ალექსეი ნავალნი კოლონიიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი კოლინიიდან რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახური ავრცელებს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ნავალნის ვიტამინური თერაპია დაუნიშნეს. ალექსეი ნავალნის ექიმები ამბობენ, რომ თუკი დაპატიმრებული რუსი ოპოზიციონერი სამედიცინო დახმარებას ვერ მიიღებს, მაშინ ის “რამდენიმე დღეში მოკვდება”.
ექიმის თქმით, უკანასკნელი სისხლის ანალიზებით კალიუმის დონე იმდენად მაღალია, რომ, შეიძლება, გულის გაჩერება გამოიწვიოს. ის ასევე ამბობს, რომ გაზრდილია კრეატინინის დონეც, რაც თირკმელების ფუნქციონირების დაქვეითებაზე მიანიშნებს.
ნავალნი 19 დღეა შიმშილობს და ითხოვს ზურგის მწვავე ტკივილისა და ფეხის დაბუჟების სათანადო მკურნალობას.
ბრიტანეთში რუსეთის ელჩმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ნავალნის არ მისცემს ციხეში სიკვდილის უფლებას.
ნავალნის პერსონალურმა ექიმმა, ანასტასია ვასილევამ, 4 სხვა ექიმთან ერთად მისწერა ციხის ადმინისტრაციას წერილი, რათა ნავალნის ნახვის უფლება მიეცათ.
44 წლის ალექსეი ნავალნი 2020 წლის აგვისტოში თითქმის დაიღუპა, როდესაც “ნოვიჩოკით” მოწამლეს. ნავალნი მისი მოწამვლის ბრძანების გაცემაში ვლადიმერ პუტინს ადანაშაულებს.
ნავალნის მეუღლე, იულია აცხადებს, რომ ალექსეი ნავალნი 76 კილოგრამს იწონის. მან შიმშილობის შემდეგ 9 კილოგრამი დაიკლო.