Проект: ასათიანის ოჯახის ბიზნესპარტნიორი ГРУ-ს უფროსის მოადგილის შვილია
საქართველოში აშენებული პირველი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მფლობელის, მაკა ასათიანის ოჯახის ბიზნესპარტნიორი რუსეთის სამხედრო დაზვერვის (ГРУ) უფროსის მოადგილის, ვლადიმირ ალექსეევის შვილია.
ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ დამოუკიდებელი რუსული მედია Проект ავრცელებს - გამოცემა ამგვარ დასკვნამდე ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგად მივიდა, რომელიც სრულად მომდევნო კვირებში გამოქვეყნდება.
- საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობამდე სანავთობო ბიზნესით იყო დაკავებული მაკა ასათიანის შვილი პირველი ქორწინებიდან, კახი ჟორდანია.
- გამოცემის ცნობით, 2016-2023 წლებში ჟორდიანი კომპანია Oil energy Group-ს ფლობდა, რომლის წლიური შემოსავალი 17.5 მილიარდ რუბლს აღწევდა.
ჩაშლილად: 2018 წლიდან მოყოლებული კახი ჟორდანია კომპანია СДО Логистик-ის 25%-იან წილს ფლობს, კომპანია ნავთობის საავტომობილო გადაზიდვითაა დაკავებული. გასულ წელს კომპანიის მოგებამ 800 მილიონ რუბლს გადააჭარბა.
- ამ კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი კი სერგეი ალექსეევია, რომელიც Проект-ის მონაცემებით რუსეთის სამხედრო დაზვერვის უფროსის მოადგილის, გენერალ ვლადიმირ ალექსეევის ვაჟია.
- საკუთარი ბიზნესის დაწყებამდე უმცროსი ალექსეევი მიხაილ გუცერიევის კუთვნილ რუსნეფტში მუშაობდა - Reuters-ის ინფორმაციით, სწორედ ეს კომპანია გახდა ასათიანის კუთვნილი ქარხნის პირველი მიმწოდებელი.
დიდი სურათი: ვლადიმირ ალექსეევის ფიგურა ფართო წრეებისთვის ცნობილი ევგენი პრიგოჟინის შეიარაღებული მარშის დროს გახდა.
- აჯანყებიდან რამდენიმე საათში ალექსეევმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ვაგნერის მებრძოლებს ეუბნებოდა, რომ მათი მოქმედებები ქვეყნისა და პრეზიდენტის ზურგში დანის ჩაცემის ტოლფასია.
- უკვე დილის საათებში ალექსეევის თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, იუნუს-ბეკ ევკუროვთან ერთად ვაგნერის მიერ როსტოვში დაკავებული სამხრეთ სამხედრო ოლქის შტაბის შენობის ეზოში გამოჩნდა.
- ცნობილ ვიდეოში ალექსეევი და ევკუროვი შტაბის ეზოში მდებარე ფანჩატურში ევგენი პრიგოჟინს ეკამათებიან.
- საყურადღებოა, რომ უმცროსი ალექსეევის ბიზნეს ინტერესები აქამდეც უკავშირდებოდა მამის საქმიანობას - ცნობილია, რომ 2024 წლის თებერვალში სირიის მოქალაქეებთან ერთად დაარსა კომპანია СМ АГРО.
- ამ დროისთვის ალექსეევი სირიაში რუსეთის სამხედრო კონტინგენტის სადაზვერვო საქმიანობას ხელმძღვანელობდა, ხოლო მისი ვაჟის სირიელი ბიზნესპარტნიორი ასადთან დაახლოებული, მოჰამად ჯაბერი იყო.
დაეწიე ამბავს: ყულევის ტერმინალთან ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა ასათიანის კომპანიამ Black Sea Petroleum-მა 2024 წელს დაიწყო. მშენებლობა რამდენიმე ეტაპით წარიმართება და საბოლოოდ პროცესი 3-4 წელში დასრულდება.
- კომპანიის მონაცემებით ქარხნის თავდაპირველი გადამამუშავებელი სიმძლავრე წლიურად 1.1 მილიონ ტონა იქნება.
- პროექტის საინვესტიციო ღირებულება 700 მილიონი დოლარის ფარგლებშია - პროექტის თანაინვესტორებს შორისაა "საქართველოს განვითარების სახელმწიფო ფონდი" - პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდა პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე.
კონტექსტი: უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ რუსეთი საქართველოსთვის ნავთობპროდუქტების უმსხვილესი მიმწოდებელი გახდა.
- S&P-ის მონაცემებით, მხოლოდ 2023 წელს საქართველომ რუსეთისგან 1.4 მილიონი ტონა ნავთობპროდუქტი მიიღო, რომლის ღირებულაბემაც 1.1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.