ბაიდენის მიერ პუტინის მკვლელად მოხსენიების შემდეგ, რუსეთის ელჩი კონსულტაციებისთვის გაიხმეს
"რუსეთის ელჩი აშშ-ში ანატოლი ანტონოვი მოსკოვში კონსულტაციებისთვის გაიხმეს, რომელიც აშშ-სა რუსეთის მომავალ ურთიერთობებს შეეხება",- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ.
"თითქმის ორი თვეა, რაც ახალი ადმინისტრაცია ხელისუფლებაშია. ახლოსაა სიმბოლური 100-დღიანი ნიშნულის და ეს არის სათანადო მომენტი, რათა გავიგოთ რა გამოდის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას და რა არა. ჩვენთვის კი ყველაზე მნიშვნელოვანია გავიგოთ თუ რა გზები შეიძლება გამოინახოს მძიმე მდგომარეობაში მყოფი რუსულ-ამერიკული ურთიერთობების გამოსასწორებლად, რომელიც ბოლო წლებში ვაშინგტონის მიერ გატარებული პოლიტიკის წყალობით ჩიხშია შეყვანილი",- განაცხადა ზახაროვამ.
ზახაროვამ ასევე, განაცხადა, რომ "რუსეთი დაინტერესებულია არ დაუშვას ურთიერთობების შეუქცევადი დეგრადაცია. ზახაროვას თქმით, კონსულტაციებში საგარეო საქმეთა სამინისტროს გარდა, სხვა პროფილური უწყებებიც მიიღებენ მონაწილეობას.
ABC-სთან ინტერვიუში ჯო ბაიდენმა რუსეთთან დაკავშირებულ საკითხებზე და ვლადიმერ პუტინის პერსონაზე ისაუბრა. "ჩვენ გრძელი საუბარი გვქონდა, მე მას შედარებით დიდი ხანია ვიცნობ. საუბარიც აქედან დაიწყო, მე მას ვუთხარი - მე გიცნობთ თქვენ, თქვენ მიცნობთ მე. თუ გაირკვევა, რომ ეს მართლა მოხდა [რუსეთის ჩარევა საპრეზიდენტო არჩევნებში] იყავით მზად",- თქვა ბაიდენმა. აშშ-ს პრეზიდენტმა თქვა, რომ ამ შემთხვევაში პუტინის სათანადო ფასის გადახდა მოუწევს.
ჟურნალისტის მომდევნო კითხვა პუტინის პერსონას შეეხებოდა:
- "თქვენ პრეზიდენტ პუტინს დიდი ხანია იცნობთ, ფიქრობთ, რომ ის მკვლელია?"
- "დიახ"- უპასუხა ჯო ბაიდენმა.