დანიელ ორტეგა ნიკარაგუის პრეზიდენტი მეოთხე ვადით გახდა

 

ნიკარაგუის პრეზიდენტი დანიელ ორტეგა ქვეყნის პირველი პირის პოსტს მეოთხე ვადით დაიკავებს.

10 ნოემბერს ორტეგასთან ერთად ფიცი მისმა მეუღლემ, როსარიო მურიიომ დადო, რომელიც ვიცე-პრეზიდენტი მეორე ვადით გახდება.

ორტეგას ინაუგურაციას ჩინეთის, ჩრდილოეთ კორეის, ირანის, რუსეთის და სირიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ცერემონიაზე იმყოფებოდნენ ვენესუელის რეჟიმის ლიდერი ნიკოლას მადურო და კუბის პრეზიდენტი მიგელ დიას-კანელი.

გასულ წელს ნიკარაგუაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ აშშ და ევროკავშირი.

ორტეგას ინაუგურაციის დღეს აშშ-ს ხაზინამ ნიკარაგუელ მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა.

„2018 წლის აპრილის შემდეგ ორტეგა-მურიიოს რეჟიმმა პოლიტიკურ ოპოზიციასა და სამოქალაქო აქტივისტებზე რეპრესიები განახორციელა, რასაც სამასამდე პირი ემსხვერპლა, ორი ათასამდე კი დაშავდა. ასი ათასამდე ნიკარაგუელს ქვეყნის დატოვება მოუწია“, - ნათქვამია ხაზინის განცხადებაში.

76 წლის ორტეგა ცენტრალური ამერიკის ქვეყანას 2007 წლიდან მართავს. მანამდე ის ნიკარაგუის ხუნტას 1979-1990 წლებში მეთაურობდა.

ორტეგამ სახელი 1970-ან წლებში სანდინისტურ რევოლუციაში მონაწილეობით გაითქვა, რომელიც მემარჯვენე დიქტატორ სომოსას უპირისპირდებოდა.

მსგავსი სიახლეები