გარდამტეხი კვირა - დონალდ ტრამპი სი ძინფინგთან შესახვედრად ემზადება
14-15 მაისს პეკინში დონალდ ტრამპს ელოდებიან - ეს უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, ჩინეთში ამერიკელი პრეზიდენტის პირველი სახელმწიფო ვიზიტი იქნება.
ცხადია, ეკონომიკურად მსოფლიოს 2 უმსხვილესი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა ყოველთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა, თუმცა არსებული გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით ტრამპი-სის სამიტის მნიშვნელობის გაზღვიადება პრაქტიკულად შეუძლებელია.
ვითარების არსი: მოახლოებული შეხვედრა მნიშვნელოვანი იქნება არამხოლოდ არსებული პრობლემების გადასაწყვეტად, არამედ დიდი გავლენა ექნება მომდევნო ათწლეულებზეც.
- წყაროების ცნობით, შეხვედრის ძირითადი თემების ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება: ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი, ვაშინგტონის და პეკინის ურთიერთობები და ხელოვნური ინტელექტის რეგულირება.
წინარეისტორია: ტრამპის ვიზიტი ჩინეთში ცოტა ხნის წინ ირანთან ომის დასრულების დედლაინად მიიჩნეოდა, სწორედ ამ მიზეზით გადაიდო ამერიკელი პრეზიდენტის მოგზაურობა, რომელიც თავდაპირველად გასულ თვეში იგეგმებოდა.
- თუმცა აქედან 1 თვის შემდეგ ირანსა და აშშ-ს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოქმედებს, თუმცა კონფლიქტი შორს არის დასრულებისგან.
- 10-დღიანი ლოდინის შემდეგ ამერიკის ადმინისტრაციიმ მიიღო თეირანის პასუხი მის მიერ შეთავაზებულ 14-პუნქტიან მემორანდუმზე - დონალდ ტრამპისთვის თქმით, ირანელების პასუხი მიუღებელია, ხოლო ზავი სულს ღაფავს.
ჩაშლილად: ტრამპის ადმინისტრაცია დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა ამ ვიზიტისთვის, რომელსაც თეთრი სახლის პრესსპიკერი, ანა კელი "უზარმაზარი სიმბოლური მნიშვნელობის სამიტს" უწოდებს.
- სიმბოლიზმის მიღმა ვიზიტმა პასუხი უნდა გასცეს მიმდინარე საუკუნის უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ კითხვებს: შესაძლებელია, თუ არა მსოფლიოს 2 ზესახელმწიფოს შორის არსებული უთანხმოებების მოთოკვა, თუ მათი ეკონომიკური განცალკავება და სამხედრო კონფრანტაცია გარდაუვალია?
- პოტენციური ბიზნეს გარიგებების განსახილველად ტრამპს ჩინეთში მიყვებიან უმსხვილესი ამერიკული კომპანიების მმართველებიც.
ინტრიგა: გასულ კვირებში განახლდა აშშ-სა და ჩინეთს შორის, ირანის გამო მიმდინარე ე.წ. სასანქციო ომი.
- თავდაპირველად, აშშ-ის ხაზინამ ირანული ნავთობის შესყიდვისთვის სანქციები დაუწესა ჩინეთის რამდენიმე ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს, უკვე გასულ პარასკევს ამერიკის სასანქციო სიაში აღმოჩნდა 3 ჩინური კომპანია, რომლებიც ვაშინგტონის თქმით, ისლამურ რესპუბლიკას ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე თავდასხმისთვის საჭირო სატელიტური ფოტოებით ამარაგებდნენ.
- ორივე შემთხვევაში ჩინეთის პასუხი საკმაოდ მკაცრი იყო - ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ აამოქმედა ე.წ. დამბლოკავი მექანიზმი, რომლის მიხედვითაც კომპანიებს ამერიკული სანქციების აღსრულება ეკრძალებათ.
