‘ოქროს ერა’ ურთიერთობებში - ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ფილიპინებში ჩავიდა
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი სამხრეთ-აზიული ტურნეს ფარგლებში ფილიპინებს ეწვია.
პეკინი მზადაა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში „ახალი ოქროს ერის“ დასადგომად, განაცხადა ვანგ იმ მანილაში ფილიპინელ კოლეგასთან შეხვედრისას.
მაისში ფილიპინელებმა ახალი პრეზიდენტი აირჩიეს, რომელიც ყოფილი დიქტატორის, ფერდინანდ მარკოსის ვაჟია.
მარკოსი ფილიპინებს 21 წლის განმავლობაში მართავდა. მისი რეჟიმი 1986 წელს დაამხეს, თუმცა მარკოსის ოჯახი ქვეყანაში პოლიტიკურ გავლენას ინარჩუნებდა.
ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ უმცროსი მარკოსი პეკინთან ურთიერთობების გაძლიერებას შეეცდება.
თუმცა, მარკოსი აცხადებს, რომ ჩინეთთან დაახლოება „ფილიპინების სუვერენიტეტის ხარჯზე“ არ მოხდება.
პეკინს და მანილას შორის ურთიერთობები განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ჩინეთმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე ტერიტორიული მოთხოვნები წამოაყენა.
ჩინეთთან ეკონომიკური კავშირების საპირწონედ მარკოსს აშშ-სთან ურთიერთობის დალაგება მოუწევს, რომელიც არქიპელაგის მთავარ სამხედრო მოკავშირედ მიიჩნევა.
მარკოსის წინამორბედ როდრიგო დუტერტეს ვაშინგტონთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა მზარდი ჩინური ექსპანსიის ფონზე ორი ქვეყანა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას აგრძელებდა.