აშშ-საქართველოს თანამშრომლობის გადახედვა - რა ნაბიჯები გადაიდგა


შენიშნვა: სტატიის გამოქვეყნების შემდგომ გახდა ცნობილი, რომ ლუგარის ლაბორატორიის რიგი პროექტები დროებით შეჩერდა.

ლუგარის ლაბორატორიის ფინანსური სამსახურის დეპარტამენტის უფროსის, ოთარ ნამიჭეიშვილის თქმით - "რა პერიოდით დაპაუზდა, რომელი პროექტი დაპაუზდა, მიმდინარეზე საუბარი თუ ახალ პროექტზე საუბარი, ეს დეტალები არ ვიცი. გადახედვის ეტაპზე არის და შეჩერებულია, დაპაუზებულია, მაგრამ რა არის დაპაუზებული, ამასაც ვერ გეტყვით. რას ნიშნავს პროექტის დაპაუზება ამის განმარტება ჩემთვის ახალია და ვერ გეტყვით".

მასალა განახლებადია...


საქართველოს მთავრობის მიერ რუსული კანონის მიღების, მშვიდობიანი პროტესტების წინააღმდეგ გამოყენებული ძალის და მკვეთრად გაუარესებული ანტიდასავლური რიტორიკის ფონზე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საპასუხო ზომების მიღება დაიწყო.

აშშ-ის და ევროპელი პარტნიორების მხრიდან არაერთი მოწოდების მიუხედავად, არ მიეღოთ კანონი [ე.წ. უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ], რომელიც თავსებადობაში არ მოდის ევრო-ატლანტიკურ სტანდარტებთან და ღირებულებებთან, 2024 წლის 1 აგვისტოს ამოქმედდა.

კანონის დაინფიცირების დღიდან მოყოლებული, იყო არაერთი მოწოდება, რეკომენდაცია თუ გაფრთხილება, რომ კანონი არათუ თავსებადობაში არ არის ევრო-ატლანტიკურ ღირებულებთან და სტანდარტებთან, არამედ ის „რუსული ყაიდის“ და შინაარსის მატარებელია.

კანონის მიღება მოხდა მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე, რომლის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობამ არაერთხელ გამოიყენა ძალა. შეერთებული შტატები „ქართულ ოცნებას“ დიდი ხნის განმავლობაში აფრთხილებდა, რომ მსგავსი ანტიდემოკრატიული ქმედებები და ცრუ ბრალდებები დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ, უშედეგოდ არ ჩაივლიდა.

აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა და სავიზო შეზღუდვები

საქართველოს ხელისუფლების ქმედებების პასუხად, სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა შემოიღო. ის გავრცელდა პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაზე ან არიან მისი თანამონაწილენი. ასევე - ამ პირთა ოჯახის წევრებზე.

„აშშ-ის ხანგრძლივი მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიისადმი ფუნდამენტურია ჩვენი ორმხრივი ურთიერთობისათვის. ნებისმიერი, ვინც ძირს გამოუთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს საქართველოში, მათ შორის, 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების წინ, მის განმავლობაში და შემდეგ, შესაძლოა ამ პოლიტიკის მიხედვით აღმოჩნდეს შეუსაბამო აშშ-ის ვიზის მისაღებად და აეკრძალოს შეერთებულ შტატებში გამგზავრება. ეს შეზღუდვები შესაძლოა, შეეხოს ამ პირთა ოჯახის წევრებსაც” - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.

6 ივნისს, აშშ-მ ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის ფარგლებში პირველი კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა და ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე პასუხისმგებელ 20-30 პირსა და მათი ოჯახის წევრებს, მათ შორის, ქართული ოცნების წევრებს, დეპუტატებს, სამართალდამცავებსა და კერძო პირებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა.

"სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა ცოტა ხნის წინ დააანონსა საქართველოსა და აშშ-ს შორის ყველანაირი ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა. ამ გადახედვის ფარგლებში, სახელმწიფო დეპარტამენტმა შემოიღო ვიზების შეზღუდვის პოლიტიკა. დღეს, ამ პოლიტიკით ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რათა დავაწესოთ ვიზების შეზღუდვა ათობით საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ. ეს მოიცავს იმ პირებს და მათ ოჯახის წევრებს, ვინც პასუხისმგებლები ან თანამონაწილენი არიან საქართველოს დემოკრატიის ძირის გამოთხრაში: ზღუდავენ თავისუფალი შეკრების უფლებას, მშვიდობიან დემონსტრანტებს ძალადობრივად ესხმიან თავს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს აშინებენ და ქართული ოცნების დავალებით გამიზნულად ავრცელებენ დეზინფორმაციას. ვიზების შეზღუდვის პირველი ნაწილი მოიცავს ქართული ოცნების პარტიის წევრებს, პარლამენტარებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ლიდერები გადაიაზრებენ ამ ქმედებებს და გადადგამენ ნაბიჯებს ქვეყნის დიდი ხნის გაცხადებული დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების სასარგებლოდ. თუ ასე არ მოხდება, აშშ მზად არის მიიღოს დამატებითი ზომები". - თქვა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე.

სანქციების პირველი ტალღის გამოცხადებამდე მილერს ნათქვამი ჰქონდა, რომ საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვა მხოლოდ სავიზო შეზღუდვების პოლიტიკით არ შემოიფარგლებოდა და პოტენციურად შეიძლებოდა, აშშ-საქართველოს ურთიერთობის ნებისმიერ სფეროს შეხებოდა.

მილერის განცხადებით, იმ პირთა სია, რომლებსაც სავიზო შეზღუდვები დაუწესდათ, კონფიდენციალურია და სახელმწიფო დეპარტამენტი მას არ გაასაჯაროებს, რადგან ეს ფედერალური კანონით აკრძალულია.

MEGOBARI და "ქართელი ხალხის აქტი"

აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის დაანონსებამდე ცოტა ხნით ადრე, აშშ-ის კონგრესში ორი კანონპროექტი შევიდა, რომლებიც სენატორებმა და კონგრესმენებმა რუსული კანონის საპასუხოდ გამოაცხადეს.

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, სენატორი ჯონ უილსონის მიერ ინიციირებული MEGOBARI აქტი და სენატორები ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშის მიერ წარდგენილი "ქართველი ხალხის აქტი"

MEGOBARI აქტი

კანონპროექტის ინგლისური დასახელება აბრევიატურაა, რომელიც ქართულ სიტყვა "მეგობარს" ემთხვევა - "საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი" (Mobilizing and Enhancing Georgia’s Options for Building Accountability, Resilience, and Independence Act).

ძირითადი დებულებები:

დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა - აქტი განსაზღვრავს აშშ-ის პოლიტიკას საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დასაცავად.

პასუხი დემოკრატიულ უკუსვლას - საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ, აქტი მოითხოვს საქართველოს მთავრობის ქმედებების, რუსეთსა და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან მისი კავშირების გაძლიერებულ შესწავლას.

ანგარიშგება და სანქციები - არასათანადო გავლენა და სანქციების თავიდან აცილება; ანგარიშები საქართველოში კორუფციული პრაქტიკის შესახებ, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის ინტერესებს და სანქციების თავიდან აცილებას.

რუსეთის სადაზვერვო აქტივები - საქართველოში რუსული დაზვერვის შეღწევისა და ჩინეთის პოტენციური თანამშრომლობის შეფასება.

სანქციები ქართველ პირებზე - იდენტიფიკაცია, სანქციებისა და მოგზაურობის აკრძალვის დაწესება იმ პირებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიას საქართველოში.

