აშშ ირანული დრონების მწარმოებელ კომპანიებს სანქციებს უწესებს
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა 15 ნოემბერს სანქციები დაუწესა იმ კომპანიებს, რომლებიც მონაწილეობენ ირანული დრონების წარმოებაში ან რუსეთისთვის მიწოდებაში, რომლებითაც რუსეთის უკრაინას უტევს. ინფორმაციას აშშ-ის ხაზინა (ფინანსთა სამინისტრო) ავრცელებს.
კერძოდ, სანქციები დაუწესდა Shahed-ის საავიაციო ინდუსტრიების კვლევის ცენტრს, რომელიც აპროექტებს და აწარმოებს Shahed-ის სერიის დრონებს, მათ შორის Shahed-136-ს.
შეზღუდვები ასევე დაუწესდა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დაფუძნებულ ავიაკომპანიებს: Success Aviation Services FZC-ს და Jet Global DMCC-ს. სააგენტოს ცნობით, ისინი თანამშრომლობდნენ ირანულ კომპანია Safiran Airport Services-თან, რომელიც აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფება ირანსა და რუსეთს შორის ფრენების კოორდინაციის გამო. ამ კომპანიას ირანული უპილოტო საფრენი აპარატების, პერსონალისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის ტრანსპორტირებაში ედება ბრალი.
სანქციები ასევე დაწესდა აბას ჯუმისა და ტიგრან სრაბიონოვის წინააღმდეგ, რომლებმაც, აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს ცნობით, კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერს" ირანული დრონები მიაწოდეს.
დაწესებული შეზღუდვები ითვალისწინებს, რომ ზემოაღნიშნული ფიზიკური პირებისა და სუბიექტების მთელი ქონება, რომელიც შეერთებულ შტატებშია, უნდა დაიბლოკოს.