება კვლავ ცოცხალია, აქტიური და ეს ყველაზე დიდიმედს იძლევა.

ვფიქრობ, ქართული საზოგადოება ახლა გადამწყვეტ ბრძოლაშია, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს. თუ ეს ბრძოლა მარცხით დასრულდება, სამწუხაროდ, ქვეყანაც შეიძლება იმავე გზით წავიდეს და ეს ვითარება მრავალი წლის განმავლობაში გაგრძელდეს.

მაგრამ ნამდვილად მჯერა, რომ საბოლოოდ ჩვენ ყველა გავიმარჯვებთ. სწორედ ამიტომ ვაგრძელებთ ბრძოლას, მაშინაც კი, როცა ბევრ ჩვენს მოკავშირეს ეჭვი შეაქვს დემოკრატიის პერსპექტივებში რუსეთში. ჩვენ, როგორც დემოკრატიის მხარდამჭერ რუსებს, არ შეგვიძლია რწმენა დავკარგოთ. ჩვენი სახელიც კი - „თავისუფალი რუსეთის ფონდი“ - გამოხატავს ჩვენს მიზანს: თავისუფალ რუსეთს. ამ ბრძოლაზე არასოდეს ვიტყვით უარს.

იგივეს ვიტყოდი თქვენზეც - ყოველთვის არსებობს იმედი. თქვენ ბევრად უკეთეს პოზიციაში ხართ, რადგან თქვენი ბრძოლა ჯერ კიდევ ახლახან დაიწყო; ჯერ კიდევ არის დრო, რომ ქვეყნის კურსი შეიცვალოს. ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირი ამას გააცნობიერებს და განაგრძობს თქვენ მხარდაჭერას. მოლდოვა ამის შესანიშნავი მაგალითია - ის გვაჩვენებს, რომ ცვლილება ჯერ კიდევ შესაძლებელია.

დისიდენტი ნატალია არნო რუსულმა სპეცსამსახურებმა, სავარაუდოდ, ორჯერ მოწამლეს

მინდა უფრო პირადული შეკითხვა დაგისვათ. თქვენ დევნილობაში იმყოფებით, რამდენჯერმე თავს დაგესხნენ და, თუ არ ვცდები, ლონდონში მოგწამლეს კიდეც. ამ რისკების მიუხედავად, რატომ აგრძელებთ ბრძოლას, რომელიც საციცოცხლო რისკებს შეიცავს? 

ახლა მე ვცხოვრობ შეერთებულ შტატებში და ხშირად მაქვს გამოსვლები ამერიკულ აუდიტორიებთან. განსაკუთრებით წელს, ხშირად ვეუბნები მათ: არასოდეს მიიღოთ დემოკრატია და თავისუფლება როგორც რაღაც ნაგულისხმევი. ეს ფასეულობები მყიფეა და მათი დაცვა ყოველდღიურად გვმართებს. მსოფლიოში უამრავი ადამიანი იღუპება ამ იდეალებისთვის, და ჩვენ ამას ძალიან კარგად ვაცნობიერებთ.

რაც შეეხება იმას, რატომ ვაგრძელებ ამ ყველაფერს, პასუხი ძალიან მარტივია. მე ძალიან მენატრება ჩემი ქვეყანა. მინდა სახლში დაბრუნება. გული მტკივა, რომ ჩემს შვილს მამა ვერ ხედავს, ეს არასწორია. რუსეთი პუტინის ქვეყანა არ არის - ის ჩემი ქვეყანაა, ჩვენი ქვეყანაა. არ მინდა იგი დიქტატურას გადავაბარო. სწორედ ამიტომ ვიბრძვი, იმის იმედით, რომ ოდესმე შევძლებ დაბრუნებას თავისუფალ რუსეთში.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ „თავისუფალი რუსეთი“ არა მხოლოდ კრემლის რეპრესირებულთა გაერთიანებაა, არამედ ექსპერტთა ჯგუფიც, რომელმაც ყველაზე უკეთ იცის პუტინი და კრემლის დამნაშავეთა ქსელი. როგორ ხედავთ მომავალს, როგორც რუსეთისთვის, ისე თქვენი ორგანიზაციისთვის?

რა თქმა უნდა, ასე შეიძლება ითქვას. ეს ორგანიზაცია მარტომ დავიწყე,  სამზარეულოს მაგიდასთან. შემდეგ შემოუერთდა ერთი ადამიანი, მერე კიდევ ერთი, და ასე თანდათან გავიზარდეთ. დღეს ეს უკვე დიდი ორგანიზაციაა, რომლის მთავარი ოფისი ვაშინგტონში მდებარეობს, ხოლო წარმომადგენლობა გვაქვს ბრიუსელშიც. ჩვენი პირველი რეგიონული ოფისი კიევში 2016 წელს გავხსენით და ის დღემდე არ დაგვიკეტავს. ჩვენ ვართ ერთადერთი რუსული ორგანიზაცია, რომელსაც კიევში ოფისი კვლავ აქვს. ასევე გვაქვს ოფისები ბერლინში და ვილნიუსში, გვყავს პარტნიორები პარიზში, და ადრე გვქონდა დიდი ოფისი თბილისში, სანამ იძულებულნი გავხდებოდით დაგვეხურა ის. 

ჩვენი მისია ნათელია და იგი ჩვენსავე სახელშია ასახული: თავისუფალი რუსეთი. ჩვენი საბოლოო მიზანია, რომ ერთ დღეს ეს ორგანიზაცია ზედმეტი გახდეს, აღარ არსებობდეს საჭიროება „თავისუფალი რუსეთის ფონდის“ არსებობისა, რადგან თვით რუსეთი იქნება თავისუფალი. როცა ეს დღე დადგება, ჩვენ დავბრუნდებით სამშობლოში, რათა ქვეყნის აღდგენასა და რეფორმირებაში მივიღოთ მონაწილეობა.

ამჟამად, რუსეთის დემოკრატიული მოძრაობა მართლაც გლობალურ სახეს იღებს. ჩვენი ამოცანაა ერთიანობა შევუნარჩუნოთ ორ ნაწილს - იმ აქტივისტებს, ვინც რუსეთში დარჩნენ, და მათ, ვინც დევნილობაში არიან. ეს ორი ნაწილი ერთი სხეულის ორი ფეხია. კრემლი ყველანაირად ცდილობს ამ კავშირის ჩაშლას რეპრესიული კანონებით, ზეწოლითა და დაშინებით. არსებობენ სხვა ძალებიც, რომლებიც ცდილობენ ჩვენს შორის დაპირისპირებას. მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთ. სადაც არ უნდა ვიყოთ,რუსეთში თუ მის გარეთ, ჩვენ ვრჩებით დემოკრატიის მომხრედ რუსებად და გავაგრძელებთ ბრძოლას უკეთესი, თავისუფალი რუსეთისთვის, მსოფლიოსნებისმიერ კუთხეში.

მსგავსი სიახლეები