აშშ-მ ირანის ნავთობ-ინდუსტრიას ახალი სანქციები დაუწესა
აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტმა ირანის ნავთობქიმიურ ინდუსტრიას ახალი სანქციები დაუწესა.
შეზღუდვები გავრცელდება ჩინურ და საამიროების კომპანიებზეც, რომლებიც ირანს ნავთობქიმიური პროდუქტების ექსპორტში ეხმარებიან.
„შეთანხმების არარსებობის ფონზე ირანისთვის ნავთობის, ნავთობ- და ნავთობქიმიური პროდუქტების ექსპორტის შეზღუდვას გავაგრძელებთ“, - განაცხადა ხაზინის ვიცე-მდივანმა ბრაიან ნელსონმა.
გასული წლის ნოემბრის შემდეგ ირანს და ბირთვული ხელშეკრულების მხარეებს, მათ შორის აშშ-ს შორის შეთანხმების აღსადგენად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
2015 წელს დადებული შეთანხმება ირანისთვის საერთაშორისო სანქციების მოხსნას ითვალისწინებდა თეირანის მიერ სამხედრო ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმის სანაცვლოდ.
2018 წელს პრეზიდენტმა ტრამპმა ხელშეკრულება ცალმხრივად დატოვა. ბაიდენის ადმინისტრაცია შეთანხმების აღდგენას ისახავს მიზნად, თუმცა მხარეებს შორის მოლაპარაკებები ჩიხშია შესული.