აშშ-ის ელჩი კიევში: უკრაინა რუსეთთან ომში არ დამარცხდება
უკრაინა არ დამარცხდება რუსეთთან ომში, დარწმუნებულია აშშ-ის ელჩი კიევში ბრიჯიტ ბრინკი. ამის შესახებ მან "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომელიც 19 ივნისს გამოქვეყნდა.
"უკრაინა არ დამარცხდება და ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება. როგორც აღვნიშნე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის და მართლაც მნიშვნელოვანია ევროპის უსაფრთხოებისთვის. ეს მართლაც მნიშვნელოვანია ამერიკისთვისაც. რადგან, როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რაც მოხდა მორალურად აღმაშფოთებელია, ეს არის არაპროვოცირებული, გაუმართლებელი თავდასხმა სუვერენულ ქვეყანაზე", - თქვა დიპლომატმა.
მან დასძინა, რომ ამერიკის ინტერესებშია ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
"ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამიტომ, ომის შედეგები მართლაც სცილდება უკრაინას. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რა არის სასწორზე. ამიტომ ვართ აქ - დავეხმაროთ უკრაინას გამარჯვებაში", - თქვა ბრინკმა.