ბლინკენი ემხრობა ამერიკული იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმას - NYT

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ენტონი ბლინკენის ხელმძღვანელობით, მუშაობს წინადადებაზე, რათა შეასუსტოს აკრძალვა უკრაინისთვის, გამოიყენოს ამერიკული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე არსებული სამიზნეების წინააღმდეგ.

ამის შესახებ გამოცემა New York Times იტყობინება.

ამ ინიციატივაზე პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში აქტიური დებატები მიმდინარეობს, რათა, უკრაინას მიეცეს უფლება, გაანადგუროს რუსეთის ტერიტორიაზე არსებული სარაკეტო და საარტილერიო გამშვები დანადგარები. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სწორედ მოსაზღვრე რეგიონებში განთავსებული მსგავსი ტიპის იარაღით შეძლო რუსეთმა ხარკივის რეგიონში ტერიტორიული წინსვლა.

გამოცემას საკუთარი წყაროები უყვებიან, რომ სახელმწიფო მდივანმა პოზიცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც რუსეთმა ხარკივის ოლქში ახალი ფრონტი გახსნა. რუსმა სამხედროებმა სხვადასხვა სახის საარტილერიო სისტემები, სწორედ, ხარკივის საზღვართან ახლოს განათავსა იმ "გარანტიით", რომ უკრაინელები მათ წინააღმდეგ ამერიკულ იარაღს ვერ გამოიყენებდნენ.

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, რესპუბლიკელმა მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ აშშ-მა უკრაინას უნდა მისცეს უფლება "აწარმოოს ომი ისე, როგორც ის ჩათვლის საჭიროდ", რაშიც მოიაზრება თანხმობა ამერიკული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე არსებული სამიზნეების წინააღმდეგ გამოყენებაში.

კონტექსტი

ცოტა ხნით ადრე, აშშ-ს კონგრესის დაზვერვის კომიტეტმა გაასაჯაროვა ორპარტიული მიმართვა, სადაც, თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს მოუწოდებენ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების დაჩქარებას და, უფლებას, ეს იარაღი იქნეს გამოყენებული ამ რუსეთის ტერიტორიაზე არსებული სამიზნეების წინააღმდეგ.

უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ, Reuters-თან ინტერვიუში დაადასტურა, რომ უკრაინა აწარმოებს აქტიურ მოლაპარაკებებს თავის დასავლელ პარტნიორებთან, მიიღონ უფლება გამოიყენონ დასავლური იარაღის რუსეთში არსებული სამიზნეების წინააღმდეგ.

მსგავსი სიახლეები