2 უმსხვილესი თურქული ბანკი МИР-ის რუსულ საბანკო ბარათებს აღარ მოემსახურება
თურქეთის ორმა უმსხვილესმა ბანკმა МИР-ის ტიპის რუსული საბანკო ბარათების მომსახურება შეწყვიტა.
ინფორმაციას ამის შესახებ Financial Times ავრცელებს.
ბანკების განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება აშშ-ს მიერ რუსეთის ფინანსურ სექტორზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით გამოცემულ დირექტივას უკავშირდება.
საუბარი თურქეთის 2 უმსხვილეს ბანკზე: İşbank-სა და DenizBank-ზე. გასულ კვირას აშშ-ს მიერ გამოცემულ დირექტივაში ნათქვამი იყო, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ Visa-ს და Mastercard-ის ჩასანაცვლებლად განვითარებული МИР-ის საბანკო ბარათებთან ფინანსური ოპერაციები რუსეთს შესაძლოა მისცეს სანქციებისთვის გვერდის ავლის შესაძლებლობა.
МИР-ის სისტემას ამ დრომდე İşbank-სა და DenizBank-თან ერთად კიდევ სამი ბანკი ემსახურებოდა, მათ შორის: VakıfBank, Ziraat Bank და Halkbank. მათ შორის ორი ბანკი რუსულ სისტემას უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეუერთდა.
VakıfBank-ის წარმომადგენლებმა მედიასთან საუბარში განაცხადეს, რომ ისინი ინფორმირებულები არიან სხვა ბანკების გადაწყვეტილების შესახებ, თუმცა ჯერჯერობით თავიანთ პოლიტიკაში ცვლილებას არ განიხილავენ.
Ziraat Bank-ის და Halkbank-ის წარმომადგენლებს მედიასთან ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.
კონტექსტი
თურქეთი რომელიც ნატოში 1952 წელს გაწევრიანდა, რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით შუალედური პოზიცია დაიკავა - ერთის მხრივ თურქეთი უწყვეტად ამარაგებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს Bayraktar-ის ტიპის დრონებით.
მეორეს მხრივ თურქეთი არ შეუერთდა დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, ხოლო რეჯეფ თაიპ ერდოღანი ღიად საუბრობს რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებაზე.
ამასთანავე, თურქეთი იყო ე.წ. ხორბლის შეთანხმების მთავარი შუამავალი, რომელიც უკრაინის პორტებში ბლოკირებული მარცვლეულის ექსპორტის განახლებას ითვალისწინებდა.