ასადი ირანის უზენაეს ლიდერ ხამენეის შეხვდა
სირიის დიქტატორი ბაშარ ალ-ასადი ირანის უზენაეს ლიდერ ალი ხამენეის შეხვდა.
ასადი თეირანში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა.
სირიის რეჟიმის ლიდერმა შეხვედრა გამართა ირანის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისისთანაც.
„დღევანდელი სირია არ არის ომამდელი სირია, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ [სირია] დანგრეული არ იყო, დღეს მას მეტი პატივისცემით ეპყრობიან და ყველა ძლიერ ქვეყნად აღიქვამს“, - ნათქვამია ხამენეის ოფიციალურ განცხადებაში.
2011 წელს დაწყებულ სირიის სამოქალაქო ომში ირანი ასადის მთავარ მოკავშირედ ითვლება.
ეს ომის დაწყების შემდეგ თეირანში სირიის დიქტატორის რიგით მეორე ვიზიტი იყო.
2019 წელს ასადს ვიზიტის დროს იმ დროს ირანის ელიტური ყუდსის ძალების მეთაური, გენერალი ყასემ სოლეიმანი ახლდა.
მოგვიანებით, 2020 წლის იანვარში აშშ-მ უპილოტო საფრენი აპარატით სოლეიმანის ლიკვიდაცია განახორციელა.
მარტში სირიის დიქტატორი გაერთიანებულ არაბულ საამიროებში ჩავიდა - რაც ომის შემდეგ ასადისთვის არაბულ ქვეყანაში პირველი ვიზიტი იყო.
ასადის საამიროელ ლიდერებთან შეხვედრა სპარსეთის ყურის ქვეყანასთან ურთიერთობების ნორმალიზაციის მცდელობად აღიქვეს.