2022 წელს რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტი რეკორდულ 47 მილიარდ დოლარს გაუტოლდა
უკრაინაში მიმდინარე ომისა და ამასთან დაკავშირებული მზარდი ხარჯების ფონზე 2022 წელს რუსეთის საბიუჯეტო დეფიციტმა 47 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც მშპ-ს 2.3%-ს შეადგენს.
შესაბამისი მონაცემები რუსეთის მთავრობის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა, ანტონ სილუანოვმა წარმოადგინა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამაზე მაღალი საბიუჯეტო დეფიციტი, რუსეთს მხოლოდ ერთხელ, 2020 წელს პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების გამო ჰქონდა.
ეს განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, რომ გასულ წელს რუსეთის საბიუჯეტო შემოსავლები დაახლოებით 40 მილიარდი დოლარით გაიზარდა, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი გაზრდილი ხარჯების კომპენსირებისთვის, რომელიც 92 მილიარდი დოლარით არის მომატებული.
თავის მხრივ ამ მასშტაბის საბიუჯეტო დეფიციტი პრობლემური არ არის, თუმცა თუ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს გავითვალისწინებთ, კონტექსტი განსხვავებულია. დეფიციტის მატების მიუხედავად, რუსეთის პრემიერმა, მიხაილ მიშუსტინმა განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკის საკვანძო ინდიკატორები ცუდად არ გამოიყურება.
კონტექსტი
უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე დაწესებული სანქციების ფონზე ზოგი ეკონომისტი და ორგანიზაცია რუსეთის ეკონომიკის სწრაფ კოლაფსს პროგნოზირებდა, თუმცა პროგნოზების საპირისპიროდ რუსეთის ეკონომიკაზე სანქციებმა მყისიერი და გამანადგურებელი დარტყმა ვერ მიიტანა.
მიუხედავად ამისა საშუალოვადიან პერსპექტივაშიც კი რუსეთის ეკონომიკისთვის სანქციებისა და იზოლაციის ეფექტი გაცილებით უფრო საგრძნობი იქნება.
რუსეთის მთავრობა არ აქვეყნებს ჩაშლილ ბიუჯეტს სფეროების მიხედვით, მაგრამ სავარაუდოა, რომ ბიუჯეტის მესამედზე მეტი თავდაცვასთან დაკავშირებულ სამხედრო ხარჯებზე გამოიყოფა.
აღნიშნული ხარჯების დასაფინანსებლად რუსეთის მთავრობამ უკვე დაიწყო ეროვნული კეთილდღეობის ფონდში დაგროვილი თანხების ხარჯვა, რომელიც ნორვეგიული საპენსიო სქმის ანალოგად იყო ჩაფიქრებული.