კურსკის ყოფილ გუბერნატორს 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

რუსეთის სასამართლომ კურსკის ყოფილ გუბერნატორს, ალექსეი სმირნოვს, 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ჩაშლილად: ეს ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი სასჯელია, რომელიც რუსეთში ბოლო 26 წლის განმავლობაში რეგიონის ხელმძღვანელისთვის მიუსჯიათ

  • სმირნოვი სასამართლომ დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ცნო დამნაშავედ.

  • სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოფილი მაღალჩინოსანი სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოიხდის.

  • პატიმრობასთან ერთად, სასამართლომ სმირნოვს 400 მილიონი რუბლის (დაახლოებით 5 მლნ დოლარი) ჯარიმა დააკისრა და 10 წლით სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აუკრძალა.

  • გარდა ამისა, სმირნოვს საბინაო-კომუნალური მეურნეობის დამსახურებული მუშაკის წოდება ჩამოერთვა.

  • გამოძიების ვერსიით, სმირნოვმა ქრთამი ორჯერ აიღო: პირველად სამშენებლო კომპანია "სტროიტეხნოგრუპისგან" (დაახლოებით $165 000), მეორედ კი კომპანია "კტკ სერვისისგან" (დაახლოებით $102 000).

  • ალექსეი სმირნოვი კურსკის ოლქს 2024 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე ხელმძღვანელობდა. დანიშვნამდე მას გუბერნატორის, რომან სტაროვოიტის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

  • სტაროვოიტი რუსეთის ტრანსპორტის მინისტრად დაინიშნა.

  • 2025 წლის 7 ივლისს, ვლადიმირ პუტინმა სტაროვოიტი მინისტრის თანამდებობიდან გადააყენა. იმავე დღეს, ოფიციალური ვერსიით, ყოფილმა ჩინოვნიკმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

კონტექსტი: 21-ე საუკუნის რუსეთში მხოლოდ ორ გუბერნატორს მიესაჯა უფრო ხანგრძლივი პატიმრობა, ვიდრე სმირნოვს.

  • 2022 წელს, 15-წლიანი პატიმრობა მიესაჯა სახალინის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, ალექსანდრ ხოროშავინს.

  • ხოლო 2023 წელს, მკვლელობაში ბრალდებულ ხაბაროვსკის მხარის ყოფილ ხელმძღვანელს, სერგეი ფურგალს, 22-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

  • სმირნოვის საქმე კურსკის ოლქში სამხედრო ფორტიფიკაციების მშენებლობას უკავშირდება. ეს ნაგებობები, რომლებიც მილიარდობით რუბლი დაჯდა, 2024 წელს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ერთ დღე-ღამეში გაარღვიეს.

მსგავსი სიახლეები