ბელარუსის პრემიერი: სანქციების გამო $18 მილიარდის საექსპორტო საქონელი ბლოკირებულია

ბელარუსის პრემიერ-მინისტრმა რომან გოლოვჩენკომ განაცხადა, რომ ევროკავშირსა და აშშ-ის სანქციების გამო დაბლოკილი ექსპორტის მოცულობა წელიწადში დაახლოებით 16-18 მილიარდი დოლარია. ამის შესახებ მან Al Arabiya-სთან ინტერვიუში განაცხადა.

"სანქციების გამო ბელარუსის თითქმის მთელი ექსპორტი დაიბლოკა ევროკავშირის ქვეყნებში და ჩრდილოეთ ამერიკაში. მოცულობა დაახლოებით $16-18 მილიარდია წელიწადში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ დავკარგავთ ამ ექსპორტის მოცულობას და უნდა ვიპოვოთ სხვა ბაზრები, მათ შორის აზიური, აფრიკული, ახლო აღმოსავლეთი და არაბეთის ყურე", - განაცხადა გოლოვჩენკომ.

მან სანქციებს ჰიბრიდული აგრესიის იარაღი უწოდა. ისინი, ბელარუსის პრემიერის თქმით, ბოლო ეტაპია "კლასიკური შეიარაღებული აგრესიის" წინ.

გოლოვჩენკომ ასევე თქვა, რომ სანქციები "არყევს მსოფლიო ეკონომიკას" და არის "ძალიან საშიში ინსტრუმენტი, რომელიც ყოველგვარი წესების გარეშე გამოიყენება".

ამავდროულად, ის ამტკიცებს, რომ ბელარუსის ეკონომიკა სანქციების ქვეშ "თავს საკმაოდ თავდაჯერებულად გრძნობს" და ბელორუსის სამრეწველო საქონლის გაყიდვიდან მომგებიანობა 8-9%-ია, რაც "საკმარისია საკრედიტო ვალდებულებების შესასრულებლად და ხელფასების დროულად გადასახდელად".

ჩინოვნიკმა არ დაასახელა ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მიზეზები, მაგრამ განაცხადა, რომ მათი მიზანია "ქვეყანა დააჩოქონ, ეკონომიურად ჩაახშონ და ძალით მიაღწიონ გარკვეული მოთხოვნებისა თუ პირობების შესრულებას".

მსგავსი სიახლეები