გერმანიის დაზვერვის უფროსი: რუსეთი უახლოეს წლებში შესაძლოა ნატოს დაესხას თავს

გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის (BND) ხელმძღვანელმა ბრუნო კალმა განაცხადა, რომ რუსეთი უახლოეს წლებში შესაძლოა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ტერიტორიას დაესხას თავს.

ამის შესახებ მან ბერლინში, გერმანიის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე განაცხადა.

BND-ის ხელმძღვანელის თქმით, რუსეთი "დასავლეთთან ომისთვის ემზადება" და სამხედრო დაპირისპირება კრემლის "შესაძლო ვარიანტი" ხდება.

კალი ვარაუდობს, რომ რუსი სამხედროები ათწლეულის ბოლომდე შეძლებენ "დასავლეთზე თავდასხმას."

ამავე დროს, მას მიაჩნია, რომ ეს შეიძლება არ იყოს ნატოს ევროპულ ქვეყნებზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა, არამედ შეზღუდული ოპერაცია - მაგალითად, ნორვეგიის არქტიკულ კუნძულ შპიცბერგენზე შეჭრა "ტერიტორიის გაწმენდის" მიზნით ან ბალტიისპირეთის ქვეყნებზე თავდასხმა რუსული ეთნიკური უმცირესობების დაცვის საბაბით.

გერმანიის დაზვერვის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ასეთი ოპერაციების მიზანი იქნება ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლით გათვალისწინებული კოლექტიური უსაფრთხოების ვალდებულებების დარღვევა და ნატოს დაშლა

"თუ რუსეთის ხელისუფლებაში ასეთი შეხედულებები გაიმარჯვებს, უახლოეს წლებში სამხედრო კონფლიქტის რისკიც გაიზრდება," - თქვა მან.

მაგრამ, BND-ის ხელმძღვანელის თქმით, რუსეთი შეეცდება ნატოს გაყოფას ომის შესაძლო დაწყებამდეც კი - მაგალითად, ცალკეული წევრი ქვეყნების თავის მხარეს გადაბირებით.

"ვლადიმერ პუტინი გამოცდის დასავლეთის წითელ ხაზებს და წავა შემდგომი ესკალაციისკენ," - განაცხადა კალმა.

მსგავსი სიახლეები