აზერბაიჯანმა და სომხეთმა ტყვეები გაცვალეს და შეთანხმებისთვის მზაობა გამოთქვეს
აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს და სამშვიდობო შეთანხმებისთვის მზაობა გამოთქვეს.
ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანი გაათავისუფლებს 32 სომეხ ჯარისკაცს, ხოლო ერევანი 2 აზერბაიჯანელ სამხედროს.
აზერბაიჯანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, გასათავისუფლებელ ტყვეებიდან 26 ჯარისკაცი 2020 წლის ომის დროს ჰადრუთის რაიონში დაატყვევეს, ხოლო კიდევ 6 საზღვრის სადავო მონაკვეთებში გასული 2 წლის განმავლობაში. საყურადღებოა, რომ ტყვეებს შორის არ არიან, ე.წ. ყარაბაღის რესპუბლიკის ლიდერები, რომლებიც აზერბაიჯანმა სექტემბერში დააკავა.
გასული 3 წლის განმავლობაში სომხეთი და აზერბაიჯანი მოლაპარაკებებს რამდენიმე არხის მეშვეობით აწარმოებდნენ, მათ შორის ბრიუსელისა და მოსკოვის მედიაციით, თუმცა მიმდინარე შეთანხმება იმით არის მნიშვნელოვანი, რომ მხარეებმა მას პირდაპირი კომუნიკაციით მიაღწიეს.
ამასთანავე ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარეები მზად არიან იმუშავონ ქვეყნებს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე.
"სომხეთი და აზერბაიჯანი ეთანხმებიან შეხედულებას, რომ ამჟამად არსებობს ისტორიული შესაძლებლობა ნანატრი მშვიდობის მისაღწევად რეგიონში. ორივე სახელმწიფო ადასტურებს მისწრაფებას დაარეგულირონ ურთიერთობები და გააფორმონ სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს დაეფუძნება",- ნათქვამია განცხადებაში.