სტრიქონებს შორის: "ტრამპი დარწმუნებულია, რომ მისი პერსონალური ურთიერთობები სი ძინფინგთან გაცილებით უფრო მჭიდრო და პრაგმატულია, ვიდრე ეს ვაშინგტონელ ქორებს ჰგონიათ"- წერს Axios და ყურადღებას ამერიკელი პრეზიდენტის ტრანზაქციულ ხასიათზე ამახვილებს.
- ტრამპის კრიტიკოსები ამერიკის პოლიტიკური სპექტრის ორივე მხარეს შიშობენ, რომ პრეზიდენტის მიდრეკილებამ ინდივიდუალური გარიგებებისკენ შესაძლოა ძირი გამოუთხაროს ტაივანის მხარდაჭერას.
- სავარაუდოა, რომ ტაივანი პრიორიტეტული საკითხი იქნება პეკინისთვის, რომელიც უკვე მრავალი წელია ცდილობს ამერიკას შეაცვლევინოს ტრადიციული "სტრატეგიული ბუნდოვანების" პოლიტიკა თვითმმართველი კუნძულის მიმართ.
- ამ დროისთვის ვაშინგტონის მიდგომა ტაივანის მიმართ შემდეგნაირად ჟღერს: "შეერთებული შტატები ეწინააღმდეგება სტატუს-კვოს ცალმხრივ ცვლილებას და არ უჭერს მხარს ტაივანის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებას."
- ამ ფორმულებში უმცირესი სემანტიკური ცვლილებაც კი - მაგალითად, რომ აშშ არათუ არ უჭერს მხარს ტაივანის დამოუკიდებლობას, არამედ მისი წინააღმდეგია - ჩინეთისთვის და პერსონალურად სი ძინფინგისთვის დიდი გამარჯვება იქნება.
დიდი სურათი: წყაროების ცნობით, სანაცვლოდ სი ძინფინგი ეკონომიკურ დაპირისპირებაში სერიოზულ დათმობებისთვის არის მზად, მათ შორის, დათანხმდეს ამერიკისგან სოიოს მარცვლების, ძროხის ხორცისა და ბოინგის ტიპის თვითმფრინავების მოცულობით და განგრძობით შესყიდვებს.
- ლიდერები პირველად განიხილავენ თანამშრომლობას ხელოვნური ინტელექტის დარეგულირების შესახებ, თუმცა აქ გარღვევის მოლოდინი ყველაზე ნაკლებია, რადგანაც ქვეყნებს შორის ტექნოლოგიის განვითარების კუთხით მწვავე შეჯიბრი მიმდინარეობს.
- მით უფრო, როდესაც კვლავ ნარჩუნდება საექსპორტო კონტროლი ამერიკული წარმოების მოწინავე ჩიპებზე, რომელთა ჩინეთისთვის მიყიდვა კვლავ აკრძალულია.
- მიუხედავად ამისა, ექსპერტების შეფასებით ჩინეთის მიერ შემუშავებული ხელოვნური ინტელექტის მოწინავე მოდელები მხოლოდ 6-თვით ჩამორჩებიან მოწინავე ამერიკულ მოდელებს.
- მთავარ საკითხებს შორისაა ჩინეთსა და აშშ-ს შორის სავაჭრო ომში გამოცხადებული ზავის გაგრძელება, რომელზეც ლიდერები გასულ წელს სამხრეთ კორეაში შეთანხმდნენ.
კონტექსტი: ომი, ვაჭრობა და ტექნოლოგიები - მომდევნო დღეებში ეს საკითხები დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის მნიშვნელოვან ტესტში გაერთიანდება, რომლის შედეგებიც განმსაზღვრელი იქნება არამხოლოდ 2 ქვეყნის ურთიერთობების ტრაექტორიისთვის, არამედ თავად პრეზიდენტ ტრამპის მემკვიდრეობისთვის.