აშშ უკრაინას რეკორდულ $3 მილიარდის სამხედრო დახმარების პაკეტს გადაცემს - AP
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო დახმარების რეკორდულ, $3 მილიარდიანი პაკეტის შესახებ განაცხადებს, იტყობინება Associated Press 23 აგვისტოს.
გამოცემა ანონიმურ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს ადმინისტრაცია ახალ სამხედრო პაკეტს 24 აგვისტოს გამოაცხადებს. დამოუკიდებლობის დღის გარდა, ამ დღეს ზუსტად ექვსი თვე გავა რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან.
გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, გამოყოფილი თანხა მოხმარდება დრონების, იარაღისა და სხვა ტექნიკის მიწოდების ხელშეკრულებების დაფინანსებას. თუმცა შესაძლებელია, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში ისინი ბრძოლის ველზე ჯერ არ გამოჩნდნენ. რეკორდული პაკეტის ფარგლებში უკრაინისთვის გადასაცემი იარაღის უფრო კონკრეტული სია ჯერ არ გამოქვეყნებულა.
თანხები ასევე დაიხარჯება უკრაინული ჯარის წვრთნასა და აღჭურვაზე, რათა უზრუნველყონ მათი საბრძოლო შესაძლებლობების შენარჩუნება "მრავალი წლის განმავლობაში", წერს AP.
წინა პაკეტებისგან განსხვავებით, ახალი დახმარება ძირითადად მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს უკრაინას თავდაცვითი პოზიცების შენარჩუნებაში საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, აცხადებენ AP-ს წყაროები, მაშინ როცა ადრე გადაცემული დახმარება ფოკუსირებული იყო უკრაინის იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაუდებელ საჭიროებებზე.
ახალი დახმარების პაკეტი მე-20 იქნება. უკრაინისთვის წინა, მე-19, 775 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტის მიწოდების გადაწყვეტილება 19 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიიღო. ის მიზნად ისახავდა "უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კრიტიკული საჭიროებების დაკმაყოფილებას", - თქვა პენტაგონმა.