უკრაინელებმა აშშ-ში საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot-ებზე წვრთნა დაასრულეს

აშშ-ში Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებზე უკრაინელი სამხედროების მომზადება დასრულდა. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა პატრიკ რაიდერმა 30 მარტს ბრიფინგზე განაცხადა.

რაიდერის თქმით, ფორტ სილში 65-მა უკრაინელმა ჯარისკაცმა წვრთნები დაასრულა და ევროპაში დაბრუნდა.

მან აღნიშნა, რომ ამ თვის ბოლოს 4000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი გაივლის კომბინირებულ წვრთნას გერმანიაში, მათ შორის ორი ბრიგადა, ერთი აღჭურვილია Bradley-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანებით, მეორე კი Stryker-ით.

რაიდერის თქმით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, შეერთებულმა შტატებმა 7 ათასამდე უკრაინელი სამხედრო მოამზადა.

კონტექსტი

2022 წლის 21 დეკემბერს ამერიკამ უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტი გამოაცხადა, რომელიც პირველად მოიცავდა Patriot-ის ბატარეას.

2023 წლის 5 იანვარს ცნობილი გახდა, რომ Patriot-ის ბატარეას უკრაინას ასევე გერმანია გადასცემს.

16 იანვარს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯგუფი შეერთებულ შტატებში წვრთნებზე ჩავიდა.

20 იანვარს, ნიდერლანდების მთავრობის დოკუმენტებში გამოჩნდა ინფორმაცია, ამ ქვეყნის მიერ უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის ორი გამშვების მიწოდების შესახებ.

მსგავსი სიახლეები