აშშ უკრაინას $400 მილიონის სამხედრო დახმარებას გადასცემს
აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების 33-ე პაკეტს გადასცემს. 3 მარტს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა ოფიციალურად გამოაქვეყნა იმ შეიარაღების სია, რომელიც 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში შედის.
სამხედრო დახმარება მოიცავს:
- დამატებით საბრძოლო მასალას HIMARS-ის სარაკეტო სისტემებისთვის;
- დამატებით 155 მმ-იან საარტილერიო ჭურვებს;
- დამატებით 105 მმ-იან საარტილერიო ჭურვებს;
- დამატებით 25 მმ-იან საბრძოლო მასალას;
- ასაფეთქებელ საბრძოლო მასალას და დაბრკოლებების გადალახვის საშუალებებს;
- სატრანსპორტო საშუალებების მოვლისა და შეკეთების საკონტროლო და დიაგნოსტიკური მოწყობილობებს;
- სათადარიგო ნაწილებსა და სხვა საველე აღჭურვილობას.
"ბრძოლის ველზე უკრაინის მზარდი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა უკრაინას ძირითადი შესაძლებლობები მიაწოდოს", - ნათქვამია განცხადებაში.
პენტაგონმა აღნიშნა, რომ მთლიანობაში, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, აშშ-მ უკრაინას 32.8 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარება გადასცა. მათ შორის დაახლოებით 32.2 მილიარდი დოლარი 2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან.
სამხედრო დახმარების ახალ პაკეტზე საუბრისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთს თავად შეუძლია ომის დასრულება.
"სანამ რუსეთი ამას არ აკეთებს, რა დროც ამას დასჭირდება, ჩვენ უკრაინასთან ერთად ვიდგებით, ერთიან ფრონტზე და გავაძლიერებთ მის შეიარაღებულ ძალებს ბრძოლის ველზე, რათა უკრაინას ჰქონდეს ყველაზე ძლიერი პოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან", - განაცხადა დიპლომატმა.