აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ბაიდენის შვილის საქმეზე სპეციალური პროკურორი დანიშნა

პროკურორმა დევიდ ვაისმა, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერს იძიებს, სპეციალური პროკურორის სტატუსი მიიღო. ამის შესახებ აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა პარასკევს, 11 აგვისტოს განაცხადა.

"სამშაბათს, ბატონმა ვაისმა შემატყობინა, რომ მისი აზრით, მისი გამოძიება მივიდა იმ ეტაპამდე, სადაც მან მუშაობა სპეციალურ პროკურორად უნდა გააგრძელოს. ამ საქმესთან დაკავშირებული განსაკუთრებული გარემოებებიდან გამომდინარე, მივედი დასკვნამდე, რომ მისი სპეციალური პროკურორად დანიშვნა საზოგადოებრივ ინტერესებშია," - თქვა გარლანდმა.

სპეციალურ პროკურორად დანიშვნა ვაისს უფრო მეტ ძალაუფლებას ანიჭებს, ვიდრე ტიპიურ პროკურორს აქვს და უფრო დიდ დამოუკიდებლობას იუსტიციის დეპარტამენტისგან.

"ბატონ ვაისს მიეცემა უფლება გააგრძელოს გამოძიება, განახორციელოს ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედება, რომელიც მას სურს და გადაწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა ნებისმიერ ქვეყანაში." - თქვა გარლანდმა.

CNN-ის წყაროების ინფორმაციით, ვაისის სტატუსის გაზრდის შესახებ თეთრმა სახლმა წინასწარ არ იცოდა.

ჰანტერ ბაიდენის საპროცესო შეთანხმება ჩაიშალა

ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიება 2018 წლიდან მიმდინარეობს, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ის უკანონოდ ფლობდა Colt Cobra 38-ის რევოლვერს, იყენებდა ნარკოტიკებს და მალავდა ამ ფაქტს. გარდა ამისა, ამჟამინდელი პრეზიდენტის ვაჟი ეჭვმიტანილია 100 000 დოლარზე მეტი გადასახადის დამალვაში.

ჰანტერ ბაიდენი 2023 წელს დათანხმდა, რომ გადასახადებისგან თავის არიდებასა და იარაღის უკანონო შენახვას აღიარებდა. წინასწარი შეთანხმება მას პატიმრობის თავიდან აცილებაში უნდა დახმარებოდა. ივლისში ცნობილი გახდა, რომ გამოძიებასთან საპროცესო შეთანხმება ფაქტობრივად ჩაიშალა, რადგან მოსამართლე მერიელენ ნორეიკამ უარი თქვა მის ხელმოწერაზე.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ის შეიცავს "არასტანდარტულ პირობებს" და შეეძლო ბაიდენისთვის იმუნიტეტის მინიჭება იმ ეპიზოდებში, რომლებზეც გამოძიება მიმდინარეობს. შეთანხმების ჩაშლის შემდეგ ბაიდენმა დანაშაულის აღიარებაზე უარი თქვა.

ვაისმა სპეციალურ პროკურორად დაწინაურების შემდეგ განაცხადა, რომ მხარეები ახალ საპროცესო შეთანხმებაზე ვერ შეთანხმდნენ და ახლა ჰანტერ ბაიდენის ბედი, სავარაუდოდ, სისხლის სამართლის სასამართლოში გადაწყდება.

მსგავსი სიახლეები