რუსეთში "კროკუსის" საქმეზე 15 ეჭვმიტანილს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს
რუსეთში, სამხედრო სასამართლოს გადაწყვეტილებით, "კროკუს სითი ჰოლზე" თავდასხმაში ბრალდებულ 15 პირს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.
ჩაშლილად: სამუდამო პატიმრობა მიესაჯა ტერაქტის 4 უშუალო შემსრულებელს, ასევე, კიდევ 11 ადამიანს, რომლებიც ტერაქტის ორგანიზებასთან იყვნენ კავშირში.
- გარდა ამისა, კიდევ ოთხ პირს მრავალი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
- როგორც დამოუკიდებელი რუსული მედია წერს, მრავალწლიანი პატიმრობისთვის გასამართლებულმა პირებმა თავდასხმის შესახებ არაფერი იცოდნენ.
- 22 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ალიშერ კასიმოვს, რომელმაც ტერაქტის შემსრულებლებს ბინა მიაქირავა.
- 19 წლითა და 11 თვით თავისუფლება აღეკვეთათ, ისროილ ისლომინს და მის ორ შვილს, დილოვარს და ამინჩონს. გამოძიება მათ ტერორისტებისთვის მანქანის მიყიდვაში ადანაშაულებს. თავდასხმის შემდეგ, მამა და შვილები საკუთარი ნებით დაუკავშირდნენ სამართალდამცავებს, როდესაც ახალი ამბების გამოშვებაში თავისი მანქანა იცნეს.
- რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მტკიცებით, ტერაქტი უკრაინის ხელისუფლებამ დაგეგმა.
წინარე ისტორია: 2024 წლის 22 მარტს მოსკოვის ოლქში, ქალაქ კრასნოგორსკში მდებარე საკონცერტო დარბაზ "კროკუს სითი ჰოლში", როკ ჯგუფ "პიკნიკის" კონცერტის მსვლელობის დროს ტერაქტი მოხდა.
- სროლა დაახლოებით 20:00 საათზე საკონცერტო დარბაზის ავტოსადგომზე დაიწყო. ოთხმა პირმა დაცვის შეუიარაღებული თანამშრომლები დაცხრილეს და შენობაში შევიდნენ.
- ტერორისტებმა ჯერ ფოიეში, შემდეგ კი დარბაზში შეკრებილ ხალხს გაუხსნეს ცეცხლი.
- თავდასხმის შედეგად დაიღუპა 149 ადამიანი, მათგან რამდენიმე ბავშვი.
- ტერაქტის შემსრულებლები სამართალდამცავებმა 23 და 24 მარტს დააკავეს.
- თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთმა ქვედანაყოფმა, "ვილაიათ ხორასანმა" აიღო.