2016 წელს დონალდ ტრამპის არჩევას რუს პროპაგანდისტებსა და ოფიციალურ თანამდებობების პირების ზეიმი, დუმის კაბინეტებში შამპანურების გახსნა მოჰყვა - ამერიკასთან დიდი შეთანხმების მოლოდინით გახარებულ რუსეთის დედაქალაქში დონალდ ტრამპის პოსტერებით ავტონოკოლონებიც გამოჩნდა.
2016 წლის მოსკოვთან შედარებით, მიმდინარე წლის ნოემბერში ზეიმი არ გვინახავს ქართული ოცნების ოფისებში, თუმცა მათი მაღალჩინოსნების განცხადებებში ღია სიხარული, შესაძლოა ერთგვარი შვებაც მარტივად იკითხებოდა, ეს არც არის გასაკვირი. საქმე ის არის, რომ ქართულმა ოცნებამ 2024 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე "უნიკალური" და ძალიან სარისკო თამაში აწარმოა.
ბაიდენის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების დაძაბვის ფონზე, ქართული ოცნების დამფუძნებელმა პრაქტიკულად უარი თქვა ვაშინგტონთან კომუნიკაციაზე. ამგვარად ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები და უსაფრთხოების ერთადერთი, არასრულყოფილი, მაგრამ ერთადერთი გარანტია ივანიშვილის პირადი კეთილდღეობის საკითხის მძევალი აღმოჩნდა.
მთელი გასული წლის განმავლობაში ივანიშვილსა და ბაიდენის ადმინისტრაციას შორის ურთიერთობები ნელ-ნელა, მაგრამ შეუქცევადად ფუჭდებოდა. ამ მოცემულობაში პირველად საქართველოს ისტორიაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო და ფინანსური სანქციები დაუწესა ქართველ თანამდებობების პირებს. საბოლოოდ ეს ყველაფერი ამერიკის მხრიდან საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის მექანიზმის შეჩერებით დასრულდა. ვითარებიდან გამოსავლად ოცნებაში ამერიკის პრეზიდენტის არჩევნებს ასახელებდნენ და არ მალავდნენ, რომ ვითარების გამოსწორების ერთადერთი შანსი მათთვის დონალდ ტრამპის გამარჯვება იქნებოდა.
ამ დროისთვის ოცნების ფსონი გამართლდა, დონალდ ტრამპმი ამერიკის 47-ე პრეზიდენტია, თუმცა ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ივანიშვილმა პირადი ინტერესები ქვეყნის ინტერესებზე წინ დააყენა და ამერიკის შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებაში გამოკვეთილი პოზიცია დაიკავა.
ტრამპის გამარჯვება ვერ ცვლის იმ ზიანს, რომელსაც უკვე ვხედავთ, პირველად დამოუკიდებლობის ისტორიაში საქართველო დარჩენილია ამერიკული დახმარების გარეშე როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით, გაზრდილია უსაფრთხოების რისკები.
ქართული ოცნების ფსონი ნაწილობრივ გამართლდა, უფრო ზუსტად მათთვის ყველაზე ცუდი სცენარი არ განხორციელდა და დემოკრატიული პარტია თეთრ სახლს ტოვებს, თუმცა ბოლომდე გაუგებარია რით არის განპირობებული მათი რწმენა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის გადატვირთვას შეძლებენ. უკვე გასაგებია თუ როგორ და რა მეთოდებით შეეცდება ოცნება ტრამპის გუნდთან დაახლოებას და საერთო ენის პოვნას, მაგრამ მათი მიდგომის წარმატება მრავალი ფაქტორის გამო ძალიან საეჭვოა.
"როგორც ტრამპი იტყვის ისე იქნება"- განაცხადა ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში ხმალამაღლებული ებრძოდა "დასავლურ კოლონიალიზმს" საქართველოში და ქვეყნის სუვერენიტეტის ისტორიულ განმტკიცებაზე საუბრობდა."
ამასთანავე, კობახიძე უარყოფს აშშ-ს საგარეო პოლიტიკის მემკვიდრეობითობის ხანგრძლივ ტრადიციას, ინსტიტუციონალურ მეხსიერებას და ფართე ორპარტიულ კონსენსუსს საქართველოსთან მიმართებით და ამბობს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებებით ცდილობს მაქსიმალურად გაურთულოს ვითარება ტრამპის გუნდს - "ეს დროებითი მოვლენაა"- ამბობს კობახიძე.
