ამერიკამ და თალიბანმა ტყვეები გაცვალეს
ორშაბათს, 19 სექტემბერს, თალიბებმა ამერიკელი ინჟინერი მარკ ფრერჰისი გადასცეს შეერთებულ შტატებს ისლამისტური რადიკალური მოძრაობის მაღალი რანგის წევრის, ჰაჯი ბაშირ ნურზაის სანაცვლოდ.
"დღეს ქაბულის აეროპორტში მარკ ფრერჰისი გადაეცა შეერთებულ შტატებს, ჰაჯი ბაშირი კი ჩვენ გადმოგვცეს", - განაცხადა თალიბანის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ამირ ხან მუტაqiმ ავღანეთის დედაქალაქში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მუთაქის თქმით, გაცვლა "გრძელი მოლაპარაკებების შემდეგ" შედგა. თალიბანის განცხადებიდან რამდენიმე საათის შემდეგ ფრერჰისის ოჯახმა დაადასტურა მისი გათავისუფლება.
მარკ ფრერჰისი, აშშ-ს საზღვაო ძალების ვეტერანია, რომელიც ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა კონსულტანტ ინჟინრად და ხშირად მოგზაურობდა ავღანეთში. ის ამ ქვეყანაში 2020 წლის თებერვალში გაუჩინარდა.
ვარაუდობენ, რომ ის თალიბანთან დაკავშირებულმა ჰაკანის ქსელმა გაიტაცა. ვაშინგტონი დაჟინებით მოითხოვდა ფრერჰისის გათავისუფლებას, მათ შორის მას შემდეგ, რაც 2021 წლის აგვისტოში თალიბანმა ხელში ჩაიგდო ძალაუფლება ავღანეთში, როდესაც შეერთებულმა შტატებმა თავისი ჯარების დიდი ნაწილი ქვეყნიდან გაიყვანა.
ფრერჰისის დამ, შარლინ კაკორამ მადლობა გადაუხადა აშშ-ს ხელისუფლებას, მათ შორის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, მისი ძმის დასაბრუნებლად გაწეული ძალისხმევისთვის.
ავღანელი ნარკობარონი გაათავისუფლეს
ფრერჰისი ჰაჯი ბაშირ ნურზაიში გაცვალეს, რომელიც ამერიკამ 2001 წელს აგენტად აიყვანა. ნურზაი 2005 წელს აშშ-ში დააკავეს 50 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ჰეროინის კონტრაბანდის მცდელობისთვის. 2009 წელს მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ნურზაი პატიმრობას გუანტანამოს ყურის ამერიკულ ციხეში იხდიდა.
ქაბულში, სასტუმროში ნურზაისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მუთაკიმ თქვა: "მე ვამაყობ, რომ ჩემი ქვეყნის დედაქალაქში ვარ ჩემს ძმებს შორის".
მუჰამედ ნაიმმა, დოჰაში თალიბანის პოლიტიკური ოფისის სპიკერმა, ქაბულში დაბრუნების შემდეგ ნურზაის ფოტო გამოაქვეყნა.