აფეთქებები ოკუპირებულ ყირიმში, ხერსონსა და ბელგოროდში - რა არის ცნობილი
18 აგვისტოს საღამოს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ცნობები რუსეთის კუთვნილ რამდენიმე სამხედრო ობიექტზე ერთდროული აფეთქებების შესახებ.
მათ შორის ცნობილია აფეთქებების შესახებ ოკუპირებულ სევასტოპოლში, ასევე ოკუპირებულ კახოვკაში, რომელიც ხერსონის რაიონში მდებარეობს და ბელგოროდის ოლქის სოფელ ტიმონოვში მდებარე სამხედრო საწყობებზე.
ბელგოროდი
პირველად ცნობილი გახდა აფეთქებების შესახებ ბელგოროდის რაიონში. მოსკოვის დროით 20 საათზე მხარის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა თავის ტელეგრამ არხზე დაწერა, რომ აფეთქებები სამხედრო შეიარაღების საწყობებზე მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა.
გლადკოვის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ხოლო საწყობებთან ახლოს მცხოვრები ადამიანების ევაკუაცია უკვე მიმდინარეობს. გლადკოვის თქმით, ხანძრის მიზეზბთან დაკავშირებით მოკვლევა უკვე მიმდინარეობს.
სოციალურ ქსელში ფართოდ ვრცელდება არავერიფიცირებული ვიდეოები, რომლებიც მაღალი ალბათობით ბელგოროდის მახლობლად მომხდარ აფეთქებებს ასახავს.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა თავის ტვიტერზე დაწერა, რომ "ბელგოროდში საარმიო დანიშნულების საწყობები იწვის". არესტოვიჩის თქმით, საუბარია რუსეთის არმიის იმ დანაყოფებზე, რომელიც ამ დროისთვის იზიუმის მიმართულებით იბრძვიან.
ქერჩი და სევასტოპოლი
ბელგოროდის კადრების შემდეგ, რამდენიმე წუთში გავრცელდა აფეთქებების ვიდეოები ბელბეკის სამხედრო აეროდრომიდან, რომელიც ანექსირებული სევასტოპოლის მახლობლად მდებარეობს.
Reuters-ის ცნობით, მათთან საუბარში თვითმხილველები აეროპორტის მახლობლად 4 აფეთქების ხმაზე მიუთითებენ. სააგენტო ახსენებს ერთ-ერთი უკრაინული საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებულ კადრებს, რომელზეც რაკეტის გაშვებაა ასახული.
რუსეთის მიერ ხელდასმული სევასტოპოლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მიხაილ რაზვოაჟაევის თქმით, აეროდრომთან ახლოს რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. რაზვოჟაევის თქმით, აეროდრომი არ დაზიანებულა და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
რაზვოჟაევის განცხადებას წინ უძღოდა ყირიმის ხელმძღვანელის, სერგეი აქსიონოვის მრჩეველის, ოლეგ კრიუჩკოვის განცხადება, რომლის მიხედვითაც საჰაერო თავდაცვის სისტემა ამუშავდა ქერჩშიც, თუმცა მისი თქმით, ქალაქს და ყირიმის ხიდს არავითარი საფრთხე არ ემუქრებოდა.
ყირიმში მომხდარ აფეთქებებს საკუთარ ტელეგრამ არხზე გამოეხმაურა რუსი ბოევიკი და დონბასის სეპარატისტების ყოფილი ლიდერი, იგორ გირკინი - "დარტყმა ბელბეკის აეროდრომზე. ხანძარი და დეტონაცია".
ბელბეკში რუსეთის არმიის უმსხვილესი სამხედრო აეროდრომია განთავსებული.
კახოვკა
ყველაზე ხშირად აფეთქებების ხმა ხუთშაბათს სწორედ კახოვკაში ისმოდა, აქტიურად ვრცელდებოდა ამის ამსახველი კადრებიც.
რუსეთის მიერ დანიშნული კახოვკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ქალაქს უკრაინის შეიარაღებული ძალები ბომბავენ.
ოკუპირებული ხერსონის რაიონში მდებარე კახოვკა ბოლო დღეებში უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის პრიორიტეტული სამიზნე გახდა. 17 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინელებმა კახოვკაში განთავსებული ოკუპანტების სამეთაურო პუნქტი გაანადგურეს.
კონტექსტი
დილით, ჯანკოიში მდებარე რუსეთის არმიის შეიარაღების საწყობზე მოულოდნელად ცეცხლი გაჩნდა, რასაც მოგვიანებით დეტონაცია მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი, მწყობრიდან გამოვიდა ახლოს მდებარე სარკინიგზო კვანძი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში შემთხვევას მიზანმიმართული დივერსია უწოდეს. უკრაინული მხარის ინფორმაციით, დაზიანებულ სარკინიგზო კვანძს აქტიურად იყენებდნენ ოკუპანტები შეიარაღების გადასატანად და აფეთქების მახლობლად განლაგებული იყო საზენიტო დანადგარებიც.
9 აგვისტოს ყირიმში საკის აეროდრომზე რამდენიმე დიდი აფეთქება მოხდა, რომლის შედეგადაც განადგურდა რუსეთის რამდენიმე გამანადგურებელი და სხვა ტიპის ავიაცია.
31 ივლისს რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის დღეს სიმფეროპოლში მდებარე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბის შენობაზე განხორციელდა შეტევა დრონით, რის შედეგადაც დაშავდა 10-მდე ადამიანი.