ბაიდენი ივლისში საუდის არაბეთსა და ისრაელში ჩავა - Axios
აშშ-ს პრეზიდენტი ივლისში საუდის არაბეთს და ისრაელს ეწვევა, წერს გამოცემა Axios-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
ჯო ბაიდენი 14-15 ივლისს სავარაუდოდ ისრაელში და პალესტინის ტერიტორიებზე ჩავა, რის შემდეგაც ახლო აღმოსავლეთის ტურნეს საუდის არაბეთში გააგრძელებს.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტი რეგიონული ლიდერების სამიტის ჩატარებას გეგმავს, რომელსაც ბაჰრეინის, ეგვიპტის, იორდანიის, ქუვეითის, ერაყის, ომანის, კატარის, საამიროების და საუდის არაბეთის წარმომადგენლები დაესწრებიან.
ბაიდენის ერ-რიადში მოსალოდნელ ვიზიტს არაერთგვაროვნად შეხვდნენ.
მანამდე ბაიდენმა საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცს „გარიყული“ უწოდა და მუჰამად ბინ სალმანის დიპლომატიურ იზოლაციას უჭერდა მხარს.
აშშ-ს დაზვერვის ინფორმაციით, ბინ სალმანი 2018 წელს სტამბულში საუდელი დისიდენტი ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგის მკვლელობაზეა პასუხისმგებელი.
თუმცა, ენერგეტიკულ რესურსებზე მზარდი ფასების ფონზე ვაშინგტონი ერ-რიადისგან ნავთობ-ექსპორტის გაზრდას და ბაზრის დასტაბილურებას ითხოვს.
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ბაიდენი ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციას შეეცდება.