აშშ-მ 93 ნიკარაგუელ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა ‘დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის’ გამო
აშშ-მ სანქციები დაუწესა 93 ნიკარაგუელ მაღალჩინოსანს, რომლებსაც ბრალი გასულ წელს ნიკარაგუის დიქტატორ დანიელ ორტეგას ხელახლა არჩევისთვის ხელის შეწყობა ედებათ.
სანქცირებულ სიაში მოსამართლეები, პროკურორები, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და პარლამენტის წევრები მოხვდნენ.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ცენტრალური ამერიკის ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული სიტუაცია დაგმო.
„ღრმად ვართ შეშფოთებული ორტეგა-მურიიოს რეჟიმის მიერ პოლიტიკური პატიმრების უკანონო დაკავებით და სამოქალაქო საზოგადოების წევრების დევნით“, - განაცხადა ბლინკენმა.
გასულ წელს ნიკარაგუაში ჩატარებული არჩევნები აშშ-მ და სხვა დასავლურმა ქვეყნებმა „ფარსად“ შეაფასეს.
დანიელ ორტეგამ ქვეყნის პირველი პირის პოსტი მეოთხე ვადით დაიკავა.
მისი ცოლი, როსარიო მურიიო ვიცე-პრეზიდენტი მეორე ვადით გახდა.
76 წლის ორტეგა ცენტრალური ამერიკის ქვეყანას 2007 წლიდან მართავს. მანამდე ის ნიკარაგუის ხუნტას 1979-1990 წლებში მეთაურობდა.
ორტეგამ სახელი 1970-ან წლებში სანდინისტურ რევოლუციაში მონაწილეობით გაითქვა, რომელიც მემარჯვენე დიქტატორ სომოსას უპირისპირდებოდა.