რუსეთი ჩინეთის სადესანტო ჯარებს აიარაღებს და ტაივანზე შეტევის მომზადებაში ეხმარება

რუსეთი ჩინეთის საჰაერო-სადესანტო ძალებს სპეციფიკურ შეიარაღებას აწვდის და ტაივანზე პოტენციური შეტევის მომზადებაში ეხმარება — რუსი სამხედრო სპეციალისტები ჩინელ კოლეგებს ყირიმის ანექსიის ელვისებური ოპერაციის გამოცდილებას უზიარებენ.

ვითარების არსი: ამის შესახებ აქტივისტური კიბერ-დაჯგუფების Black Moon-ის მიერ მოპოვებულ საიდუმლო დოკუმენტებშია საუბარი, რომელიც დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტმა (RUSI) შეისწავლა.

  • დოკუმენტების მიხედვით, გასული წლის ოქტომბერში ჩინეთმა რუსეთთან დადო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც შემდეგი ტიპის შეიარაღება უნდა მიიღოს:BMD-4 ტიპის 37 ერთეული მსუბუქი ამფიბიური სატრანსპორტო მანქანა; Sprut-ის ტიპის 11 ანტი-სატანკო თვითმავალი ჰაუბიცა; BTR-MDM ტიპის 11 ჯავშანტრანსპორტიორი.

  • ჯამურად კონტრაქტის წინასწარი ღირებულება 584 მილიონ დოლარს შეადგენს. ჩამოთვლილის გარდა, ჩინეთმა შეიძინა მართვისა და დაკვირვების სპეციალური მანქანები და ასევე თვითმფრინავებიდან მძიმე ჯავშანტექნიკის დესანტირებისთვის საჭირო პარაშუტის სისტემები.

  • დოკუმენტები მოწმობს პეკინსა და მოსკოვს შორის მიმდინარე განგრძობად მოლაპარაკებებს, მათ შორის მიმდინარე წლის აპრილში ჩინეთის მოთხოვნას, დააჩქარონ შესყიდული პროდუქციისა და სრული ტექნიკური დოკუმენტაციის მიწოდება, რათა დროულად მოხდეს მათი ადაპტირება ჩინურ სისტემებთან და პროგრამულ უზრუნველყოფასთან.

  • საიდუმლო დოკუმენტები ჩინეთსა და რუსეთს შორის სულ უფრო მზარდ და მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობაზე მიუთითებს.


ჩაშლილად: გასულ წელს ჩინეთმა და რუსეთმა 14 ერთობლივი სამხედრო წვრთნა ჩაატარეს, რაც 10 წლის წინანდელ მაჩვენებელს 2-ჯერ აღემატება.

  • მოპოვებულ დოკუმენტებში ნათქვამია, შეთანხმება საგრძნობლად გაზრდის ჩინეთის საჰაერო-სადესანტო ძალების მანევრირების უნარს ჰაერში და „მოგვცემს იერიშის დამატებით ოფციებს ტაივანის, ფილიპინების ან რეგიონში მდებარე სხვა კუნძულ-სახელმწიფოების წინააღმდეგ.“

  • მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ჩინეთის არმია ტექნოლოგიურად უფრო მოწინავეა, სამხედრო ექსპერტების შეფასებით, საჰაერო სახალხო-გამათავისუფლებელი არმია ამ კომპონენტში ჯერჯერობით საგრძნობლად ჩამოუვარდება რუსეთის გამოცდილებას.

  • „ჩინეთს აქვს შესაძლებლობა ბევრად უფრო მასშტაბური გახადოს რუსეთისგან მიღებული შეიარაღების მსგავსი სისტემების წარმოება,“ — ნათქვამია RUSI-ის მიერ მომზადებულ განხილვაში.

სტრიქონებს შორის: სამხედრო ექსპერტების შეფასებით, დესანტის გადასხმის ოპერაციები ჩინეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ფასეულია ტაივანზე პოტენციური შეტევის მომზადების პროცესში.

  • განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება მცირე საბრძოლო დანაყოფების წარმატებულ ტრანსპორტირებას ვერტმფრენებით — ამის გარეშე ჩინეთს გაუჭირდება კუნძულის დასაკავებლად საჭირო რაოდენობის მებრძოლების მობილიზება.

  • „მათ დეტალურად შეისწავლეს D-Day (მოკავშირეების გადასხმა ნორმანდიის სანაპიროზე ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ) და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ოპერაცია საჰაერო დესანტის კომპონენტის გარეშე ჩაფლავდებოდა,“ — ამბობს Washington Post-თან საუბარში ბრაუნის უნივერსიტეტის სამხედრო კათედრის პროფესორი, ლაილ გოლდშტეინი.

  • 2023 წლის პენტაგონის საიდუმლო შეფასების მიხედვით, არსებულ მდგომარეობაში ტაივანის საჰაერო თავდაცვის სისტემები მოწყვლადია მასირებული სარაკეტო დარტყმების წინააღმდეგ, რამაც პოტენციური კონფლიქტის პირობებში ჩინეთს შესაძლოა გადამწყვეტი საჰაერო უპირატესობა მისცეს.

  • გაზრდილი საფრთხეებისა და საზღვაო საზღვრის მახლობლად სულ უფრო ინტენსიური და მასშტაბური სამხედრო წვრთნებისა და ამერიკელი პრეზიდენტის არაერთგვაროვანი პოზიციის გათვალისწინებით, თვითმმართველმა კუნძულმა მიმდინარე წელს თავდაცვის ხარჯები მშპ-ს 3.5%-მდე გაზარდა.

კონტექსტი: რუსეთი წლების განმავლობაში ჩინეთისთვის შეიარაღების ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელი იყო, თუმცა გასულ წლებში უკრაინასთან მიმდინარე ომისა და გაზრდილი შიდა მოთხოვნის ფონზე რუსული იმპორტი ჩინეთში საგრძნობლად შემცირდა.

  • ტრადიციულადაც, ყველაზე მეტ და მრავალფეროვან რუსულ შეიარაღებას პეკინი თავისი სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის ყიდულობდა — ჩინეთის განკარგულებაშია 10-ზე მეტი რუსული სატრანსპორტო თვითმფრინავი Il-76.

  • მეტიც, 3 სექტემბერს პეკინში გამართულ მასშტაბურ სამხედრო აღლუმზე ჩინეთმა აღნიშნული თვითმფრინავების ჩინური მოდიფიკაციებიც წარადგინა.

სიღრმისეულად: ჩინეთმა ყველაზე მასშტაბურ აღლუმზე რეფორმირებული არმია და ბირთვული ტრიადა წარადგინა

მსგავსი სიახლეები