-

პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები კვირას, 15 ოქტომბერს გაიმართება. Არჩევნებში ერთმანეთს ორი ძირითადი ძალა უპირისპირდება: ამჟამად ძალაუფლების სათავეში მყოფი კონსერვატიული და ნაციონალოსტური “კანონისა და სამართლის (PiS)” პარტია, რომელიც, გამარჯვების შემთხვევაში, პირველი პარტია იქნება, რომელმაც ზედიზედ მესამე ვადით მოიგო და ლიბერალური, პრო-ევროპული ოპოზიციური გაერთიანება “სამოქალაქო პლატფორმა”, რომელსაც ქვეყნის ყოფილი პრემიერი, დონალდ ტუსკი ხელმძღვანელობს.

აღნიშნული არჩევნები არაერთი პოლიტიკური აქტორის მიერ ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან არჩევნებად მიიჩნევა, რადგან სასწორზე არა მხოლოდ პოლონეთი და მისი საგარეო პოლიტიკა, არამედ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაც დევს.

გარდა არჩევნებისა, კვირას პოლონელებმა მნიშვნელოვან რეფერენდუმში უნდა მიიღონ მონაწილეობა, სადაც ოთხ მნიშვნელოვან კითხვაზე უნდა გასცენ პასუხი: 1. უნდა მოხდეს თუ არა სახელმწიფო კომპანიების პრივატიზება, 2. უნდა გაიზარდოს თუ არა პენსიაზე გასვლის ასაკი 3. უნდა შენარჩუნდეს თუ არა საზღვარი (ღობე) ბელარუსთან და 4. უნდა მიიღოს თუ არა უფრო მეტი მიგრანტი პოლონეთმა.

საზოგადოების დამოკიდებულება აღნიშნული რეფერენდუმის მიმართაც საკმაოდ პოლარიზებულია. მაშინ, როდესაც ამჟამად ძალაუფლებაში მყოფი პარტია ყველა ამ საკითხს ეწინააღმდეგება, ოპოზიციაში თვლიან, რომ რეფერენდუმი მმართველი პარტიის წინასააარჩევნო კამპანიის ნაწილია და მას მოსახლეობამ ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს.

რატომ არის 2023 წლის არჩევნები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი?

2015 წლიდან, როდესაც კანონისა და სამართლის პარტია ძალაუფლებაში დაბრუნდა, მათი იდეოლოგია მკვეთრად ტრადიციონალურ-კონსერვატიული გახდა. გაიზარდა ანტი-ლგბტ რიტორიკა, აიკრძალა აბორტი, შეიცვალა ფისკალური პოლიტიკა და გაიზარდა სახელმწიფოს ჩარევა კერძო სექტორის საქმიანობაში. გარდა მკვეთრად გამოხატული იდეოლოგიური ცვლილებებისა, რიტორიკა დასავლეთის და ევროპული ინსტიტუტების მიმართ მეტად შეურაცხმყოფელი გახდა. მაგალითად, პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი ევროკავშირს იმპერიალისტურ საქმიანობაში ადანაშაულებდა და ევროკავშირის ლიდერ ქვეყნებს დე-ფაქტო ოლიგარქობის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. მისივე საჯარო გამოსვლებში ის რუსულ და ევროპულ იმპერიალიზმს თანაბარ პრობლემად მიიჩნევდა და საზოგადოებას ორივეს დაგმობისკენ მოუწოდებდა. აქედან გამომდინარე, ევროკავშირში ბოლო წლების განმავლობაში იზრდებოდა უკმაყოფილება პოლონეთის პოლიტიკასთან დაკავშირებით, თუმცა არამხოლოდ რიტორიკის გამო, მთავარი პრობლემები კანონის უზენაესობა, სასამართლო სისტემის არასაკმარისი დამოუკიდებლობა და იქ არსებული პოლიტიკური გავლენები იყო.