ქართული ოცნების პროპაგანდისტები თავიანთ შეფასებებში ნაკლებად დიპლომატიურები არიან და სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებებს მიმავალი ადმინისტრაციის "კუდის ბოლო მოქნევად" აფასებენ.
ქართული ოცნების ამგვარი შეფასების ნაივურობა მეტყველებს დონალდ ტრამპის მრჩეველის მაიკლ უოლცის კომენტარი ბაიდენის ადმინისტრაციასა და ტრამპის გარდამავალ გუნდს შორის არსებული კომუნიკაციის შესახებ.
"რაც შეეხება ჩვენს მოწინააღმდეგეებს, ვისაც ჰგონია, რომ ახლა კარგი მომენტია ბაიდენის და ტრამპის ადმინისტრაციებს შორის დაპირისპირების გასაღვივებლად - ისინი ცდებიან, ჩვენ ერთად ვმოქმედებთ, ამ გარდამავალ მომენტში ჩვენ ერთი გუნდი ვართ",- განაცხადა მაიკლ უოლცმა Fox News-თან საუბარში.
მიუხედავად ამისა, დონალდ ტრამპის მეორედ მოსვლამ თეთრ სახლში ქართული ოცნებას კვაზირელიგიური მოლოდინები გაუჩინა, რომლის შემდეგაც ყველაფერი ჯადოსნური მეთოდით, მარტივად და სწრაფად "დალაგდება." რაც უფრო მნიშვნელოვანია ეს ამ დროისთვის მმართველი პარტიის პროპაგანდის გენერალური ხაზია, რომლითაც ცდილობს შეინარჩუნოს პროდასავლური ძალის იმიჯი და მომხრეებს შთააგონოს, რომ იციან რას აკეთებენ.
შესაძლოა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მართლაც იცოდეს და გააზრებული ჰქონდეს რასაც აკეთებს, თუმცა ამგვარი რწმენის დამყარება ადამიანზე, რომელიც საგარეო ურთიერთობებში ე.წ. შეშლილის (Mandmen Theory) თეორიის მიმდევარია და მთავარ აქტივად და უპირატესობად მის არაპროგნოზირებად ხასიათს მიიჩნევს როგორც მინიმუმ გადაჭარბებულ ოპტიმიზმად მოსჩანს.
ამგვარი ოპტიმიზმი უფრო გადაჭარბებულია იმის გათვალისწინებით, რომ ტრამპის გარდამავალ ადმინისტრაციასა და ოცნებასა შორის საჯარო კომუნიკაცია ჯერ კიდევ არ გვინახავს. მეტიც, ქართულ მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, ივანიშვილის გუნდმა რამდენიმეჯერ სცადა დონალდ ტრამპთან შეხვედრის ორგანიზება, თუმცა ყოველ ჯერზე წარუმატებლად.
რეალპოლიტიკას წყაროს ინფორმაციით, ივნისში ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის მიმდინარეობისას ირაკლი კობახიძის ოფისმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მეშვეობით სცადა ტრამპის გუნდთან დაკავშირება, თუმცა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. იმის გათვალისწინებით, რომ პირველ დეკემბერს თანამდებობა დატოვა საქართველოს ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, დავით ზალკალიანმა, ამგვარი კომუნიკაციის ალბათობა გასულ კვირებში არ გაზრდილა.
ჯერჯერობით არ შემდგრა შეხვედრა ამერიკის ელჩთან საქართველოში, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა არჩევნებამდე ცოტა ხნით ტელეკომპანია იმედთან ინტერვიუში დაანონსა.
კობახიძის თქმით, ქართულ ოცნებას აქვს კომუნიკაცია ტრამპის გუნდთან, თუმცა უარს ამბობს დეტალების გასაჯაროებაზე და მიუთითებს, რომ ეს "შიდა სამზარეულოა." ქართული ოცნება ბოლო თვეებში უპრეცედენტო საგარეო იზოლაციაშია, პარტიისთვის საპარლამენტო არჩევნების შედეგები არ მიულოცია არცერთ დასავლურ დემოკრატიას, უნგრეთის და სლოვაკეთის გარდა. დასავლელი კოლეგების მილოცვის გარეშე დარჩა ქართული ოცნების მიერ არჩეული მიხეილ ყაველაშვილიც.
