ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას ითხოვენ
ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ მოუწოდეს ევროკავშირს, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, დაეხმარონ უკრაინას სპეციალური ტრიბუნალის შექმნაში, რომელიც რუსეთს სამხედრო დანაშაულებს გამოიძიებს. ამის შესახებ ნათქვამია სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც კვირას, 16 ოქტომბერს გამოქვეყნდა ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე.
"წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, რომლის დაცვასაც ჩვენ ყველანი ვცდილობთ, ვერ გადარჩება, თუ ქმედებები, რომლებიც ყველაზე მეტად არღვევს მას - გენოციდი, ომის დანაშაულები, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და აგრესიის დანაშაული, დაუსჯელი დარჩება", - ნათქვამია დოკუმენტში.
მინისტრები აღნიშნავენ, რომ ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს უკრაინისა და სხვა მრავალი სახელმწიფოს, ისევე როგორც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიერ ჩატარებული გამოძიებების მხარდაჭერა, "რადგან ისინი მთავარ როლს ასრულებენ მტკიცებულებების შეგროვებაში, უკრაინაში ჩადენილი გენოციდსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებზე პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირებასა და დასჯაში".
”სპეციალური ტრიბუნალის შექმნა შეავსებს ICC-ის როლს. მიუხედავად იმისა, რომ ICC გამოიძიებს ომის, გენოციდისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, სპეციალური ტრიბუნალის მთავარი პასუხისმგებლობა იქნება უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის პასუხისგებაში მიცემა", - განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელებმა.
მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ "სისხლიანი აგრესიის მთავარმა წამქეზებელმა და ორგანიზატორებმა პასუხისმგებლობა არ უნდა აირიდონ".