რუსეთი უკრაინაში ტერიტორიებს კარგავს - The Economist

რუსეთის მსხვერპლი უკრაინის ომში კატასტროფულად მაღალია, მისი საგაზაფხულო შეტევა კი ჩაფლავდა. 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად, რუსეთი ტერიტორიებს მცირედით, თუმცა უწყვეტად კარგავს.

ამის შესახებ დეტალურ მასალას ჟურნალი The Economist ავრცელებს.

ვითარების არსი: გამოცემის თანახმად, 12 მაისის მონაცემებით, დაღუპული რუსი სამხედროების რაოდენობა 280-დან 518 ათასამდე მერყეობს.

  • საერთო დანაკარგები (დაჭრილების ჩათვლით) 1.1–1.5 მილიონს აღწევს, რაც რუსეთის ომამდელი, გასაწვევი ასაკის მამაკაცთა 3%-ია.
  • ეს გათვლები სადაზვერვო უწყებების, თავდაცვის მაღალჩინოსნებისა და დამოუკიდებელი მკვლევრების მონაცემებს ეყრდნობა. ამას ემატება თავად ჟურნალის საომარი ტრეკერი, რომელიც საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობის მიხედვით ყოველდღიურ მსხვერპლს აფასებს.

მეორე მხარე: უკრაინის დანაკარგებზე ზუსტი მონაცემები მსგავსი მოდელირებისთვის არასაკმარისია, თუმცა CSIS-ის შეფასებით, დეკემბრისთვის ქვეყნის საერთო დანაკარგები 600 ათასს აღწევდა (აქედან 100-140 ათასი დაღუპული) - ეს მაჩვენებელი, ომამდელ მოსახლეობასთან პროპორციით, უკრაინისთვის უფრო მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე რუსეთის შემთხვევაში.

ჩაშლილად: The Economist-ის თანახმად, ჟურნალის ანალიზი ასევე მოიცავს დევნილობაში მყოფი რუსული გამოცემების, „მედუზასა“ და „მედიაზონას“ ახალ მონაცემებს.

  • ნეკროლოგების, სოციალური ქსელებისა და ადგილობრივი ახალი ამბების საფუძველზე, ამ გამოცემების ბაზაში იდენტიფიცირებულია 218 ათასზე მეტი დაღუპული ჯარისკაცი.
  • ამ რიცხვებს ისინი სამკვიდრო მოწმობების რეესტრს ადარებენ, რათა აღურიცხავი მსხვერპლი დაადგინონ.
  • ახლახან მათ დაამატეს სასამართლო გადაწყვეტილებებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და იმ სამხედროთა შესახებ, რომლებიც უცხედროდ გამოცხადდნენ დაღუპულად.

ტერიტორიული საკითხი: ამ მძიმე მსხვერპლის ფონზე, ფრონტზე რუსეთის წინსვლა მინიმალურია. საბრძოლო მოქმედებების გაფანტულობის გამო, ფრონტის ხაზის რუკაზე ასახვა სულ უფრო რთულდება.

  • უკრაინული დრონები რუსულ შენაერთებს ზურგშივე ანადგურებენ, რაც მოსკოვს ძალების შეუმჩნევლად გადასროლას ურთულებს.
  • ზოგიერთი წყაროს თანახმად, რუსეთი ტერიტორიების დაკავებას ნელა მაინც აგრძელებს, თუმცა ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) რუკებზე დაყრდნობით, მასალა აჩვენებს, რომ წელს რუსებმა მხოლოდ 220 კვადრატული კილომეტრი (უკრაინის ტერიტორიის 0.04%) დაიკავეს.
  • ამავდროულად, უკრაინამ ტერიტორიების უკან დაბრუნება დაიწყო: ბოლო 30 დღის საშუალო მაჩვენებლით, მან 189 კვადრატული კილომეტრი დაიბრუნა.
  • ჟურნალი ვარაუდობს, რომ, შესაძლოა, რუსეთი ძალებს საზაფხულო იერიშისთვის იკრებს, ან ეს ომში გარდამტეხი მომენტია.
სხვა წყაროები: 9 მაისს, დევნილობაში მყოფმა რუსულმა გამოცემებმა, Meduza-მ და Mediazona-მ რუსეთ-უკრაინის ომში დანაკარგების შესახებ ახალი კვლევა გამოაქვეყნეს.
  • მასალის თანახმად, 2025 წლის ბოლომდე უკრაინის წინააღმდეგ ომში დაახლოებით 352 ათასი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. ეს მაჩვენებელი ზრდის იმის ალბათობას, რომ რუსული და უკრაინული მხარეების ჯამური დანაკარგი ნახევარ მილიონამდე სამხედროს შეადგენს.
 

მსგავსი სიახლეები