დემოკრატიის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შექმნა - სამუშაო ჯგუფი შექმნილი იქნება საქართველოში დემოკრატიული გარემოს მონიტორინგისა და ხელშეწყობისთვის, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში, რათა უზრუნველყოს სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო პროცესები.

ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება და მხარდაჭერა - საქართველოში მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროგრესის დადასტურების შემდეგ, აქტი ასახავს აშშ-ის შემდგომ დახმარებას:

  • მოლაპარაკებები საქართველოსთან უფრო შეღავათიანი სავაჭრო ხელშეკრულების დადებაზე;
  • გაცვლის გაფართოება და სავიზო რეჟიმის გამარტივება;
  • ეკონომიკური პაკეტის შემუშავება;
  • უსაფრთხოებისა და თავდაცვითი მხარდაჭერის უზრუნველყოფა რუსეთის აგრესიის დასაძლევად.

"ქართველი ხალხის" აქტი

დემოკრატ ჯინ შაჰინისა და რესპუბლიკელ ჯიმ რიშის მიერ წარდგენილი "ქართველი ხალხის" აქტი ორ ძირითად ნაწილს მოიცავს:

პირველი ნაწილი:

1. გამოიკვეთოს ის შედეგები, რომელიც დაეკისრება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ფიზიკურ პირებს, რომლებიც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელის შეშლაზე პასუხისმგებლები არიან:

  • სახელმწიფო დეპარტამენტმა ქართველ ფიზიკურ პირებსა და მათ ოჯახის წევრებს "უცხოური აგენტების შესახებ" კანონის ხელშეწყობასა და მხარდაჭერაში მონაწილეობისთვის, დაუწესოს მოგზაურობის შეზღუდვები;
  • დაწესდეს ახალი სანქციები იმ პირების მიმართ, რომლებიც საქართველოს სტაბილურობის, სუვერენიტეტის ან ტერიტორიული მთლიანობის შელახვაზე არიან პასუხისმგებელნი;
  • სანქციები დაუწესდეს იმ ქართველ ფიზიკურ პირებს, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევასა და კორუფციაზე პასუხისმგებლები არიან.

2. ამასთანავე, სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით შეიმუშაოს გრძელვადიანი სტრატეგია, მათ შორის, გადაიხედოს სამხედრო დახმარება და მოითხოვს აშშ-ის მთავრობამ შეაჩეროს ყველა სახის დაფინანსება, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

3. აშშ-საქართველოს სტრატეგიული დიალოგის ხანგრძლივი შეჩერების მოწოდება.

მეორე ნაწილი:

1. ხაზს უსვამს აშშ-ის სენატის ვალდებულებას, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას დაუჭიროს მხარი;

2. გამოიყოს მინიმუმ 50 მილიონი ამერიკული დოლარი საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განვითარების პროექტების მხარდასაჭერად;

3. მოითხოვს, სახელმწიფო დეპარტამენტმა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ განსაზღვრონ, როგორ გააგრძელონ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით;

4. ანგარიშგების ორი მოთხოვნა, რათა შეფასდეს (1) საქართველოში უცხოური მავნე გავლენის მასშტაბი და (2) ქართველი პოლიტპატიმრების მხარდაჭერის მცდელობები.

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი"

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვის ფარგლებში, სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. პენტაგონის ოფიციალური განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება გამოწვეულია საქართველოს მთავრობის ცრუ ბრალდებებით შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ.

ცრუ ბრალდებებში იგულისხმება ის ნარატივი, რომლის თანახმადაც, თითქოს, აშშ და დასავლელი მოკავშირეები „ზეწოლას ახდენენ საქართველოზე, რათა გახსნას მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაზე ზეწოლის შესამსუბუქებლად“ და თითქოს აშშ-ს „მონაწილეობა აქვს მიღებული საქართველოს ხელისუფლების გადატრიალების ორ მცდელობაში“.

