12:38 | 28 აგვისტო, 2026 — უკრაინა
ბრძოლა დონბასისთვის - გერასიმოვის განცხადება და რეალური ვითარება ფრონტზე OSINT-მონაცემებით
რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვმა განაცხადა, რომ რუსული ჯარები სლავიანსკს 4 კილომეტრის მანძილზე მიუახლოვდნენ, ხოლო მოწინავე მოიერიშე ჯგუფები კრამატორსკიდან 3 კილომეტრში აწარმოებენ ბრძოლებს.
რუსული არმიის წინსვლას ამ ქალაქების მისადგომებთან OSINT-ანალიტიკოსებიც ადასტურებენ.
ვითარების არსი: გერასიმოვის მტკიცებით, რუსი მოიერიშეები უკვე იბრძვიან კრამატორსკის აღმოსავლეთით მდებარე აეროდრომის ტერიტორიაზე, ხოლო საჯარისო შენაერთები უკრაინის შეიარაღებული ძალების მომარაგების მარშრუტებს ურტყამს.
- გერასიმოვი ასევე აცხადებს, რომ უკრაინულმა ძალებმა სლავიანსკის, კრამატორსკისა და დრუჟკოვკის რაიონებში ღრმად ეშელონირებული თავდაცვის ხაზი შექმნეს - ქალაქის განაშენიანებასა და ინდუსტრიულ ზონებში გამაგრებული პოზიციებით.
რეალობის შემოწმება: ბოლო კვირებში რუსეთის საოკუპაციო ძალები სლავიანსკისკენ აღმოსავლეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან მიიწევენ.
- 23 აგვისტოსთვის ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა (ISW) უკვე დააფიქსირა რუსეთის წინსვლა სლავიანსკის აღმოსავლეთით.
- DeepState-ის ცნობით, ფიქსირდება რუსი სამხედროების არაერთი "შეჟონვა" ნიკოლაევკაში, რომელიც ჯერჯერობით უკრაინის კონტროლქვეშ რჩება.
- ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთმა ზეწოლა გააძლიერა, თუმცა უშუალოდ ქალაქის შტურმი ჯერ არ დაწყებულა. სლავიანსკზე პირდაპირი იერიშისთვის რუსეთის არმიას მისადგომებთან მდებარე რამდენიმე პუნქტის, მათ შორის ნიკოლაევკისა და რაი-ალექსანდროვკის დაკავება დასჭირდება.
- პარალელურად, რუსეთი აძლიერებს დარტყმებს ქალაქზე მომარაგების ჩასაშლელად.
- რუსული არმია პირობებს ამზადებს კრამატორსკისკენ წინსვლისთვისაც. DeepState ყურადღებას ამახვილებს მალინოვკა-მაისკოეს მონაკვეთზე, სადაც მცირე რუსული ჯგუფები ქალაქის მიმართულებით შეღწევას ცდილობენ.
- სამხრეთიდან გრძელდება ბრძოლები კონსტანტინოვკისთვის. რუსული ძალები ქალაქში აღწევენ, თუმცა უკრაინის არმია პოზიციებს იცავს. კონსტანტინოვკის დაკავებამ შესაძლოა შექმნას პლაცდარმი დრუჟკოვკის გავლით კრამატორსკზე შემდგომი შეტევისთვის.
პოლიტიკური ამოცანები: უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონსტანტინოვკა, სლავიანსკი და კრამატორსკი რუსული შეტევის მთავარ მიმართულებებად დაასახელა.
- "პუტინის უცვლელი პირველადი მიზანი ფრონტზე კონსტანტინოვკა-სლავიანსკია. ბოლო ვადა, რაც მან საკუთარ გენერლებს მისცა, წლის ბოლომდე დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების სრული ოკუპაციაა", - აღნიშნა ზელენსკიმ და ამ ამოცანას შეუსრულებელი უწოდა.
- ზელენსკის თქმით, დუმის არჩევნების შემდეგ რუსეთმა შესაძლოა დამატებით 300,000 ადამიანის მობილიზება მოახდინოს - ძირითადი ძალები დონბასში მიმართოს, ნაწილი კი ჩერნიგოვისა და კიევის ოლქების საზღვრებთან "ბუფერული ზონის" შესაქმნელად გამოიყენოს.