ამერიკის შეერთებულ შტატებს ჯერჯერობით არ მიუღია 26 ოქტომბრის არჩევნების არალეგიტიმურად ცნობის გადაწყვეტილება და მაღალი ალბათობით, თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს ეს ეუთო-ოდირის ვრცელი ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ მოხდება.
დონალდ ტრამპთან კომუნიკაციის ნაწილში უფრო წარმატებული აღმოჩნდა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც დონალდ ტრამპს 7 დეკემბერს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის საზეიმო გახსნაზე ცოტა ხნით შეხვდა. იმის გათვალისწინებით, რომ ზურაბიშვილი არ ცნობს ქართული ოცნების ლეგიტიმურობას და მათ არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს მას შესაძლოა ეპოვა "სწორი სიტყვები" ტრამპთან საუბრისას, რომელიც თავის მხრივ დღემდე არ აღიარებს 2020 წლის არჩევნების შედეგების სამართლიანობას.
თავად ტრამპი ამერიკის რიგით მესამე პრეზიდენტია, რომელიც საქართველოში ნამყოფია: რიჩარდ ნიქსონი, ამერიკის 37-ე პრეზიდენტი საქართველოს უკვე ყოფილი პრეზიდენტისა და ჯორჯ ბუშ უფროსის წარმომადგენლის რანგში, 1991 წელს გამართული დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შემდეგ ეწვია.
ჯორჯ ბუში ამ დრომდე ამერიკის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. რაც შეეხება დონალდ ტრამპს ის საქართველოს პოლიტიკური კარიერის დაწყებამდე, 2012 წელს, უძრავი ქონების მაგნატის რანგში სტუმრობდა.
იმ დროს დონალდ ტრამპი ცდილობდა საკუთარი ბიზნესების გაფართოებას ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფოებში, ხოლო საქართველოში ვიზიტი და მისი ბრენდის შემოსვლა New York Times-ის ცნობით, ტრამპისა და მიხეილ სააკაშვილის 2-წლიანი მეგობრობის შედეგი იყო. ამას წინ უძღოდა დონალდ ტრამპის ყოფილი მეუღლის, ივანა ტრამპის ვიზიტი ბათუმში Silk Road Group-ის მოწვევით, რომელიც მოგვიანებით უნდა გამხდარიყო კიდეც პროექტის მთავარი ინვესტორი. საქართველოში ჩამოსვლამდე ტრამპმა ქვეყანაში მისი ადვოკატი მაიკლ კოენი გამოგზავნა, რომელიც მოგვიანებით ერთ-ერთ საქმეზე მისი უფროსის წინააღმდეგ საკვანძო მოწმე გახდა.
დონალდ ტრამპის ვიზიტიდან 6 თვეში ნაციონალურმა მოძრაობამ საპარლამენტო არჩევნები წააგო. ტრამპის ბრენდის შემოსვლა შეფერხდა - პროექტი, რომლის ღირებულებაც 300 მილიონ დოლარს უტოლდებოდა და რომლის ფარგლებშიც თბილისსა და ბათუმში ტრამპის ბრენდის ქვეშ მოქმედი 2 სასტუმრო უნდა აშენებულიყო გაჭიანურდა. საბოლოოდ პროექტი 2016 წელს დონალდ ტრამპის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ "ინტერესთა კონფლიქტის" გამო ტრამპის ქართველმა პარტნიორმა, გიორგი რამიშვილმა ჩაშლილად გამოაცხადა. ბათუმის სანაპიროზე აშენებული სასტუმრო ტრამპის ბრენდის გარეშე გაიხსნა, ხოლო თბილისის პროექტის მშენებლობა არც დაწყებულა.
პროექტს გამოეხმაურა არჩევნებში გამარჯვებული ივანიშვილი და განაცხადა, რომ ტრამპი საქართველოში თავისი ფულის ჩადებას არ აპირებდა (რედ. კონტრაქტი არ ითვალისწინებდა ტრამპისგან პროექტში ინვესტირებას) - "ეს ერთგვარი ტრიუკი იყო, ტრამპს ფული გადაუხადეს და ორივე მხარე შეთანხმებულად მოქმედებდა. როგორც იცით სააკაშვილი ასეთი ტყუილების ოსტატია. მე არ ვიცი ეს რა პროექტია, არასდროს დავინტერესებულვარ, მაგრამ ჩვენ არაფერს გავაკეთებთ ასეთ ზღაპრებზე დაფუძნებით",- ამბობდა ივანიშვილი.
სააკაშვილი ტრამპთან ახლო ურთიერთობის შენარჩუნების პრეზიდენტობიდან წასვლის შემდეგაც ცდილობდა. ამ ძალისხმევის ფარგლებში სააკაშვილი ამერიკის კონსერვატიული მედიის ხშირი სტუმარი იყო 2019 წელს. ამ დროს რობერტ მიულერის გამოძიების დასკვნა გამოქვეყნდა, რომელიც 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევას და ტრამპის გუნდთან კავშირებს ეხებოდა. Fox News-ზე მიწვეული სააკაშვილი მხურვალედ იცავდა ტრამპს და ამბობდა, რომ რუსეთთან მისი კავშირების შესახებ გავრცელებული ხმები თავიდანვე "სისულელედ" მიაჩნდა.
გაპრეზიდენტების შემდეგ, ტრამპის ადმინისტრაციამ დიდწილად გააგრძელა წინა ადმინისტრაციების პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით, თუმცა იყო პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელოვანი და ახალი გზავნილები. მათ შორის სწორედ ტრამპის პრეზიდენტობის წლებში მიიღო საქართველომ და უკრაინამ Javelin-ის ტიპის ანტი-სატანკო სისტემები. ამავე პერიოდში კონგრესმა მიიღო კანონი, რომელიც კრძალავდა იმ ქვეყნებთან თანამშრომლობას, რომლებიც აღიარებდნენ ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების დამოუკიდებლობას.
2017 წლის 31 ივლისს საქართველოს ეწვია ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსი. მაშინ ტურნეს ფარგლებში პენსი აღმოსავლეთ ევროპის ნატოს წევრ სახელმწიფოებს სტუმრობდა, საქართველო ალიანსის ერთადერთი არაწევრი სახელმწიფო იყო, რომელსაც ამერიკელი ვიცე-პრეზიდენტი ეწვია. ამას წინ უძღოდა ამავე წლის 8 მაისს, საქართველოს იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიღება თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში. უკვე ტრამპის პირველი ვადის მიწურულს საქართველოს ეწვია სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო.
მაიკ პენსს დონალდ ტრამპთან ურთიერთობები 2020 წლის არჩევნების შემდეგ მალევე გაუფუჭდა. მოგვიანებით პენსი შიდა პარტიულ პრაიმერისზე ტრამპის კონკურენტიც იყო, თუმცა მისი მცდელობა მალევე კრახით დასრულდა. რაც შეეხება მაიკ პომპეოს, მან შეძლო დონალდ ტრამპთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნება, პომპეო სიტყვით გამოვიდა რესპუბლიკური პარტიის კონვენციაზეც. ამერიკული პრესა პომპეოს მომავალ ადმინისტრაციაში მაღალ თანამდებობას უწინასწარმეტყველებდა, თუმცა მალევე დონალდ ტრამპმა მსგავსი შესაძლებლებლობა მკაფიოდ გამორიცხა.
2016 წელს საპრეზიდენტო არჩევენებში გამარჯვება მოულოდნელი იყო არამხოლოდ მოწინააღმდეგეებისთვის, არამედ თავად ტრამპისთვისაც. ამ ვითარებაში ანტი-ისტემბლიშმენტურ ტალღაზე მოსული ტრამპი იძულებული იყო საგარეო პოლიტიკის საკითხებში მისი ინსტიქტის გარდა, რესპუბლიკური პარტიის გამოცდილ კადრებს დაყრდნობოდა - იმ პოლიტიკური ფილოსოფიის სკოლის წარმომადგენლებს, რომლებსაც ქორებად მოიხსენიებენ.
ამჯერად ვითარება განსხვავებულია, როგორც მსოფლიოში, ასევე ტრამპის გარემოცვაში. ეჭვგარეშეა, რომ 2021 წლის 6 იანვრის შემდეგ ტრამპის საკადრო გადაწყვეტილებების მთავარი პრინციპი არაკომპეტენტურობა არამედ პერსონალური ლოიალობაა. ტრამპის ირგვლივ მცურავი რესპუბლიკელები შეგვიძლია 3 პირობით ბანაკად დავყოთ: იზოლაციონისტები, ქორები, პრიორეტისტები. კაბინეტის ყველაზე მნიშვნელოვანი პოზიციების დაკომპლექტების შემდეგ ნათელია, რომ საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით კვლავ ქორების ბანაკი დაწინაურდა და ეს მაღალი ალბათობით არ არის კარგი ამბავი ქართული ოცნებისთვის.
სახელმწიფო მდივნად დანიშნული მარკო რუბიო საქართველოს აქტიური მხარდამჭერია და კარგად იცნობს საქართველოს კონტექსტს, ის რუსეთის მიმართ ხისტი პოლიტიკის მომხრეა. გარდა ამისა, რუბიო ირანისა და ჩინეთის მიმართ გამორჩეულად მკაცრი პოლიტიკის მომხრეა. სავარაუდოა, რომ ქართულ ოცნებას გაუჭირდება რუბიოსთან საერთო ენის გამონახვა იმ ფონზე, როდესაც მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველომ სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა ჩინეთთან, რომელსაც მომავალი სახელმწიფო მდივანი ამერიკის სტრატეგიულ მეტოქედ და მთავარ საფრთხედ აღიქვამს.
უნდა ვივარაუდოთ, რომ ტრამპის ადმინისტრაციისთვის კითხვის ნიშნებს გააჩენს ქართული ოცნების გადაწყვეტილება ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, რომელიც ახალი კონტრაქტით ჩინურმა სახელმწიფო კომპანიამ უნდა ააშენოს და რომლის მიმართ ტრამპის პირველ ადმინისტრაცია ინტერესს იჩენდა.
სავარაუდოა, ტრამპის ადმინისტრაციასთან "დიდი დალაგების" გზაზე ქართული ოცნებას სერიოზულად დაბრკოლებად დახვდება ირაკლი კობახიძის ვიზიტები თეირანში, რომლის ფარგლებშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჰამასის აწ უკვე გარდაცვლილი ლიდერის, ისმაილ ჰანიეს გვერდით პოზირებდა.
ირანისა და მისი პროქსი ძალების მიმართ კიდევ უფრო მკაცრი პოზიციები აქვს, დონალდ ტრამპს მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკლ უოლცს. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე The Economist-ში გამოქვეყნებულ სვეტში უოლცი წერდა, რომ აშშ-მ ირანის ბირთვული პროგრამის შესაჩერებლად სამხედრო მოქმედების გეგმა უნდა შეიმუშავოს. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი ადმინისტრაციის საკვანძო ფიგურაა, რომელიც კოორდინირებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას სადაზვერვო, სამხედრო, საკანონმდებლო და აღმასრულებელ უწყებებს შორის.
რუსეთ-ჩინეთი-ირან-ჩრდილოეთ კორეის ერთიანი ღერძთან დაპირისპირების მნიშვნელობაზე ისაუბრა დონალდ ტრამპმა მიმდინარე წლის ზაფხულში Bloomberg-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. გარდა ამისა, დონალდ ტრამპმა 100%-იანი ეკონომიკური ტარიფების დაწესებით დაუმუქრა BRICS-ს, რომლის მზარდ როლსა და ბლოკთან დაახლოების მნიშვნელობაზე სულ უფრო ხშირად საუბრობენ ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული პროპაგანდისტები.
ქართული ოცნებასა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის ურთიერთობების გადატვირთვა კიდევ უფრო სათუოა იმის გათვალისწინებით, რომ მაიკლ უოლცს კონგრესმენის რანგში, 2020 წელს ხელმოწერილი აქვს წერილი, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას სთხოვდა. დოკუმენტის ხელმომწერთა შორისაა კონგრესის სპიკერი, მაიკლ ჯოსნონი.
ავტორები წერდნენ, რომ "არსებული სანქციები საკმარისად არ მიემართება პუტინის მარიონეტებს, რომლებიც ძირს უთხრიან ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს. ბიძინა ივანიშვილი, საქართველოში უმდიდრესი ადამიანი, არის ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირე და ჩართულია რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაში."
"დიდი დალაგება" კიდევ უფრო სათუოდ მოსჩანს, თუ საკანონმდებლო დონეზე არსებულ ვითარებას და ძალთა ბალანსს გავითვალისწინებთ. 5 ნოემბრის არჩევნების შედეგად რესპუბლიკური პარტიამ კონგრესის ორივე პალატაში მყარი უმრავლესობა მოიპოვა.
სენატში საკუთარი ადგილები შეინარჩუნა 14-დან (6 რესპუბლიკელი და 8 დემოკრატი) 13 სენატორმა, რომლებიც გაზაფხულზე ქართულ ოცნებას ე.წ. რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდობდნენ. მეტიც, მათგან ერთ-ერთი ჯიმ რიში იანვრიდან ზედა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გახდება. რიში ქართული ოცნების აქტიური კრიტიკოსი და ხისტი ზომების მომხრეა.
ოცნებისთვის ვითარება უკეთესად არ გამოიყურება კონგრესის ქვედა პალატაშიც, რომელშის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი ივანიშვილის ვლადიმირ პუტინის მარიონეტს უწოდებს, არ ცნობს ქართულ ოცნების ლეგიტიმაციას და სახელმწიფო დეპარტამენტს სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. ჯო უილსონი კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მიიჩნეოდა, თუმცა ბოლო ცნობებით, რბოლაში ბრაიან მასტი დაწინაურდა. მიუხედავად ამისა, უილსონი დონალდ ტრამპის ძველი მხარდამჭერი და მისი გარემოცვის წევრია და მისი გავლენა განახლებულ კონგრესშიც შენარჩუნდება.
რაც უფრო მნიშვნელოვანია საქართველოს მიმართ ორივე პალატაში საკმაოდ ხანგრძლივი ორპარტიული მიდგომაა - ამაზე მეტყველებს საქართველოს მხარდამჭერი კონგრესსა და სენატში რეგისტრირებული 2 ორპარტიული საკანონმდებლო აქტი. MEGOBARI აქტი, რომლის ინიციატორიც ჯო უილსონია და რომელსაც მხარს უჭერს კიდევ 3 რესპუბლიკელი კონგრესმენი ითვალისწინებს იმ პირების სანქცირებას, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე.
გარდა ამისა, სსაუბარია ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის ავტორებით შედგენილ "ქართველი ხალხის აქტზე", რომელიც მიმდინარე წლის მაისში დარეგისტრირდა და საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე პასუხისმგებელი პირების სანქცირებას და ურთიერთობების გადახედვას ითვალისწინებს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებითაც, რამის დარწმუნებით თქმა უბრალო მარჩიელობა იქნება - დონალდ ტრამპი ტრანზაქციული ბუნების ადამიანია, რომელიც პოლიტიკას გარიგებების პრიზმაში აღიქვამს, თუმცა აქაც ბოლომდე გაუგებარია თუ რა შეიძლება შესთავაზოს ოცნებამ ამერიკის 47-ე პრეზიდენტს.
ქართული ოცნებაში ტრამპთან საერთო ენის პოვნის გზად თვალთმაქცობა წარმოუდგენიათ - ისინი ცდილობენ თავი იმავე იდეოლოგიური ბანაკის წევრებად წარმოადგინონ, რომელსაც ტრამპი მიეკუთვნება. რეალობის ჩანაცვლებით საქართველოსა და დასავლეთში არსებული სოციალური დისკურსების აღრევით ისინი ცდილობენ თავი იმავე მემარჯვენე-კონსერვატიულ პოლიტიკურ ძალებს მიაკუთვნონ, მერე რა, რომ პარტია გარიცხვამდე (2023 წლის ივნისი) ევროპის მემარცხენე სოციალისტური გაერთიანების წევრი იყო. ქართული ოცნებისა და ბიძინა ივანიშვილისთვის პოლიტიკური ტანსაცმლის გამოცვლა პირველ რიგში ძალაუფლების შენარჩუნების ინსტრუმენტია.