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ პირველად 2015 წელს, ვაზიანში ჩატარდა. ქართულ-ამერიკულ წვრთნებში 300 ქართველი და 300 ამერიკელი ჯარისკაცი იღებდა მონაწილეობას. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც, საქართველოში გამართულ სამხედრო წვრთნებში ამერიკული სამხედრო ტექნიკა მონაწილეობდა - 14 ერთეული Bradley-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანა. წვრთნების მიზანი, NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებში ქართული და ამერიკული სამხედრო კონტინგენტების თავსებადობის ზრდა წარმოადგენდა.

საქართველოს თავდაცვის ძალებს ფინანსური დახმარება ევროკავშირმაც შეუჩერა. 9 ივლისს, ევროკავშირის ელჩის საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროპის სამშვიდობო ფონდის (EDF) ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარება შეჩერდა.

“პირველი მსხვერპლი, ვისაც ეს გადაწყვეტილება შეეხეო, არის საქართველოს თავდაცვის ძალები. ეს პირადად ჩემთვის გულდასაწყვეტია, მაგრამ ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი, იქნება სხვა ნაბიჯებიც“ - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

საქართველოს თავდაცვის ძალები2023 წელს, ევროკავშირის საბჭომ ევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF) ფარგლებში, საქართველოს 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყო, რომლის მიზანს წარმოადგენდა ქვეყნის თავდაცვის ძალების ხელშეწყობა ეროვნული უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მედეგობის მიმართულებით.

საქართველოს მთავრობის ფინანსური დახმარების შეჩერება

ამ ეტპაზე, აშშ-ის მხრიდან გადაგმული ბოლო საპასუხო ნაბიჯს წარმოადგენს უშუალოდ საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, 31 ივლისს განცხადება გაავრცელა, რის მიხედვითაც, საქართველოს მთავრობის ანტი-დემოკრატიული ქმედებების შემდეგ, აშშ-საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობის ყოვლისმოცმველი გადახედვის ფარგლებში, 95 მილიონზე მეტის ფინანსურ დახმარებას აჩერებს.

“23 მაისს, საქართველოს მთავრობის ანტი-დემოკრატიული ქმედებების შემდეგ, მე ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობის ყოვლისმომცველი გადახედვა დავაანონსე.

ამ გადახედვის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატები აჩერებს 95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას, რომელიც განკუთვნილი იყო უშუალოდ საქართველოს მთავრობისთვის.

საქართველოს მთავრობის ანტი-დემოკრატიული ქმედებები და ცრუ განცხადებები შეუსაბამოა ევროკავშირისა და NATO-ს სტანდარტებთან.

საქართველოს მთავრობის პირდაპირი ფინანსური დახმარების შეჩერების პარალელურად, შეერთებული შტატები განაგრძობს დახმარების პროგრამების და აქტივობების მხარდაჭერას, რომელიც სარგებელს მოუტანს ქართველ ხალხს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი მედიისა და ეკონომიკური განვითარების განმტკიცებით.

ჩვენი ორი ქვეყნისა და ხალხების 32 წლიანი მეგობრობისა და პარტნიორობის განმავლობაში, შეერთებულმა შტატებმა საქართელოს 6.2 მილიარდ დოლარის ღირებულების ფინანსური დახმარება გაუწია, რამაც წვლილი შეიტანა საქართველოს ეკონომიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასა და გაძლიერებაში.

ჩვენი მხარდაჭერა დაეხმარა საქართველოს თავდაცვის ძალების და სანაპირო დაცვის აღჭურვასა და მომზადებას, აშენდა სკოლები და საავადმყოფოები, გადამზადდა მასწავლებლები, საჯარო მოხელეები და სამედიცინო პერსონალი.

ჩვენ დავრჩებით ქართველი ხალხისა და მისი ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების ერთგული” - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.

 

რას აჩერებს გერმანია "ქართული ოცნების" საპასუხოდ

 

დანიამ საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობა შეაჩერა

მსგავსი სიახლეები