გერმანელი გენერალი: რუსეთი ნატოს შესაძლოა 2029 წლამდე დაესხას თავს
ბუნდესვერის გენერალურმა ინსპექტორმა (ეს თანამდებობა გერმანიის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის პოზიციას შეესაბამება - რედ.) კარსტენ ბროიერმა მსოფლიო გააფრთხილა, რომ რუსეთი ნატოს ქვეყნებს, შესაძლოა, 2029 წლამდე დაესხას თავს.
ვითარების არსი: "სხვადასხვა ინდიკატორები - შეიარაღებისა და პირადი შემადგენლობის ზრდა, ეკონომიკური და პოლიტიკური მოვლენები - ერთ წერტილში იყრის თავს: 2029 წელი. შეიძლება ეს უფრო ადრე მოხდეს? დიახ," - განაცხადა ბროიერმა გაზეთ Süddeutsche Zeitung-თან ინტერვიუში, რომელიც 14 მაისს გამოქვეყნდა.
- გამოცემა ასევე ესაუბრა ბროიერის ბრიტანელ კოლეგას, ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების თავდაცვის შტაბის უფროსს, რიჩარდ ნაიტონს. მას ალიანსის ქვეყნებზე რუსეთის შესაძლო თავდასხმის ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ ტენდენცია აშკარაა.
- "საფრთხე იზრდება. რუსეთი უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების პროცესში სწავლობს და ახალ ტექნოლოგიებს ავითარებს. პუტინმა აჩვენა სუვერენულ სახელმწიფოებზე თავდასხმის მზადყოფნა. რაც უფრო ახლოს ხარ რუსეთის საზღვართან, მით უფრო მწვავედ იგრძნობა ეს," - ხაზგასმით აღნიშნა ბრიტანელმა სამხედრო მეთაურმა.
სტრიქონებს შორის: გერმანიიდან ამერიკული ჯარების გაყვანისა და ვაშინგტონიდან წამოსული წინააღმდეგობრივი სიგნალების ფონზე, ორმა გენერალმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ნატოს ერთიანობას.
- "ჩვენი პრობლემა მოსკოვშია და არსად სხვაგან," - განაცხადა ბროიერმა.
- მისი თქმით, აქედან გამომდინარე, გერმანიას უკვე ახლა სჭირდება ისეთი შეიარაღებული ძალები, რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში მზად იქნება დაუყოვნებლივ ჩაებან საბრძოლო მოქმედებებში.
დიდი სურათი: ბუნდესვერის გენერალურმა ინსპექტორმა ასევე დაადასტურა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დროს დაგეგმილი ამერიკული შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტების გერმანიაში განთავსება, სავარაუდოდ, აღარ შედგება.
- თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ ამერიკული რაკეტები დროებითი დაცვის ფუნქციას შეასრულებდნენ, სანამ გერმანია საკუთარ შორ მანძილზე მოქმედ დარტყმით და თავდაცვით საშუალებებს შექმნიდა.
- Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების განთავსება იგეგმებოდა ვლადიმერ პუტინის მიერ კალინინგრადში "ისკანდერის" ტიპის რაკეტების განლაგების საპასუხოდ.
- ბროიერის თქმით, ახლა ფედერალური მთავრობა "სასწრაფო წესით განიხილავს გარდამავალ გადაწყვეტილებებს," მათ შორის ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომი სისტემების შესაძლო შესყიდვას.
- ამ მიზნით, ბროიერი ახლახან პენტაგონს ეწვია.
- მაისის ბოლოს კი ვაშინგტონში გაემგზავრება გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი, რათა გააგრძელოს მოლაპარაკებები Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტების შესყიდვაზე.
კონტექსტი: მანამდე ბრიტანულმა გაზეთმა The Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პენტაგონმა გააუქმა გერმანიაში შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების განთავსების გეგმა.
- ეს მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას გერმანიიდან 5000 სამხედრო მოსამსახურის გაყვანის შესახებ - რაც გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის მიერ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ომის მკაცრ კრიტიკაზე პასუხი იყო.