სავარაუდოა, რომ ტრამპთან კომუნიკაციის ნაწილში ოცნების მთავარი იმედები უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს უკავშირდება, რომელიც ევროპაში ტრამპის მთავარი მოკავშირის იმიჯის დამკვიდრებას ცდილობს. მიუხედავად ამისა, ორბანის მედიაციის თუ ასეთი არსებობს შედეგები ჯერ არ გვინახავს. ამასთანავე, ოცნებაში არ უნდა დაავიწყდეთ, რომ ვიქტორ ორბანი ტრამპზე მეტად ტრანზაქციული ხასიათის პოლიტიკოსია და მის მიერ პრინციპული პოზიციის შეცვლა პირველ რიგში სწორი ფასის საკითხია.
როგორც ეს არაერთხელ მომხდარა ორბანი მზად არის იცვალოს ფერი თუ კი ამაში კარგ ფასს შესთავაზებენ. თვისობრივად ასე მოხდა ოცნების შემთხვევაშიც - ვიქტორ ორბანი ერთ დროს თავს მიხეილ სააკაშვილის ერთგულ მეგობარს უწოდებდა და მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებსაც გმობდა, თუმცა დღეს ამ მეგობრობისგან არაფერია დარჩენილი - "ბიზნესი, არაფერი პირადული."
ტრამპთან პერსონალურად ურთიერთობის განმხუტვის შანსს ამცირებს ისიც, რომ საქართველო და ზოგადად სამხრეთ კავკასია მაღალი ალბათობით ამერიკელი პრეზიდენტის პრიორეტიტეტების სიის ბოლოშია, მით უფორ იმის გათვალისწინებით, რომ გასულ წლებში სამხრეთ კავკასიაში ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობა შესამჩნევად მცირდება. ამგვარად მოსალოდნელია, რომ საქართველოს მიმართ პოლიტიკა უმთავრესად კონგრესში ჩამოყალიბდება და დიდწილად რესპუბლიკური პარტიის ხედვებს დაემყარება.
შექმნილ ვითარებაში ქართული ოცნებისთვის დადებითი ასპექტი იყოს, რომ როგორც წესი რესპუბლიკური ადმინისტრაციები დემოკრატიულ ადმინისტრაციებთან შედარებით ნაკლებ ყურადღებას უთმობენ ადამიანის უფლებების დაცვის თემას, თუცმცა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის წარმოქმნილი უთანხმოება ინსტიტუციონალური ხასიათისაა და ეს უთანხმოებები ვერ გადაწყდება პერსონალურ დონეზე.
თუმცა ჩვენ არ ვიცით რას გულისხმობს ქართული ოცნება ურთიერთობების დალაგებაში. ქართული ოცნების ოფიციალური პირებისა და პროპაგანდისტების მიერ გაჟღერებული რიტორიკაზე დაკვირვებამ შესაძლოა გარკვეული მინიშნებები მოგვცეს. ოცნების წევრები სულ უფრო ხშირად საუბრობენ მსოფლიოს გადალაგებაზე, ახალი წესრიგის დაბადებაზე, მრავპოლუსიან სამყაროზე, დასავლეთის ჰეგემონიის დასასრულზე და ა.შ.
ამ თვალსაზრისით ქართული ოცნებისა და ვლადიმირ პუტინის მოლოდინები და სურვილები სრულ თანხვედრაშია - პუტინიც და ივანიშვილიც იმედოვნებენ, რომ დონალდ ტრამპი კრემლთან "ახალ იალტას" გააფორმებს, რომლის ფარგლებშიც მსოფლიო გავლენის სფეროებად დაიყოფა, რუსეთი მიიღებს იმ ტერიტორიებს, რომლებსაც საკუთარი "ლეგიტიმური ინტერესების" ზონად მიიჩნევს და ამ ვითარებაში საქართველოც "ბუნებრივად" აღმოჩნდება რუსეთის ორბიტაზე.
ბოლოს და ბოლოს როგორც მამუკა ხაზარაძესთან ანაკლიის პორტის საკითხზე გამართულ შეხვედრაზე განაცხადა ივანიშვილმა - "რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში."