"არსებითი პროგრესი" კონკრეტული შედეგების გარეშე - რა თქვეს პუტინმა და ტრამპმა

ალასკაში დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის თითქმის 3-საათიანი შეხვედრა დასრულდა - ერთობლივ პრესკონკონფერენციაზე შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტებმა განცხადებები გაავრცელეს და არ უპასუხეს ჟურნალისტების კითხვას.
State Of Play: შეხვედრის შემდეგ კონკრეტული შეთანხმებების ან მოლაპარაკებების შესახებ მხარეებს არ გამოუცხადებიათ.
რა თქვა ვლადიმირ პუტინმა
ერთობლივი პრეს-კონფერენცია ვლადიმირ პუტინმა წინასწარ მომზადებული განცხადების წაკითხვით დაიწყო. მისასალმებელ სიტყვაში რუსეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ამერიკელ კოლეგას მოწვევისთვის და ხაზი გაუსვა ადგილმდებაორებას. პუტინის თქმით, ალასკის გავლით ამერიკა და რუსეთი მეზობლები არიან და ალასკა რუსეთის ისტორიის ნაწილია.
პუტინმა ისაუბრა შეერთებული შტატებისა და რუსეთის ახლო თანამშრომლობის გამოცდილებაზე წარსულში და ამ კონტექსტში მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკისგან მიღებული სამხედრო დახმარება ახსენა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, გასული 4 წელი ძალიან რთული დაძაბული იყო ამერიკასთან ურთიერთობებში და რომ ამჟამად დიალოგის განახლების დრო დადგა.
მისი თქმით, მას დონალდ ტრამპთან ნაყოფიერი პირადი კონტაქტები ჩამოუყალიბდა და "აფასებს" ამერიკელი პრეზიდენტის მისწრაფებას დაასრულოს ომი და "ჩაწვდეს კონფლიქტის არსს."
ამასთანავე რუსეთის პრეზიდენტმა გაიმეორა, რომ კვლავ მოძმე ერად მიიჩნევს უკრაინელებს და მიმდინარე ომი რუსეთისთვისაც ტრაგიკულია.
წინა შემთხვევების მსგავსად რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კონფლიქტის დასარეგულირებლად საჭიროა "პირველადი პრობლემებისა და მიზეზების გადაჭრა."
ამავე კონტექსტში რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკელ პრეზიდენტთან უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზეც და განაცხადა, რომ ეთანხმება პოზიციას და ეს საბოლოო დარეგულირების ნაწილი უნდა იყოს.
ამავე კონტექსტში რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ევროპელი ლიდერები და გამოთქვა იმედი, რომ "ბრიუსელი არ მოახდენს ტრამპთან მიღწეული შეთანხმებების ტორპედირებას."
"იმედი მაქვს, რომ დღევანდელი მოლაპარაკებები გააგრძელებს გზას მშვიდობისკენ, მაგრამ ჩვენ პროვოკაციებსაც ველოდებით."
ამასთანავე პუტინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ტრამპის პრეზიდენტობის შემთხვევაში უკრაინაში ომი არ დაიწყებოდა და აღნიშნა, რომ უხარია ამერიკელი კოლეგის "საღსალამათად" ხილვა.
რა თქვა დონალდ ტრამპმა
დონალდ ტრამპის განცხადება პუტინთან შედარებით საგრძნობლად მოკლე იყო. ამერიკელი პრეზიდენტის თქმით, დღევანდელ მოლაპარაკებებში "დიდ პროგრესს" მიაღწიეს, თუმცა შეთანხმება ყველაფერზე ვერ მოხერხდა.
ამერიკელმა პრეზიდენტმა რამდენიმეჯერ განაცხადა, რომ უახლოეს საათებში გამართავს საუბრებს ნატოს წევრ, ევროპული სახელმწიფოებს ლიდერებთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
ტრამპის თქმით, "რამდენიმე პუნქტზე შეთანხმება მოხერხდა, რამდენიმეზე ვერა, მათი უმეტესობა მეორეხასირხოვანია, მაგრამ ერთი მათგანი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია."
ამასთანავე ამერიკელმა პრეზიდენტმა მოლაპარაკებების გაგრძელებისა და შემდგომი პროგრესის იმედი გამოთქვა და აღნიშნა, რომ ვლადიმირ პუტინთან ყოველთვის კარგი ურთიერთობები ჰქონდა.
"ჩვენ არ გვაქვს ცუდი შანსი მივაღწიოთ მშვიდობას, მაგრამ ჯერ ვერ მივაღწიეთ"- განაცხადა ტრამპმა.
__________________________________
პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ვლადიმირ პუტინმა დონალდ ტრამპს ინგლისურად მიმართა ფრაზით Next Time in Moscow (შემდეგ ჯერზე მოსკოვში) რაზეც ტრამპმა განაცხადა, რომ ამის გამო შესაძლოა გააკრიტიკონ, მაგრამ მსგავსი შესაძლებლობა არ გამორიცხა.
დასავლური პრესის ცნობით, თავდაპირველად დაგეგმილი ლანჩი გაფართოებული დელეგაციების შემადგენლობით აღარ გაიმართება და სამიტი პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენციით დასრულდა.
პრეზიდენტების შეხვედრა 3X3 ფორმატში გაიმართა, მასში რუსეთის მხრიდან მონაწილეობდნენ: ვლადიმირ პუტინი, სერგეი ლავროვი (საგარეო საქმეთა მინისტრი) და იური უშაკოვი (მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში), ხოლო შტატების მხრიდან: დონალდ ტრამპი, მარკო რუბიო (სახელმწიფო მდივანი) და სტივ უიტკოფი (აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი).