„თავისუფლება პოლიტიკური ფენომენია და არა ფსიქოლოგიური მდგომარეობა” - უთქვამს ოდესღაც ჰანა არენდტს - ისტორიკოსს, პოლიტიკურ თეორეტიკოსსა და ფილოსოფოსს, რომელსაც მიაჩნდა, რომ ადამიანი თავისუფალია მაშინ, როცა შეუძლია მოქმედება, გამოხატვა, მონაწილეობა და გავლენის მოხდენა გადაწყვეტილებებზე. ის თავისუფალია, როცა არსებობს პოლიტიკური სივრცე, სადაც ეს ქმედებები რეალურად რაღაცას ნიშნავს… ნობელიანტი ეკონომისტის, ამარტია სენის აზრით კი ქვეყნის განვითარება სწორედ თავისუფლების ხარისხით იზომება. ის მიიჩნევდა, რომ რეალური შედეგი არის არა მთლიანი შიდა პროდუქტი ან სხვა რომელიმე სტატისტიკური მონაცემი, არამედ თავისუფლების ხარისხი - ანუ ის, თუ რამდენად გათავისუფლებულია ქვეყანა შიმშილისგან, სიღარიბისგან, უსამართლობისგან და რამდენად აქვს მოქალაქეს საშუალება, რომ თავად აირჩიოს ცხოვრების გზა…
სწორედ ამ “ცხოვრების გზის” არჩევის პროცესშია დღეს სომხეთის თითოეული მოქალაქე და ზოგადად მთელი ეს სახელმწიფო. უკვე კარგად გამოჩნდა, რომ ერევანში თავისუფლების ფასი სათანადოდ გააცნობიერეს. ამ დღეებში სომხეთმა ევროკავშირისგან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მისაღებად საჭირო სამოქალედო გეგმაც მიიღო - ესეც შეიძლება გახდეს პირდაპირი გზა მაღალი ხარისხის თავისუფლებისკენ. დაველოდოთ.
ნიკოლ ფაშინიანის მთავრობა არ მალავს, რომ 2026 წლისთვის ევრობლოკის წევრობაზე განაცხადის გაკეთებას აპირებს. ამავდროულად, სომხეთის პარლამენტმა კანონადაც კი აქცია ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის სურვილი. ანუ, საგარეო პოლიტიკის დივერსიფიცირების თითქოს აშკარა მცდელობებს მიღმა, მაინც თვალშისაცემად გამოიკვეთა, თუ რაზე შეაჩერა ერევანმა საბოლოო არჩევანი. პასუხი, რა თქმა უნდა, დასავლური ინტეგრაციაა. და თავისუფლების ის ხარისხი, რომელიც ამ ფენომენთან ერთად თავისთავად მოიაზრება.
როგორ დაიწყო სომხეთის სვლა თავისუფლებისკენ?
ერევნისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა მთელი ბოლო ათწლეული, როგორც საგარეო პოლიტიკური ვექტორის ცვლილების, ასევე გეოპოლიტიკური იდენტობის განსაზღვრის თვალსაზრისით. 2015 წლიდან დღემდე, ერევანმა თანმიმდევრულად გადააფასა საკუთარი სტრატეგიული კურსი, რომელიც წლების განმავლობაში ეფუძნებოდა რუსეთს, როგორც მთავარ საყრდენს სამხედრო და პოლიტიკურ ნაწილში.
ნიკოლ ფაშინიანი ანტი-სამთავრობო აქციაზე მოქალაქეებს მიმართავს, 25 აპრილი, 2018 წელი
2018 წლის ხავერდოვან რევოლუციას, რომლის საშუალებითაც ნიკოლ ფაშინიანი ხელისუფლებაში მოვიდა, სასამართლოს რეფორმები, მედიის თავისუფლების გაძლიერება და ანტიკორუფციული პოლიტიკის ფორმირება მოჰყვა, რაც აშკარად წარმოაჩენდა სომხეთის სურვილს დასავლური ღირებულებების გაზიარებისა.
სწორედ ამ დროიდან, ერევანი შესამჩნევად გააქტიურდა დასავლეთთან დაახლოების მხრივ. მართალია, ევროკავშირთან თანამშრომლობის სამართლებრივი საფუძველი, ანუ CEPA-ს შეთანხმება ჯერ კიდევ 2017 წელს, წინა ხელისუფლების მმართველობის პირობებში გაფორმდა, მაგრამ მაშინ ამას უფრო მეტად ფორმალური სახე ჰქონდა, ვიდრე პრაქტიკული. ამ შეთანხმების იმპლემენტაციაც რეალურად 2018 წლიდან, ახალი ხელისუფლების პირობებში დაიწყო და ამ პროცესმა ფორმალურად დაადასტურა სომხეთის სწრაფვა ევროკავშირის ნორმატიულ სივრცეში ინტეგრაციისადმი.
ანა ოჰანიანი და ლორენს ბროერსი, 2021 წელს გამოქვეყნებულ ერთობლივ ნაშრომში სახელწოდებით Armenia’s Velvet Revolution and Beyond, ხაზს უსვამენ რომ ფაშინიანის მთავრობა ხელისუფლებაში მოსვლის დროს ორი ამოცანის წინაშე იდგა:
პირველი ამოცანა დემოკრატიული ლეგიტიმაცია იყო - ანუ ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ხელისუფლების აღქმა უნდა დამყარებულიყო დემოკრატიულ პრინციპებზე: გამჭვირვალობაზე, კანონის უზენაესობაზე და საჯარო მხარდაჭერაზე. სწორედ ეს უნდა ყოფილიყო ახალი ხელისუფლების ძალაუფლების წყარო და ძირითადი პოლიტიკური კაპიტალი.
მეორე ამოცანა იყო გარე ლოიალობა. ვინაიდან, ეკონომიკური და სამხედრო პარტნიორობის თვალსაზრისით სომხეთი ტრადიციულად დაკავშირებული იყო რუსეთთან, ახალი მთავრობა დადგა არჩევანის წინაშე: რამდენად მიზანშეწონილი იქნებოდა ერთგულების შენარჩუნება ძველი გეოპოლიტიკური ალიანსების მიმართ და როგორ უნდა დაებალანსებინა ერევანს რუსეთთან, ევროკავშირსა და აშშ-სთან ურთიერთობები ისე, რომ არ დაეკარგა არც პოლიტიკური ავტონომია და არც სტრატეგიული მხარდაჭერა. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ ფაშინიანის მთავრობის პირველი და ყველაზე რთული ამოცანა წონასწორობის ძიება იყო - ის ცდილობდა დაეტოვებინა სივრცე დასავლური ინტეგრაციისა და დემოკრატიული გარდაქმნებისთვის და თან ამავდროულად რეგიონულ რეალობაზე მორგებული გეოპოლიტიკური პოზიციაც ჰქონოდა. ეს იყო დილემა - და თან ბალანსი „ლეგიტიმაციასა და ლოიალობას შორის“.
როცა 2020 წლის შემოდგომაზე აზერბაიჯანმა სამხედრო ოპერაცია წამოიწყო, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ფორმატში მოსკოვის სამხედრო უმოქმედობამ სომხეთის ელიტას ნათლად დაანახა, რომ რუსეთზე დაფუძნებული თავდაცვის სტრატეგია აღარ იყო ეფექტიანი. რუსეთის სამხედრო პასიურობამ სომხეთს ალტერნატიული უსაფრთხოების მექანიზმების ძიებისკენ უბიძგა.
ფაქტია - რუსეთი სომხეთსა და სომეხ ხალხს არ დაეხმარა, აღებული ვალდებულებებისა და ერევნის არაერთი მოწოდების მიუხედავად.
ომის შემდგომი პერიოდი მეტად არასტაბილური აღმოჩნდა სომხეთის შიდა პოლიტიკის ჭრილშიც: მოსახლეობის ნაწილი ხელისუფლების მიმართ უარყოფითად განეწყო და ითხოვდა, რომ ფაშინიანს ომის წაგებაზე პასუხისმგებლობა აეღო. თუმცა, ამ ფონზე საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა იდეალურად განვითარდა...
სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერები ხელს აწერენ სამშვიდობო შეთანხმებას, ვაშინგტონი, 2025 წლის 8 აგვისტო
წელს, აგვისტოს თვეში, ვაშინგტონში, სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერებმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შუამავლობით ხელი მოაწერეს დეკლარაციას „მომავალი ურთიერთობის შესახებ“. მხარეები ამ დოკუმენტს ისტორიულ მოვლენად აფასებენ. მშვიდობიანი ურთიერთობა, უარი ძალის გამოყენებაზე, საზღვრების დელიმიტაცია, კომუნიკაციების გახსნა, მინსკის პროცესის დახურვა... - ეს ყველაფერი ამ დეკლარაციით ნაკისრი ვალდებულებებია. მეორე, იმ დღესვე გაფორმებული დოკუმენტი კი მემორანდუმია, რომელიც ერევანსა და ვაშინგტონს შორის უსაფრთხოების, ენერგეტიკისა და ტექნოლოგიების მიმართულებით თანამშრომლობას განსაზღვრავს. საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით ეს დოკუმენტი სომხეთისთვის რუსეთის გავლენის შესუსტებას ნიშნავს. ასევე, თანამშრომლობის გაღრმავებას დასავლეთთან და სუვერენული საგარეო პოლიტიკის აღდგენის მცდელობას. ეს უკანასკნელი კარგად გამოჩნდა აშშ-სთან გაფორმებული დოკუმენტის ტექსტზე მუშაობისას. ფაქტობრივად პირველად მოხდა, რომ ტექსტი თავად სომხეთმა შეიმუშავა და არა გარე, შუამავალმა სახელმწიფომ მის ნაცვლად.
ვაშინგტონში გაფორმებული შეთანხმება მოიცავს მტკივნეულ, მაგრამ პრაგმატულ დათმობებსაც, რომელიც ქვეყანას განვითარებაში და გრძელვადიან პერსპექტივაში რეგიონული როლის გაძლიერებაში უნდა დაეხმაროს.
სულ ახლახან...
ამ შეთანხმების შემდეგ მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება. სომხეთი აქტიურდება როგორც თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობებში, ასევე ეკონომიკური გარდაქმნის მხრივაც. ანკარასთან ერევანმა „ნორმალიზაციის პროცესის“ ტექნიკური არხები გაააქტიურა - განიხილება საჰაერო და სახმელეთო კავშირის ეტაპობრივი აღდგენა და სამომავლოდ დიპლომატიური ურთიერთობების გახსნის შესაძლებლობაც, რაც სრულად ერგება რეგიონული კომუნიკაციების გახსნის დღის წესრიგს. დეკლარაციის მოთხოვნების შესასრულებლად სომხეთმა პრაქტიკული ნაბიჯები გადადგა ბაქოსთან მიმართებით: დაიწყო საზღვრების დელიმიტაციის ინტენსიური რაუნდები, განაახლა ტექნიკური მოლაპარაკებები კომუნიკაციების გახსნაზე და გაზარდა პირდაპირი პოლიტიკური კონტაქტების სიხშირე, მიუხედავად ბაქოს მკაცრი პოზიციებისა…
ეკონომიკური თვალსაზრისით სომხეთი დასავლურ მოდელზე გადასვლას შეუდგა - ერევანმა შეიმუშავა ენერგო დივერსიფიკაციის სტრატეგია და გაზარდა ინვესტიციების მოზიდვაზე ორიენტირებული რეფორმების პაკეტი.