გარდა ინსტიტუციური შეუთავსებლობისა, ურთიერთობები გაფუჭდა რამდენიმე წამყვან ქვეყანასთან. 2022 წლის ოქტომბერში, პოლონეთის მთავრობამ გერმანიას მეორე მსოფლიო ომის დროს მიყენებული ზიანისთვის რეპარაციების გადახდა მოსთხოვა, რასაც გერმანიამ ცადია უარყოფითი პასუხი გასცა. მიუხედავად ამისა, ყველაზე მნიშვნელოვან დაპირისპირების საკითხად მაინც სასამართლოს პოლიტიზება იქცა.

პოლონეთი აღმოსავლეთის ევროპის ერთ-ერთი ანგარიშგასაწევი ძალააა, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. 2021-22 წლის მონაცემებით, ქვეყანას ევროკავშირში უმუშევრობის ყველაზე დაბალი დონე ჰქონდა, პანდემიის შემდეგ მისი ეკონომიკა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მზარდია და არაერთი ეკონომიკური პროგნოზის მიხედვით, შეიძლება 2030 წლისთვის მისი ზრდა უკვე აღემატებოდეს ბრიტანეთის ეკონომიკურ ზრდას.

გარდა ამისა, პოლონეთი აღმოსავლეთ ევროპაში როგორც ევროკავშირისთვის, ისე NATO-სთვის მთავარ პარტნიორს წარმოადგენს. მისი სიტყვა ხმამაღლა ისმოდა უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე და იყო მთავარი აქტორი, რომელმაც უკრაინას მყისიერი ჰუმანიტარული თუ სამხედრო დახმარება შესთავაზა.

პოლონეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოსა და უკრაინის ალიანსთან დაახლოების, რისი არაერთი დამადასტურებელი მოვლენაც არსებობს. 2008 წელს პოლონეთის მთავრობამ წამოიწყო ევროკავშირის ახალი პოლიტიკა “აღმოსავლეთ პარტნიორობა”, ფორუმი ევროკავშირსა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის თანამშრომლობისთვის. მისი მიზანი იყო უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მსგავსი ქვეყნების ევროკავშირის საბოლოო წევრობისთვის მომზადება. პოლონეთი თვლიდა, რომ ევროკავშირი ამ პროცესს აჭიანურებდა და რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე, ამ პროცესს დიდ ყურადღებას არც უთმობდა. უკრაინის კონფლიქტმა, შეიძლება ითქვას, გაზარდა ვარშავის სტრატეგიული მნიშვნელობა აღმოსავლეთ ევროპაში. იქიდან გამომდინარე, რომ ომმა მთლიანად შეცვალა ევროპული პოლიტიკა, შეიძლება ითქვას, რომ ძალაუფლების ცენტრი ახლა აღმოსავლეთს, შესაბამისად, პოლონეთს უახლოვდება. ვარშავის პოლიტიკური ლობიზმი იმისთვის, რომ უკრაინას ბერლინისგან და ამერიკისგან სათანადო სამხედრო და პოლიტიკური დახმარება მიეღო, აშკარად სახეზეა. პოლონეთი, არამხოლოდ წინა ხაზის ქვეყნებში, არამედ ალიანსის მასშტაბითაც აგროვებს პოლიტიკურ კაპიტალს, რაც სწორედ მისი სტრატეგიული მდებარეობით აიხსნება, რითაც შეუძლია მიწოდების ჯაჭვში გადამწყვეტი როლი ჰქონდეს როგორც ჰუმანიტარული, ასევე სამხედრო ტვირთის სახით.

ამ ფატქორებიდან გამომდინარე, ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა ექნება როგორ გამოიყენებს პოლიტიკური ელიტა მსგავს საერთაშორისო შესაძლებლობას, გახდეს რეგიონალური ლიდერი და ამერიკის უსაფრთხოების არქიტექტურის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი აღმოსავლეთ ევროპაში. ევროკავშირის მიმართ დაუბალანსებელი რიტორიკა და ნაციონალისტური პოლიტიკა ამ გზას ვერ გააგრძელებს, ისევე როგორც ქაოსი და მუდმივი პოლიტიკური დაძაბულობა იქნება ხელისშემშლელი ფაქტორი.

ვინ არიან მთავარი პოლიტიკური მოთამაშეები?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, არჩევნებს ორი მთავარი მოთამაშე ჰყავს. ესენი არიან პარტია “კანონი და სამართალი” (PiS) და “სამოქალაქო კოალიცია” (KO). პარტია “კანონი და სამართალი” ამჟამად მმართველი პოლიტიკური ძალაა, რომელიც მეტად კონსერვატიული და ნაციონალისტური ღირებულებების მატარებელია, ამას ემატება მემარცხენე ეკონომიკური პოლიტიკაც, კერძოდ, სოციალური კეთილდღეობის პროგრამები, მინიმალური ხელფასი და ა.შ. პარტია ამომრჩეველს ჰპირდება, რომ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს, მხოლოდ არა საკუთარი ეროვნული ინტერესების ხარჯზე. თითქმის ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც პოლიტიკური ძალა იღებს, დემოკრატიის არსობრივ კრიზისზე აღმოსავლეთ ევროპაში და ნაციონალისტური დისკურსისა და პოპულიზმის გამარჯვებაზე მიუთითებს.

საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, არჩევნების ბედს მცირე ზომის პარტიების შედეგები გადაწყვეტს

მათი მთავარი ოპონენტი, რომელიც არჩევნებში გასამარჯვებლად იბრძვის, “სამოქალაქო კოალიციაა.” ის ლიბერალურ “სამოქალაქო პლატფორმას,” “მწვანეებს” და “პოლონურ ინიციატივას” აერთიანებს, რომლის მთავარი პოლიტიკური დაპირებაც ევროკავშირთან ურთიერთობების დალაგება და სასამართლო რეფორმის გატარებაა.საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, დამოუკიდებლად მთავრობის ფორმირება არც ერთ ამ პარტიას არ შეუძლია. PiS-ის მხარდაჭერა 35%-მდეა, ხოლო მისი მთავარი ოპონენტის - 30%.

ამიტომ არჩევნების ბედს სხვა პარტიების შედეგი გადაწყვეტს, რომლებიც ძირითადად პოლიტკურ მოთამაშეებთან კოალიციას შექმნიან.

შედეგებზე მნიშნველოვანი გავლენა ექნება გაერთიანება “მესამე გზის” მხარდაჭერას. მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიცია, თავის ამომრჩეველს საგადასახადო სისტემის გაუმჯობესებას და განათლებაში მეტი თანხის ინვესტირებას ჰპირდება. იმისთვის, რომ ალიანსმა პარლამენტში შესვლა მოახერხოს, 8%-იანი ბარიერის გადალახვა უნდა შეძლოს.  (პოლონეთის კანონმდებლობით პოლიტიკური გაერთიანებებისთვის ბარიერი უფრო მაღალია. - რედ.)

გაერთიანება ახალ მემარცხენეებს მოსახლეობის დაახლოებით 10% უჭრეს მხარს და სწორედ ეს პოლიტიკური ძალა მოიაზრება “სამოქალაქო პლატფორმას” და “მესამე გზის” შესაძლო კოალიციურ პარტნიორად. მსგავსი სამთავობო გაერთიანება იდეოლოგიურად ძალიან ეკლექტური იქნება, თუმცა პარტიებს სასამართლოს თავისუფლების დაცვის, ქალთა უფლებების და პრო-ევროპული საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით სრული თანხვედრა აქვთ.

2023 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი მოულოდნელობა ულტრა-მემარჯვენე გაერთიანება “კონფედერაციის” ძალიან მაღალი მხარდაჭერაა. “კონფედერაცია” ნაციონალისტური, ანტიმიგრაციული სუბიექტების და ლიბერტარიანული ძალების კოალიციაა, რომელიც ხშირად ანტი-უკრაინული რიტორიკით გამოირჩევა. აღნიშნული პოლიტიკური ძალა მმართველი პარტიის ბუნებრივ კოალიციურ პარტნიორად აღიქმება, თუმცა ორი პარტიის ეკონომიკური ხედვები მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რა არის არჩევნების მთავარი იდეოლოგიური საკითხები?

პოლონეთის არჩევნებზე ყველაზე მნიშვნელოვანი მიგრაციის საკითხია. სახელისუფლებო პროპაგანდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არალეგალ მუსლიმ მიგრანტებზე აქკეთებს აქცენტს, რომლებიც ქვეყანაში შემოსვლით “კათოლიციზმს უქმნიან საფრთხეს”.

მნიშვნელოვანი საკითხია უკრაინის ომიც. მიუხედავად იმისა, რომ მმართველი ძალის დახმარება უკრაინის მიმართ საკმაოდ აშკარა იყო, წინა თვეში პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ ისინი უკრაინას იარაღს აღარ მიაწოდებდნენ და საკუთარი მარაგების შევსებაზე იზრუნებდნენ. გარდა ამისა, პოლონეთმა ომის პირველ ეტაპზე ძალიან ბევრი უკრაინელი ლტოლვილი მიიღო, მაგრამ საარჩევნო კამპანიის პერიოდში მაინც ითქვა, რომ პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ ვერ მიიღო საკმარისი მადლიერება უკრაინის მთავრობისგან.

ულტრა-მემარჯვენე გაერთიანება “კონფედერაციის” წევრები უკრაინელების მიგრაციას  ეწინააღმდეგებიან და მათთან კოალიციის შემთხვევაში, ეს საკითხი, ბუნებრივია, ლტოლვილებისთვის არასახარბიელოდ გადაწყდება. ამასთანავე, დასავლეთთან ურთიერთობა პოლონეთისთვის მთავარ გამოწვევად რჩება.

წინასაარჩევნო პერიოდში გარემო მკვეთრად პოლარიზებული იყო და კამპანია საკმაოდ არათანაბარ გარემოში მიმდინარეობდა. საწყის ეტაპზე, მმართველმა ძალამ კათოლიკური ოჯახის ღირებულებები გამოყო და სოციალურ თემებზე უფრო მეტი აქცენტი გააკეთა. გასათვალისწინებელია, რომ ქვეყანას 10 მილიონი პენსიონერი ჰყავს, რომელიც, ძირითადად, სახელმწიფო დახმარებით ცხოვრობს.

მსგავსი საკითხებია სოციალური სამართლიანობა, დემოკრატიის ხარისხი, პრესის თავისუფლება, ლგბტ უფლებები, კანონი აბორტის შესახებ.

ამჟამად, პოლონეთში ხმის მიცემა უკვე მიმდინარეობს. იმ შემთხვევაში, თუ PiS ხელისუფლებაში დარჩენას მოახერხებს, მისი შემდეგ არჩევნებში დამარცხება ბევრად უფრო რთული იქნება.

ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ KO-ს ხელმძღვანელობით მთავრობა პოლონეთს დასავლელ პარტნიორებსა და უკრაინასთან დააახლოებს და დემოკრატიულ ინსტიტუტებს გააძლიერებს.

მმართველი პარტიის მიერ დემოკრატიული ინსტიტიტების საქმიანობის ძირის გამოთხრა და პოლიტიკური დისკურსის მსგავსი თემებით დაფარვა პოპულისტური პოლიტიკური ძალების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი თვისებაა.

ევროპული პოლიტიკური პარტიების ბოლოდროინდელი მკაფიო გამოვლინება იდეოლოგიური კომპასის დაკარგვაა. პოპულისტურ რიტორიკაში დემოკრატიის დისფუნქციურობის შესახებ საუბარი, კრიზისების ხელოვნურად შექმნა და მათი მოგვარების სიმულაციით სახელმწიფოს ფუნქციონირებაზე ხელოვნური ხაზგასმა, შიშის დანერგვა და მტრის ხატის გამოგონება, აღმოსავლეთ ევროპის მთავრობების მიერ სახელმწიფოს მართვის განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, გარდა იმისა, რომ ამ არჩევნებზე პოლონეთის შიდა თუ საგარეო პოლიტიკის ბედი წყდება, მნიშვნელოვანია ისიც, რომ აღმოსავლეთ ევროპაში პოპულისტური და არადემოკრატიული მთავრობის არჩევნებით შეცვლის პრეცენდენტი შეიქმნას.

მსგავსი სიახლეები