აშშ-მ საუდებისთვის თავდასხმითი შეიარაღების მიყიდვა შეიძლება განაახლოს - Reuters
აშშ-ს მთავრობა საუდის არაბეთისთვის თავდასხმითი შეიარაღების მიყიდვის განახლებას განიხილავს, წერს სააგენტო Reuters-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.
წყაროს მიხედვით, საბოლოო გადაწყვეტილება ერ-რიადის მიერ იემენის ომის დასრულებისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე იქნება დამოკიდებული.
ამ კვირაში საუდის არაბეთში აშშ-ს პრეზიდენტის ვიზიტია დაგეგმილი.
ბაიდენის ვიზიტი ახლო აღმოსავლეთის გავლენიან ქვეყანასთან ურთიერთობების გადასინჯვის მცდელობად მიიჩნევა.
ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის დროს აშშ-ს ლიდერმა საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრის დიპლომატიური იზოლაცია მოითხოვა.
აშშ-ს დაზვერვის ვერსიით, 2018 წელს სტამბულში საუდელი დისიდენტი ჯამალ ხაშოგის მკვლელობის უკან მუჰამად ბინ სალმანი დგას.
2021 წლის თებერვალში ვაშინგტონმა საუდის არაბეთისთვის თავდასხმითი შეიარაღების მიყიდვა შეაჩერა იემენში წარმოებული სამხედრო კამპანიის გამო.
ერ-რიადმა თეთრი სახლისგან ქება დაიმსახურა მას შემდეგ, რაც ივნისის დასაწყისში იემენის ომში დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კიდევ ორი თვით გახანგრძლივდა.
ახლა ვაშინგტონს დროებითი შეთანხმების მუდმივად გარდაქმნა სურს, წერს Reuters-ი.
აშშ-ს პრეზიდენტის ახლო აღმოსავლეთის ტურნე 13-16 ივლისს გაიმართება.
ბაიდენი ისრაელს, დასავლეთ ნაპირს (პალესტინა) და საუდის არაბეთს ეწვევა.
სხვადასხვა წყაროს მიხედვით, აშშ-ს პრეზიდენტი საუდის არაბეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის დაჩქარებას შეეცდება.