ფაშინიანის პოლიტიკური პარადოქსი
„წელიწადი და რვა თვეა, რაც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სროლის შედეგად არცერთი ჯარისკაცი არ დაღუპულა. სომხეთის დამოუკიდებლობის მთელ ისტორიაში არასდროს ყოფილა ასეთი წელიწადი და რვა თვე“ - ამბობს ნიკოლ ფაშინიანი და ასევე აღნიშნავს, რომ სომხეთი უკვე მზადაა უზრუნველყოს სატვირთო მანქანების ტრანზიტი თურქეთიდან აზერბაიჯანში და პირიქით… მედიაში და აკადემიურ წრეებში აქტიურად საუბრობენ, რომ ამ პროცესმა შესაძლოა საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე უარყოფითად იმოქმედოს, თუმცა ეს სადავო საკითხია…
მაგრამ, ამასთანავე:
ეკლესიასთან დაპირისპირების, პროტესტის მიმართ სახელმწიფოს მძაფრი რეაქციისა და შიდა პოლიტიკური პოლარიზაციის გათვალისწინებით, ბოლო დროს წამოიჭრა დისკუსია, რომ სომხეთის პრემიერი ავტორიტარად გარდაქმნის ნიშნებს ავლენს. მიუხედავად იმისა, რომ გვერდიდან ყველაფერი სულ სხვაგვარად ჩანს, სომხური ოპოზიცია უფრო და უფრო ხშირად ადანაშაულებს პრემიერ-მინისტრს არადემოკრატიულ ტენდენციებში. საუბრობენ მისი მხრიდან კოლეგიალური მმართველობის პრინციპის დაკნინებაზე, ძალაუფლების პერსონალიზაციის მცდელობებზე, შეუთანხმებლობის გამო მაღალი თანამდებობის პირების გათავისუფლებაზე, სასამართლოზე წნეხის ნიშნებზე და სხვა. კრიტიკა ისმის ანტისამთავრობო აქციების მონნაწილეთა მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენების თაობაზეც.
სომხური ოპოზიციის წარმომადგენელთა აზრით, დასავლური კურსისა და ლიბერალური რეფორმების დეკლარირების მიუხედავად, თავისუფალი ინსტიტუტების მიმართ ამგვარი მიდგომები აჩენს რეალურ რისკს, რომ სომხეთის დემოკრატიული ტრანსფორმაცია ძალაუფლების ცენტრალიზაციისკენ გადაიხრება.
და იმ ნაბიჯების პარალელურად, რომელსაც სომხეთი საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე დგამს, ეს ყველაფერი მართლაც პარადოქსულად ჩანს.
პარადოქსთან ერთად კი ეს ალბათ არის დიდი გამოწვევაც, რომელმაც უნდა განსაზღვროს, თუ რას მოიტანს ეს ეტაპი. ის ან დემოკრატიულ კონსოლიდაციად უნდა გარდაიქმნას - ან ერევანი ისევ უნდა დაბრუნდეს ძალაუფლების ცენტრალიზაციის მორიგ ციკლში…
დღეს სომხეთის მთავრობას ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა ხელში უჭირავს. ახლა კი მისი სათანადოდ შესრულებაა საჭირო, ვინაიდან რეგიონში უკვე გვაქვს მაგალითი, რომ ეს ნანატრი “თავისუფლება ისე არ მოდის”…
წყაროები:
Anna Ohanyan & Laurence Broers - "Armenia’s Velvet Revolution and Beyond", International Affairs Journal - იანვარი 2021
კრებული: Routledge Handbook of the Caucasus (2020), Rovshan Ibrahimov - "Small State Foreign Policy in Contemporary World: The South Caucasus States"
Laurence Broers - Armenia and Azerbaijan: Anatomy of a Rivalry (2020), Published by Edinburgh University Press
https://www.ictj.org/latest-news/fragile-framework-lasting-peace-between-armenia-and-azerbaijan
https://oc-media.org/opinion-the-personalisation-of-power-in-armenia-endangers-democracy/