BBC-ს ეგზიტპოლი: ლეიბორისტები 410 მანდატი, კონსერვატორები - 131
ბრიტანეთში საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ ეგზიტპოლები გამოქვეყნდა. BBC-ს ეგზიტპოლის თანახმად, არჩევნებში რეკორდული უპირატესობით "ლეიბორისტული პარტია" იმარჯვებს და 650-დან 410 მანდატს მოიპოვებს.
14 წლიანი მმართველობის შემდეგ, კატასტროფული შედეგი აქვთ კონსერვატორებს, რომლებსაც მხოლოდ 131 საპარლამენტო მანდატი ექნებათ.
მესამე ადგილზე ლიბერალ-დემოკრატები არიან 61 მანდატით.
ბევრი მანდატი დაკარგა შოტლანდიელი სეპრატისტების პარტია SNP-მ, მათ მხოლოდ 10 ადგილი მოიპოვეს.
უმრავლესობის შესაქმნელად პარტიებს მინიმუმ 326 ადგილის მოპოვება სჭირდებათ.
კონტექსტი
14 წლიანი მმართველობის ბოლოს კონსერვატორული პარტია ძალიან არაპოპულარულია. მმართველი პოლიტიკური ძალის დაბალ რეიტინგს პანდემიის პერიოდში, შეზღუდვების დარღვევით ჩატარებული წვეულებების სკანდალი, ლიზ ტრასის დაანონსებული რეფორმების შედეგად ბრიტანულ ბაზარზე მომხდარი შოკი, 2019 წლის არჩევნებზე გაცემული შეურსრულებელი დაპირებები და რიში სუნაკის მიერ ჩატარებული წარუმატებელი საარჩევნო კამპანია განაპირობებს.
ოპოზიციის ლიდერი კიერ სტარმერი ბრიტანეთის ლეიბორსტული პარტიის ზომიერ, ცენტრისტულ ფრთას წარმოადგენს. ჯერემი კორბინის შემდეგ, პარტიის რადიკალური იმიჯის შესაცვლელად მან ყოფილი ლიდერი პოლიტიკური ძალიდან გარიცხა და პარტიაში ანტი-სემიტიზმის წინააღდეგ ბრძოლა დაიწყო.
სტარმერი უკრაინის აქტიური მხარდამჭერია და ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკის ცვლილებას არ უნდა ველოდოთ.
მისი ძირითადი დაპირებები ასეთია: ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემის გადატვირთულობის შემცირება და ყველა პაციენტის მაქსიმუმ 18 კვირაში ექიმამდე მისვლა, დღგ-ს დაწესება კერძო სკოლების საფასურზე, უკანონო მიგრანტების რუანდაში გაგზავნის სქემის გაუქმება, თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 2.5%-მდე გაზრდა, 6500 ახალი მასწავლებელი სკოლებში, 16 წლამდე ახალგაზრდებისთვის ენერგეტიკული სასმელების აკრძალვა და 1.5 მილიონი ახალი სახლის მშენებლობა.