WaPo: ტრამპმა დაბლოკა ტაივანისთვის $400 მილიონის სამხედრო დახმარების პაკეტი

დონალდ ტრამპმა დაბლოკა ტაივანისთვის განკუთვნილი 400 მილიონი დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემა — გადაწყვეტილება ჩინეთთან მიმდინარე რთული სავაჭრო მოლაპარაკებების ფონზე მიიღეს.

ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ ვითარებაში გაცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით Washington Post ავრცელებს. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამხედრო დახმარების პაკეტის შემადგენლობისა და გადაცემის თარიღის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.

  • წყაროების ცნობით, დახმარების პაკეტი მოიცავდა დრონებს და სხვადასხვა ტიპის უპილოტო აპარატებს.

  • საუბარია კონგრესის მიერ ტაივანის გაძლიერებისთვის გამოყოფილ გრანტზე, რომელიც ყოველწლიურად 1 მილიარდ დოლარს შეადგენს.

  • ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში აღნიშნული მექანიზმის გამოყენებით ტაივანს დაახლოებით 2.5 მილიარდი დოლარის შეიარაღება გადასცა.

  • ტაივანის საგარეო უწყებაში არაფერს ამბობენ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაზე და მიუთითებენ, რომ „ამერიკასთან მრავალმხრივი და მტკიცე თანამშრომლობა აქვთ, მათ შორის უსაფრთხოების სფეროშიც, და თანამშრომლობა გრძელდება.“

ჩაშლილად: ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდიდან მოყოლებული დონალდ ტრამპი ტაივანის სამხედრო დახმარების გაგრძელების წინააღმდეგ გამოდიოდა. მისი თქმით, „ტაივანი მდიდარი და ძლიერი ეკონომიკის ქვეყანაა და უსასყიდლო დახმარების ნაცვლად მათ უნდა შეიძინონ ამერიკული შეიარაღება.“

  • ამასთანავე, ტაიბეისა და ვაშინგტონს შორის კომერციული თანამშრომლობა აქტიურად მიმდინარეობს. წყაროების ცნობით, გასულ თვეში ანკორიჯში გამართულ შეხვედრაზე ტაივანმა ამერიკულ სამხედრო-სამრეწველო კომპანიებთან მილიარდობით დოლარის მოცულობის ხელშეკრულებები გააფორმა.

  • პარალელურად თვითმმართველი კუნძული მიმდინარე წელს თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდას გეგმავს. შესაბამის საბიუჯეტო ცვლილებებს უკვე განიხილავენ პარლამენტში.

  • ტაივანი თავდაცვას მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-ს ხარჯავს, რაც ტრამპის თქმით, „წარმოუდგენლად დაბალია.“ ამერიკელმა პრეზიდენტმა რამდენიმეჯერ მოუწოდა ტაიბეის თავდაცვის ხარჯები მშპ-ის 10%-მდე გაზარდოს.

  • თავის მხრივ, ტაივანის პრეზიდენტი ლაი ცინგ-ტე ამბობს, რომ 2030 წლისთვის თავდაცვის ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაიზრდება.

სტრიქონებს შორის: კომენტატორების შეფასებით, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება განპირობებულია სურვილით „არ გააღიზიანოს“ ჩინეთი მიმდინარე რთული სავაჭრო მოლაპარაკებების ფონზე.

  • ტრამპს მალევე მოუწია მის მიერ ჩინეთთან გამოცხადებული სავაჭრო ომის შეჩერება. მალევე დაიწყო სავაჭრო მოლაპარაკებები შვეიცარიაში, რომელიც ამ დრომდე გრძელდება.

  • შექმნილი სირთულეების ფონზე ტრამპს მოუწია ე.წ. „ჩიპების აქტის“ პირობების შერბილება, რომელიც კრძალავს ჩინეთში მოწინავე ჩიპების ექსპორტს.

  • ეკონომისტები ამბობენ, მოლაპარაკებებში პეკინი იშვიათი მინერალების ექსპორტის სახით მძლავრ ბერკეტს ფლობს, რამაც ამერიკული ადმინისტრაცია აიძულა, წასულიყო დათმობებზე.

  • საუბარია სხვადასხვა ტიპის იშვიათ მეტალებზე — როგორც ნედლეულზე, ასევე უკვე დამუშავებულ და გამოყენებისთვის მზა პროდუქციაზე, რომლებიც აუცილებელია როგორც სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსისთვის, ასევე სამოქალაქო დანიშნულების სხვადასხვა ტექნოლოგიური ნაწარმისთვის.

  • ჩინეთი იშვიათი მეტალების უმსხვილესი მომპოვებელი და ექსპორტიორია.

კონტექსტი: 29 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ჩინეთთან დაზავების მიდგომის ფარგლებში თეთრმა სახლმა უარი უთხრა ტაივანის პრეზიდენტს ნიუ-იორკში ვიზიტზე.

  • ჩინეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ტაივანის წარმომადგენლების ვიზიტებს შეერთებულ შტატებში, რომელსაც არ აქვს ოფიციალური დიპლომატიური კავშირი ტაივანთან.

  • პროტესტის მიუხედავად, 2023 წელს ბაიდენის ადმინისტრაციამ ტაივანის იმდროინდელ პრეზიდენტს, ცაი ინგ-ვენს, ნიუ-იორკში ტრანზიტული ვიზიტის ნებართვა მისცა, რასაც ჩინეთის მხრიდან კუნძულის ირგვლივ დაწყებული მასშტაბური სამხედრო წვრთნების ციკლი მოჰყვა.

მსგავსი სიახლეები