სომხეთის მეორე პრეზიდენტი და ოპოზიციური ალიანსი "სომხეთის" ლიდერი რობერტ ქოჩარიანი და მისი უფროსი შვილი სედრაკ ქოჩარიანი ანტიკორუფციულმა კომიტეტმა დააკავა.
ვითარების არსი: დღეს დილით, 07:00 საათზე, სამართალდამცველები ეროვნული კრების დეპუტატის, ლევონ ქოჩარიანის (რობერტ ქოჩარიანის შვილი - რედ.) სახლში შევიდნენ, ხოლო რობერტ ქოჩარიანი საგამოძიებო ორგანოებმა ანტიკორუფციულ კომიტეტში გადაიყვანეს.
- გარდა ამისა, დილით საგადასახადო ორგანოებმა კომპანია Toyota-ს ერევნის ოფისი დალუქეს. ანტიკორუფციული კომიტეტის თანამშრომლები ამჟამად Orange Fitness-ში იმყოფებიან.
სტრიქონებს შორის: საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები კლუბ Orange Fitness-სა და გასართობ ცენტრ Play City-ში, ასევე მათი დირექტორების ბინებში.
- ამ კომპანიებში ქოჩარიანების ოჯახი წილებს ფლობს.
- გუშინ ნიკოლ ფაშინიანმა სამართალდამცავ ორგანოებს დაავალა, სომხეთის მეორე პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანსა და სომხეთის მესამე პრეზიდენტს სერჟ სარქისიანს ქონება ჩამოართვან.
დიდი სურათი: 7 ივნისს, სომხეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ გაიმარჯვა. "სამოქალაქო ხელშეკრულებამ" 727 160 ხმა მიიღო, რაც ხმების 49.81%-ია.
- ბარიერი გადალახეს პრო-რუსი ოლიგარქის, სამველ კარაპეტიანის "ძლიერმა სომხეთმა" - 23.29% და პრო-რუსი ექს-პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ალიანსმა "სომხეთმა" - 9.94%.
- ფაშინიანი სომხეთის მთავრობას 2018 წლის მაისიდან ხელმძღვანელობს.